in

აზროვნება დინამიკაში! – ასე შეიქმნა კომპანია „რეფორმას“ ბრენდინგი

სამშენებლო მენეჯმენტში სიახლეა. კომპანია „ენსისი“, რომელიც გასული ოცი წლის განმავლობაში ასობით სამშენებლო პროექტს ხელმძღვანელობდა თბილისსა და რეგიონებში, ბაზარს ახალი სახელწოდებითა და განახლებული ვიზუალური ბრენდინგით წარუდგა. მისი სახელია „რეფორმა“. დღესდღეობით, ის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. განახლებული ბრენდისთვის შეიქმნა დინამიკური ვიდეორგოლი, რომელიც მის ხასიათზე მოგითხრობთ.

„რეფორმას“ რებრენდინგის ფარგლებში, სრულიად ახლებურად დაინახეს მისი როლი და ხასიათი. ბრენდი, რომელიც მომავლითაა შთაგონებული, დინამიკურ ხასიათს ატარებს. გზავნილიც შესაბამისია – Powered by Tomorrow (მომავლის შთაგონებით) და Dynamic Thinking (აზროვნება დინამიკაში). განახლებული კონცეფცია ადამიანების ბედნიერებაზეა ორიენტირებული. რებრენდინგსა და კამპანიაზე სააგენტო ვიკომმა და სტუდია მეტროგრადმა იმუშავეს. დეტალებზეც სწორედ მათ გვიამბეს.

M: რამ განაპირობა ცვლილებების საჭიროება და რა შეიცვალა რებრენდინგის ფარგლებში?

ნინჩო ნემსაძე, შემოქმედებითი ხელმძღვანელი, კომპანია ვიკომი: 2009 წლიდან დღემდე, „რეფორმას“ გუნდს 200-მდე სამშენებლო პროექტი აქვს განხორციელებული თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მრავალწლიანმა გამოცდილებამ, კომპანიაში ეტაპობრივად ჩამოაყალიბა მდგრადი კორპორაციული კულტურა, საქმიანობა სტანდარტიზებული, ბიზნეს პროცესების მართვა კი – უკეთ ორგანიზებული გახდა. ამ ეტაპზე, „რეფორმა“ გარდაიქმნა მენეჯმენტ კომპანიად, რომელმაც რამდენიმე მიმართულების სხვადასხვა კომპანია (Reroute, Renovate, Rezort, Rental) ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა და ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში მართავს ამბიციურ და რთულ პროექტებს, რომლითაც ახალ რეალობას და განსხვავებულ გარემოს ქმნის.

M: რა იყო კომპანიის დავალება და როგორ მოუძებნეთ გადაწყვეტა ბრიფს?

ბრენდის სტრატეგიის მიხედვით, ამოცანად დავისახეთ, რომ ყოველი საკომუნიკაციო
პროდუქტი უნდა გადმოსცემდეს კომპანიის ახალ სულისკვეთებას. „რეფორმა“
ხვალინდელი დღის შთაგონებით, დღეს ქმნის მომავლის ინფრასტრუქტურას, რომელიც
არსებითად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ადამიანებისთვის მოაქვს ყველაზე
მთავარი – ბედნიერება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ წამოვწიეთ მთავარი იდეა – სწრაფად ცვალებად
სამყაროში საჭიროა დინამიკური აზროვნება. შევეცადეთ სიმბოლური ალეგორიებით გვეჩვენებინა აზროვნების ქვაკუთხედი და გარდამტეხი მოვლენები, რომლებმაც ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა. სწორედ ამ ლოგიკურ ხაზში ჩავსვით თავად სახელწოდება „რეფორმაც“, რომელიც ამ იდეით არის შთაგონებული.



M: ვიდეორგოლის მომზადების პროცესზეც ვისაუბროთ. გვიამბეთ გუნდზე, რომელმაც კამპანიაზე იმუშავა.

გიგი კვანტალიანი, გრაფიკული სტუდია „მეტროგრაფის“ ხელმძღვანელი: ჩვენთან მოვიდა სრულყოფილი კონცეფცია, რომელიც რგოლის იდეასაც მოიცავდა. „რეფორმას“ ბრიფი სავსე იყოს შთაგონებით, რაც შემოქმედებითი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. მთავარ ამოცანად დავისახეთ, სცენარი მაღალი ხარისხის გრაფიკულ რგოლად გვექცია და არ დაგვეკარგა ის უნიკალური ხასიათი და ენერგეტიკა, რომელსაც ბრენდი ატარებს.

ბრენდის წარმდგენი ვიდეო, როგორც ტექნიკური შესრულებით, ასევე მხატვრული
თვალსაზრისით ეფექტური უნდა ყოფილიყო. მოგვეცა თავისუფლება, გვეფიქრა
გადმოცემის ფორმებზე, სტილსა და დინამიკაზე. ეს იყო ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი
გამორჩეული პროექტი, რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავეთ.

პროექტზე გამოყენებული იყო კომპიუტერული გრაფიკის თითქმის ყველა ელემენტი
დაწყებული 2D ანიმაციიდან დამთავრებული 3D ვიზუალიზაციამდე, და რაც ყველაზე
მთავარია, მეტროგრაფის გუნდი სრული შემადგენლობით იყო ჩართული რგოლის დამზადების პროცესში: არტ დირექტორი თახო მაღრაძე, სუპერვაიზერი ირაკლი გაბუნია, კამერების ანიმაცია ლევან ქუთათელაძე, 3D მოდელირება დავით იაშვილი, დიზაინერი ლიკა გურგენიშვილი, რენდერი და ანიმაცია ირაკლი ყურაშვილი, კოორდინატორი ირაკლი ჯანდიერი, სწორედ ამ გუნდით შეიქმნა რეფორმას რგოლი. როდესაც დამკვეთმა (ამ შემთხვევაში, რეფორმასა და ვიკომს ერთად ვგულისხმობ) ზუსტად იცის, რის მიღება სურს, მკაფიოა მისი მიზნები და დავალებები, პროცესი საათივით არის აწყობილი და შედეგად, იღებ პროდუქტს, რომელიც მოსწონს, როგორც შემოქმედებით გუნდს, ასევე – დამკვეთს. ახლა, მთავარია, ჩვენი სათქმელი აუდიტორიამაც ისე მიიღოს, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

M: რა მოლოდინი გაქვთ, როგორ აისახება რებრენდინგი კომპანიის იმიჯზე, მის სამომავლო გეგმებსა თუ მომხმარებლის კომფორტზე?

ნინჩო ნემსაძე: მხოლოდ რებრენდინგი არ არის საკმარისი იმიჯის მშენებლობასა და განმტკიცებაში. ახლა, რეფორმა ყველაზე საინტერესო ეტაპს იწყებს – ახალ სასიცოცხლო ციკლს, განახლებული ენერგიითა და სულისკვეთებით. ვფიქრობთ, რეფორმამ, პირველ რიგში, თავის თავში განიცადა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც მისი ბრენდის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა. ახლა, ეს ემოცია ითარგმნება მის სამუშაო პროცესებსა და პროექტებში, რაც თავისთავად, აისახება სხვა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვუსურვებთ რეფორმას წარმატებულ საქმიანობას და იმ შედეგებზე გასვლას, რაც მის გეგმებში მკაფიოდ იკითხება.

 

[R]

Profy – შენი საყოფაცხოვრებო საჭიროებების მოსაწესრიგებლად

საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა მოწყენილობისგან გვიცავს