კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებმა, რომ კომპენსაცია მიიღონ, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. მათ პროცედურა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღეიდან, 1-ლი ივლისის ჩათვლით უნდა გაიარონ. პორტალზე რეგისტრაციის გავლის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს აქვთ და არ ეხებათ დაქირავებით დასაქმებულებს.
„თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან, 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. ამ ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, მეწარმე ფიზიკურ პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე. მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ნომერი); საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში, უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ნომერი); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ასევე, ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას – შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი); 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი და სხვ. განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.
კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ელ. რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.