24 დეკემბერს რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა მოეწყობა. ტელევიზიების, ბეჭდური გამოცემებისა თუ რადიოების წარმომადგელნებს საშუალება ექნებათ ბიზნეს სექტორს საკუთარი სარეკლამო შეთავაზებები წარუდგინონ. ღონისძიებაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. „რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2013“ რიგით მეორეა. პროექტმა სტარტი 2012 წელს აიღო. ორგანიზატორები კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა და ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ არიან.
კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასან ურთიერთობის დირექტორი ელენე ჯღარკავა ამბობს, რომ ღონისძიების პირველ ნაწილში მომხსენებლები რეგიონული მედიისა და მათი აქტივობების შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. შემდეგ დაიწყება უშუალოდ გამოფენა და მონაწილე რეგიონული მედიის წარმომადგენლები თავად გააცნობენ მისულ სტუმრებს პროდუქტებს. ღონისძიების დასასრულს იქნება არაოფიციალური მიღება, სადაც უკვე პირადი საუბრების და კონტაქტების დამყარების საშუალება ექნებათ მედიისა და მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
”მონაწილის სტატუსით ღონისძიებაზე დასწრება რეგიონული მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია. საშუალება აქვთ თავიანთი სარეკლამო წინადადებები, გამოცემები წარადგინონ. როგორც ვიცით, რამდენიმე მონაწილეს მომზადებული აქვს გარკვეული სიახლეები და სიურპრიზები გამოფენაზე მოსული სტუმრებისთვის”.
ელენე ჯღარკავა ამბობს, რომ ბიზნესისა თუ სხვა სექტორის წარმომდგენელს, რომელსაც სურს საკომუნიკაციო არხად გამოიყენოს რეგიონული მედია, საშუალება აქვს დაესწროს ღონისძიებას და მიიღოს კონკრეტული შეთავაზებები.
”პროექტი, „რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2013“, მიზნად ისახავს რეგიონული მედიისა და ერთის მხრივ ბიზნეს სექტორის, მეორეს მხრივ კი მედია სააგენტოების დაახლოებას და ამისთვის ერთდღიანი გამოფენის მოწყობას, სადაც მედიას შეეძლება საკუთარი სარეკლამო შეთავაზებების მაღალ დონეზე წარდგენა, ბიზნესის წარმომადგენლებს და მედია სააგენტოებს კი საშუალება ექნებათ ერთიანად გაიცნონ საქართველოში მოქმედი მედია საშუალებები, შეიქმნან მათზე შთაბეჭდილება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სასარგებლო სარეკლამო შეთავაზებების შესახებ”
”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი ხატია ჯინჯიხაძის თქმით, სარეკლამო გამოფენის მიზანია რეგიონული მედიის დაახლოება ბიზნესთან. ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია დიდი ხანია რეგიონულ მედიასთან მუშაობს და კარგად იცნობს პრობლემებს. მისი თქმით, რეგიონებში არის ჟურნალისტური რესურსი, მოტივაცია და ენერგია.
ხატია ჯინჯიხაძეს მიაჩნია, რომ დიგიტალიზაციის ეპოქაში რეგიონული მედია გავრცელების დამატებით არხებსა და მეტ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით, მცირე რეგიონული საშუალებებისათვის უფრო რთულია ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, ვიდრე მსხვილი მედიასაშუალებებისათვის დედაქალაქში. ამბობს, რომ შარშანდელი გამოფენა იყო პირველი მცდელობა, ბიზნეს კომპანიებისათვის ”უცნობი” მედია წარედგინათ.
”პირველი მცდელობისთვის ნამდვილად არ იყო ცუდი. რაც მთავარია, კონტაქტი რეგიონულ მედიასა და ბიზნესს შორის შედგა. თუმცა, მაშინვე შევთანხმდით, რომ ბევრი რამ იყო დასახვეწი როგორც სარეკლამო შეთავაზებების, ასევე ღონისძიების ორგანიზაციის თვალსაზრისით.2013 წ. სარეკლამო გამოფენისაგან კიდევ უფრო მეტს მოველით. იმედი გვაქვს, რომ მედია უკეთ შეძლებს ბიზნესის ენაზე ლაპარაკს და რეკლამის დამკვეთებიც დაფიქრდებიან მათ წინადადებებზე. გულწრფელად გვჯერა, რომ ეს გამოფენა არა მხოლოდ მედიას დაეხმარება, არამედ სასარგებლო იქნება ბიზნეს კომპანიებისთვისა და სარეკლამო სააგენტოებისთვის, რადგან რეგიონული მედია ეს არის თავისუფალი ნიშა იაფი და ეფექტური რეკლამისათვის”.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2013 გაიმართება 24 დეკმბერს, 17:00 საათზე, საგამოფენო დარბაზ “ექსპო-ჯორჯიაში”.
დასწრება თავისუფალია