ასეთ რობოტებს ადამიანის კონტროლი არ სჭირდებათ, ისინი თავადვე აკონტროლებენ, თუ როგორ იმოძრაონ და გადააადგილონ საგნები. ბუნებრივია, ამას წინასწარ განსაზღვრული მოძრაობათა სერიით ახერხებენ. და რა ხდება შეცდომის შემთხვევაში? რობოტი საწყის წერტილს უბრუნდება და ახალ მარშრუტს ადგენს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი გადაწყვიტეს, რომ რობოტს უფრო ადამიანის მსგავსი შეხების უნარი ჰქონოდა, ამიტომ მრავალი რეფლექსით აღჭურვეს იგი და საშუალება მისცეს, რაც შეიძლება კარგად მოეკიდა „ხელი“ კონკრეტული ნივთისთვის. როგორც ამბობენ, პროცესი, რომლითაც რობოტი მუშაობს, ძალიან ჰგავს პულტის ძიებას — ამ დროს საერთოდ არ ვფიქრობთ და უბრალოდ ვაგრძელებთ ძებნას…
თუ მკვლევრებს დავეყრდნობით, ეს პირველი დიზაინია, რომელიც რობოტების დაგეგმვის არქიტექტურას რეფლექსებს ამატებს. მართალია, შთამბეჭდავი გაჯეტი ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ ჯგუფი მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი რეფლექსის დამატებას აპირებს…
„გარემოში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ, რაღაც ყოველთვის მოულოდნელად ხდება. ვიმედოვნებთ, რომ რეფლექსების მქონე რობოტს ამდაგვარ არამდგარდობასთან ადაპტირება და მუშაობა შეეძლება“, — აცხადებს ენდრიუ სალოტუსი, მკვლევარი.
იმისათვის, რომ ეჩვენებინათ, როგორი რეფლექსები ჰქონდა რობოტს, მას არეული თაროს დალაგება დაავალეს. მიზანი იმის დადგენა იყო, რამდენად შეძლებდა მოწყობილობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის აღებას, იქნებოდა ეს თასი, ჭიქა, ქილა, ვაშლი თუ ყავის კაფსულები.
ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმის ნახვა, თუ როგორ მოახერხა რობოტმა თითოეული ობიექტის უნიკალურ ფორმაზე მორგება, მათი წარმატებით აღება და განთავსება, უკან დახევისა და ყველაფრის ნულიდან დაწყების გარეშე. მეტიც, როცა ჭიქის პოზიცია შეიცვალა, რობოტმა, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია ობიექტის ახალ ლოკაციაზე, შეძლო მოთხოვნის შესაბამისად მოერგო პოზიცია…