in

რეგიონებით შთაგონებული საქართველოს ბანკის ბარათების დიზაინი

საქართველოს ბანკი თავისი პროდუქტების ვიზუალურ მხარეზე ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს, რაც მისი ბარათების დიზაინშიც იკვეთება. BOG-მა ბარათებისთვის საქართველოს რეგიონებით შთაგონებული ვიზუალები შეიმუშავა, რომლებიც განსაკუთრებული მოგონებებით, ამბებით და განწყობით გამოირჩევა.

აღნიშნული ბარათების დიზაინზე კი სტუდია JWT Metro-მ იმუშავა.

„ბრენდის სახელიდან გამომდინარე ჩვენ მთელი საქართველოს ბანკი ვართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ყველა რეგიონის გაერთიანება ამ პროექტში“, — აღნიშნავს ენუკი კვინტრაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.

M: საქართველოს ბანკის ბარათების დიზაინი დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. საინტერესოა, როგორ მიხვედით კონცეფციამდე, რომ მათი ვიზუალი საქართველოს რეგიონებით უნდა ყოფილიყო შთაგონებული?

ენუკი კვინტრაძე: ბარათების სიმრავლე და მრავალფეროვნება იყო სწორედ ის მიზეზი, რატომაც  გაგვიჩნდა სურვილი, ყველა ბარათი ერთი კონცეფციის ქვეშ გაგვეერთიანებინა და ამ მრავალფეროვნებაში რაღაც საერთოც აღმოგვეჩინა. როდესაც ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი, ამ იდეამდე სწორედ ჩვენი ბანკის სახელმა მიგვიყვანა  და ასე დაიბადა იდეა —  ბარათებზე საქართველოს ფერები გამოგვეხატა.

M: თქვენი შეფასებით, საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება მოჰყვება ზოგადად ქართული თემატიკის გამოყენებას?

ენუკი კვინტრაძე: საქართველოში, ვფიქრობ, რომ ნამდვილად წარმატებულია რეგიონების თემატიკის წინ წამოწევა, რადგან ხალხს ეამაყება საკუთარი  კუთხე და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ რაიმე გზით  გამოხატონ, თუ რომელი რეგიონის წარმომადგენლები არიან, ნამდვილად არ უშვებენ ამ შანსს ხელიდან. ჩვენს საზოგადოებას ზოგადად მოსწონს ქართული თემატიკის წინ წამოწევა, ჩვენი ბუნებისა და პეიზაჟების სურათებიც ყოველთვის ყველას დიდ მოწონებას იმსახურებს. შესაბამისად, საქართველოს ყველა რეგიონის ბარათებზე გამოჩენაც პოზიტიურად შეფასდა.

 M: როგორც სააგენტო კონკრეტულად რა დეტალებსა და ნიუანსებს იყენებთ იმისთვის, რომ რეგიონის სახე სრულად წარმოაჩინოთ?

ნუცა ტოგონიძე, JWT Metro-ს უფროსი არტ-დირექტორი: ასობით ფოტოდან ამოვარჩიეთ ისეთი უნიკალური ლანდშაფტის ფოტოები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თითოეული რეგიონის ფერებს. ფოტოების მიხედვით შევქმენით გარდამავალ ფერთა დიზაინები და შევუსაბამეთ ბარათებს მათი ტიპების და ხასიათის მიხედვით — Gold ტიპის ბარათზე ოქროსფერი გრადაციაა, Silver-ზე მოვერცხსლიფრო, სტუდენტური და სქულ ქარდები ფერადია და ა. შ. შესაბამისად, ფოტოების ამორჩევისას მნიშვნელოვანი იყო სწორად შეგვერჩია აისის თუ დაისის ფერთა ხასიათი და შუქის/სიმუქის რაოდენობა.

M: რამდენად რთული იყო თავად ვიზუალების შემუშავების პროცესი? ერთი მხრივ, კრეატიული დიზაინის შემუშავება და მეორე მხრივ, ქართული თემატიკის სრულყოფილად წარმოჩენა…

გიო მაღრაძე JWT Metro-ს უფროსი არტ-დირექტორი: დიზაინების კეთებისას გასათვალისწინებელი იყო ბარათის ხასიათი და მისი მომავალი მომხმარებელი. ასევე, არ გვინდოდა ეს გრადაციები გამოსულიყო უბრალოდ გაბლარული ფოტოები. დიზაინის შემუშავებისას ისევ ბარათის ტიპის მიხედვით ვმსჯელობდით ფორმებზე და ფერთა განლაგებაზე. საქართველოს აისის/დაისის ფოტოები კი ამ პროექტის სული და გულია. ამიტომ, ბარათის შეფუთვა ფოტოს ჩასადებს ჰგავს, რომელიც სრულ ინფორმაციას გვაწვდის დიზაინზე.

ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს ბანკისა და JWT Metro-ს თქმით, ქართული თემატიკის დიზაინში გამოყენება ყოველთვის უნიკალურ ვიზუალს მოგვცემს. თანაც, ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის უფრო საამაყო იქნება.

პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Metaverse-ში ბანერი განათავსა

„რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ ახალ, ენერგიულ სეზონს იწყებს!