”კომპანიებმა წლიური ბიუჯეტიდან 10% რომ გამოყონ რეგიონული მედიისთვის, მათი გაყიდვები, დაახლოებით, 35% მაინც გაიზრდება”- ამბობს ”რეგიონ მედია მარკეტის” ხელმძღვანელი ლევან ალექსიშვილი.
ორგანიზაცია 13 რეგიონულ მედია საშუალებას აერთიანებს და ბიზნესის წარმომადგნლებს საერთო სარეკლამო პაკეტებს სთავაზობს.
ლევან ალექსიშვილი 24 დეკემბერს რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენაზე ბიზნესის წარმომადგენლებს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს გააცნობს:
დღესდღეობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება არ იციან, რა სარეკლამო შესაძლებლობები აქვს რეგიონულ მედიას.
ცენტრში ნაკლებად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელ რეგიონში რა მედია საშუალებებია, არა აქვთ მათთან კომუნიკაცია.
სწორედ ამიტომ არ ხდება მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისას რეგიონული მედიის გათვალისწინება. ჩვენი კომპანია სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობს და საკითხები, რომელზეც ვისაუბრებ შემდეგი მიმართულებისაა: რა ბაზარს წარმოადგენს რეგიონული მედია, ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწვდით ინფორმაციას მასთან კომუნიკაციის ხერხებზე, მარკეტინგული დაგეგმვის რა სისტემაა რეგიონულ მედიაში და როგორ უნდა გაიზომოს ეს კომუნიკაცია.
რა შესაძლებლობები და უპირატესობა აქვს ბიზნესისთვის რეგიონულ მედიაში რეკლამის განთავსებას?
ახლოს დგას რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან. კონკრეტულ სეგმენტთან მიდის მათი გზავნილი. ვინც რეგიონულ მედიაში განათავსა რეკლამა, დარჩა მის მომხმარებლად. მაგალითად: ”ლიბერთი ბანკი”, ”ნატახტარი”, ”მარნეულის სასურსათო ქარხანა” , ”ჯეოსელი”. მთავარია ბიზნესმა ამ რესურსის, რეგიონული მედიის, შესახებ გაიგოს.
რაც შეეხება მომსახურების ფასებს რეგიონულ მედიაში …
ფასები ძალიან დაბალია. კომპანიებმა წლიური ბიუჯეტიდან 10% რომ გამოყონ რეგიონული მედიისთვის, მათი გაყიდვები, დაახლოებით, 35% მაინც გაიზრდება. ასეთი შესაძლებლობების მიუხედავად, რეგიონულ მედიაში განთავსებული რეკლამის გაზომვა შეუძლებელია. ეს კი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.
მართალია, რეგიონულ მედიაში რეიტინგების დათვლის თანამედროვე სისტემა არ არსებობს. GRP-ის დათვლა რომ ვერ ხერხდება, სწორედ ამიტომ არის რეკლამის ღირებულება ასეთი დაბალი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არსებული სისტემებით ხელმისაწვდომი არ არის ეს მომსახურება. ე.წ. ფიფლ მეტრების განლაგების სისტემა გათვლილი არ არის რეგიონებში რეიტინგების დათვლაზე. გარკვეული სურათის შესაქმნელად ვეყრდნობით სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების კვლევებს.
გარდა ამისა, ალტერნატიულ შესაძლებლობებს ვიყენებთ. ამასთან რეგიონულ მედიას ჰყავს უნიკალური კონეტნტი, ესაუბრები იქაურ მოსახლეობას, აქვთ ლოკალური საინფორმაციო გამოშვება და თოქ-შოუები, ასევე ინტერაქტიული გადაცემები. ასეთი შესაძლებლობა არ აქვს ცენტრალური ტელევიზიით გაკეთებულ რეკლამას. თუ მინდა, რომ პროდუქტი რომელიმე რეგიონში გავყიდო, ვიგებთ თუ რა კონკრეტული სეგმენტი ან ტერიტორიული ერთეული აინტერესებს ბიზნესს. ამის შემდეგ კონკრეტულ შეთავაზებებს ვუკეთებთ, რომელიც მათ მოთხოვნებზეა მორგებული.
თუმცა, რეგიონული მედიის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა რომელიმე კონკრეტული ტელევიზია, რადიო ან გამოცემა, სრულად არ ფარავდეს რეგიონს…
რამდენიმე არხს უკვე აქვს მაუწყებლობა ინტერნეტში, Myvideo-ს ან სხვადასხვა ოპერატორების საშუალებით და დათვლა ხორციელდება განთავსებული რეკლამების მიხედვით, რა დროს, რომელ არხზე რა რეკლამა გავიდა. სხვადასხვა არხებზე საკუთარი ”სტრიმების” საშუალებით ნელ-ნელა ეს პრობლემაც გვარდება.
თუმცა, ის, რომ არ ხდება GRP-ის დათვლა, ართულებს თანამშრობლობის დაწყებას რეგიონულ მედიაში, მით უმეტეს ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც უცხოელი პარტნიორები ჰყავთ ან თავად წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ საკითხის გარდა, კომუნიკაციის, დაგეგმვის, განთავსების, მონიტორინგის საკითხები მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. განსაკუთრებით, იმ მედიასაშუალებებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენი კომპანია აერთიანებს.
ამბობთ, რომ შესაძლებელია მონიტორინგი, რა საშუალებებით ხორციელდება ეს პროცესი?
გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომელ მედიასაშუალებას უყურებს, უსმენს ან კითხულობს ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა. ეს ინფორმაცია გამოცდილებისა და შიდა დაკვირვებების შედეგად გვაქვს. რეგიონებში ქვეყნის მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს და ამ სეგმენტის სწორად ათვისება ბიზნესს დიდ წარმატებას მოუტანს, როცა 2015 წლიდან მედია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, GRP-ის საკითხიც მოგვარდება.
ტექნიკურად შეძლებენ რეგიონული მედიასაშუალებები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას და მაუწყებლობის გაგრძელებას?
ნახევარზე მეტს ექნება შესაძლებლობა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. შესაძლოა, თითო რეგიონში საერთო ”მულტი ფლექსი” გაკეთდეს, ან ნაციონალური მაუწყებლები თუ გააკეთებენ, მათ გადავუხადოთ გარკვეული თანხა. თუმცა, აქ მეორე საკითხია, რამდენად შეძლებს რეგიონის მოსახლეობა მიიღოს ციფრული სიგნალი. ხშირად მათი ტექნიკა არ არის შესაბამისი, აქვთ ძველი, ხანდახან, შავ-თეთრი ტელევიზორებიც. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მაუწყებლების უმეტესობა, მზად ვართ ამ ვალდებულების შესასრულებლად.