ცოტა ხნის წინ, ქართულ YouTube სამყაროს კიდევ ერთი ვლოგი შეემატა. „რეჰანი“ და მისი შემქმნელები, ანა კოშაძე და ლაშა ჩაგელიშვილი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობენ და საკუთარი კულინარიული გამოცდილების შესახებ უყვებიან მაყურებელს. „რეჰანი“ მათთვის ცხოვრების ჩვეული სტილია – დაგეგმილი მოგზაურობა ყოველ შაბათ-კვირას, დასვენება და გასტრონომიული თავგადასავლები. საქმეში მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილებაც ეხმარებათ. YouTube მათთვის, შთაბეჭდილებების გარდა, საინტერესო მარკეტინგული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მარკეტინგული აქტივობების აქტიურ წარმოებასა არაერთი სხვა პროექტის შექმნას გეგმავენ.
M: როგორია ის შთაბეჭდილებები, რასაც მაყურებელს „რეჰანი“ უზიარებს?
ლაშა: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც იმას აკეთებ, რაც მოგწონს. ჩვენი YouTube არხის თემაც ჩვენი ცხოვრების სტილს დავუკავშირეთ. სულ მქონდა YouTube პროექტის ინტერესი. იმას, რასაც „რეჰანზე“ ხედავთ, ისედაც ვაკეთებდით – ყოველ შაბათ-კვირას ვგეგმავდით, სად წავსულიყავით ქალაქგარეთ და სად გვეჭამა გემრიელად.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეკავშირებინა ის ყველაფერი, რაც ასე გვიყვარს – მოგზაურობა, გასტრონომია და ჩვენი პროფესიები. ანას ტელევიზიიდან ბევრი იცნობთ, მე კი ფროდაქშენის მიმართულებით მაქვს გამოცდილება და რეჟისორობასა და მემონტაჟეობასაც ვითავსებ.
ანა: ვლოგზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ, თუმცა პლატფორმაზე მხოლოდ ორიოდე თვეა გამოვჩნდით. „რეჰანის“ მთავარი მიზანია საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა და ჩვენი შთაბეჭდილებების მაყურებლისთვის გაზიარება. ამ პერიოდში უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანით, ვინც სამსახურს თავი დაანება, ქალაქიდან სოფლად გადავიდა და იქ საინტერესო გარემო შექმნა.
საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. საოცარი ემოციაა ერთსა და იმავე ადგილას სხვადასხვა სეზონზე ჩასვლაც. მოგვწონს ყველაფერი ავთენტური, ის, რაც ხშირად ტურისტების ყურადღების მიღმა რჩება. იქ მცხოვრები ადამიანები სიამოვნებენ გვაცნობენ კულინარიასა და გასტრონომიას, ღვინის კულტურას, მუზეუმებს და ა.შ. დავინახეთ ის პერსპექტივა, რაც აუცილებლად სჭირდება ადგილობრივ სტუმარმასპინძლობას განვითარებისთვის. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით.
M: როგორ პოულობთ ადგილებსა თუ ადამიანებს, სადაც გსურთ ჩასვლა?
ანა: ხან ჩვენ თვითონ ვეძებთ, ხან მეგობრები გვირჩევენ. მთავარი კრიტერიუმია, რომ გემრიელად შეგვეძლოს ჭამა, შემდეგ კი ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ. მიგვაჩნია, რომ მას შემდეგაც კი, რაც არხი კომერციულ დატვირთვას შეიძენს, მაინც შევინარჩუნებთ ამ ნაწილს, რომ მხოლოდ იქ მივიდეთ, სადაც მართლა გვაინტერესებს და მხოლოდ ის შევაქოთ, რაც მართლა მოგვეწონება. „რეჰანი“ ჩვენი აღმოჩენებისა და ემოციების გაზიარების სივრცეა და არა კრიტიკის.
ლაშა: ხშირად, როდესაც სადმე ჩავდივართ, ადგილობრივები თავად გვირჩევენ ხოლმე, ვის ვესტუმროთ შემოგარენში. ასე მივაგენით არაერთ საინტერესო ადამიანს, მაგალითად, ასურეთში ერთ ქალს საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი სოსისის საწარმო, წყალტუბოში, ოტია იოსელიანის შვილიშვილმა, თავადაც ოტიამ, ლუდის ხარშვის პროცესი გვაჩვენა და მეზობლად, იონას კაფეში სტუმრობა გვირჩია, სადაც 50-იანების სტილში მოწყობილი გარემო დაგვხვდა. ან კიდევ ქუთაისი, სადაც ინდოელმა ბიჭმა საკუთარ რესტორანში მიგვიპატიჟა.
M: რით განსხვავდება სატელევიზიო და YouTube ფორმატი ერთმანეთისგან?
ლაშა: განსხვავება დიდია. თუ ტელევიზია მეტად „დავარცხნილი“, ფორმალური და თავშეკავებულია, YouTube-ზე მაყურებელი გულწრფელობას, სილაღესა და თავისუფალ მოქმედებას ელოდება შენგან. ესაა უშუალო ურთიერთობა მაყურებელთან და ოდნავ სიყალბესაც კი თუ შეგამჩნევენ, აუცილებლად დაკარგავთ. არხი ჯერ საკმაოდ ახალია, ყოველდღიურად ვცდილობთ დავიხვეწოთ, დანარჩენი, მაყურებელმა უნდა შეგვაფასოს.
ანა: YouTube-ზე ნაკლებად გაქვს გაწერილი და დადგმული სცენარი. მიჰყვები სინამდვილეს. მეორე დუბლის ჩაწერა თითქმის არ გვიწევს. ისიც მოგვწონს, ჩვენს შეცდომას და მისი გამოსწორების დინამიკას რომ ადევნებს თვალს მაყურებელი.
M: სახელწოდება „რეჰანი“ როგორ შეარჩიეთ?
ანა: ბევრი ვიფიქრეთ. არ გვინდოდა სწორხაზოვნად წავსულიყავით და ვლოგისთვის „სახელი და გვარი“ მიგვენიჭებინა. თანაც, რეჰანი ერთ-ერთი დაუფასებელი მცენარეული კულტურაა, რომელიც ძალიან გვიყვარს.
M: როგორია „რეჰანის“ კომერციული პერსპექტივა?
ლაშა: YouTube-ს ქართულ ბაზარზე ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა კომპანიებს ჯერ კიდევ უჭირთ ამ სეგმენტის სერიოზულად აღქმა, მაგრამ ჩვენ იმ ეტაპზე დავიწყეთ პროექტი, როდესაც ვიღაცებს ეს გზა უკვე გაკვალული ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, დიდ კომპანიებს, რომლებთანაც აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, უკვე აქვთ გარკვეული მზაობა. მთავარია, საინტერესოდ წარმოაჩინო კომპანია და ისეთი კონტენტი შეარჩიო, რომელიც გაყიდვადიც იქნება და თან ბუნებრივი. შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ რესტორანი, სადაც მივდივართ, ჩვენ თანხას გვიხდის – ასეთი პირობით არსად არ მივდივართ. გარკვეულწილად, თვითცენზურა გვაქვს ამ კუთხით. ობიექტებთან კომერციულ თანამშრომლობას განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისედაც მივიდოდით მათთან.
ანა: მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავადაც უნდა მოგწონდეს, რასაც ქმნი. ძალად გაკეთებულ რეკლამას ყოველთვის ეტყობა, რაც უნდა ბუნებრივად წარმოჩენას ეცადო. კიდევ ერთი რამ, რაც YouTube-ს კომერციულად მიმზიდველს ხდის დამკვეთებისთვის, არის ანალიტიკის შესაძლებლობა – ზუსტად ნახულობ, როგორია ROI, რა სეგმენტს ესაუბრები, როგორია მათი გეოგრაფიული განაწილება, ყურების დრო და ა.შ.
M: ვინ არის თქვენი აუდიტორია?
ანა: ჩვენი მაყურებლების 75% 25-45 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. 60% თბილისიდან გვიყურებს, რეიტინგში მომდევნო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნიუ-იორკია და შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანა – ესპანეთი, პორტუგალია, იტალია…
M: რას ნიშნავს ეს საქმე თქვენთვის?
ლაშა: ბევრ პროექტზე მიმუშავია, თუმცა პირველად მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ჩემია, ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ყოველდღიურად წყალს ვუსხამ, ვზრდი და ვანვითარებ. YouTube-ზე ძალიან ჯანსაღი აუდიტორიაა, გგულშემატკივრობენ და მოსაზრებებს გიზიარებენ.
კომპანიებისგანაც მოდის უკუკავშირი, რომ ხარისხიან კონტენტს ვქმნით. ეს იყო კიდეც ჩვენი მიზანი, თუმცა ზოგჯერ მაინც მიპყრობს განცდა, ხომ არ შევამცირეთ ხარისხი, ხომ ისევ კარგად ვაკეთებთ? ყოველ ჯერზე, ვცდილობთ უკეთ გამოგვივიდეს.
საინტერესოა ისიც, რომ YouTube-ზე არ არსებობს კონკურენცია – ყველა პროექტი ერთმანეთს ზრდის. ერთის კონტენტს მეორესთანაც მიჰყავს აუდიტორია. მეგობრული და საინტერესო პლატფორმაა.
ანა: ჯერ მხოლოდ სამი თვეა დავიწყეთ და ვიდეოს დადებიდან ყოველ საათში ერთხელ ვამოწმებ, ვნახულობ, რამდენი ნახვა აქვს, როგორია რეაქციები, შეფასება და ა.შ. ეს საქმე შვილივით მიყვარს.
ამ თემის გარშემო ძალიან ბევრ მასალას ვეცნობით და YouTuber-ებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ უნდა მოუსმინო შენს მაყურებელს, რადგან თვითონ გკარნახობს, რა მოსწონს და რა – არა. ჯერჯერობით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი შენიშვნა ლოგიკას მოკლებული ყოფილიყო. ამიტომ, თქვენი სტატიის საშუალებითაც, მაყურებელს ვთხოვთ – აუცილებლად მოგვწერეთ თქვენი აზრი.
M: თქვენი გამოცდილებით, რა არის საჭირო YouTube ვლოგის დასაწყებად?
ანა: პროფესიული გამოცდილება ძალიან გამოგვადგა ხარისხიანი კონტენტის შექმნაში. დანაზოგის დახმარებით, თავი მოვუყარეთ საჭირო ტექნიკას, რაც ფროდაქშენისთვის გვესაჭიროებოდა. თუმცა, მთავარი მაინც არის იდეა, თუ რისი შექმნა გსურს და როგორ გინდა მიაწოდო ის მაყურებელს.
M: ლაშამ ახსენა, რომ YouTube პროექტების ინტერესი გაქვთ. როგორ ხედავთ ამ კუთხით განვითარებას?
ლაშა: YouTube-ზე ახალი საინტერესო არხების საჭიროება სულ არის. ეს გახლავთ სეგმენტი, რომელიც კარგ პროექტებს აფასებს. ამჟამად, „რეჰანის“ შვილობილ არხს ვამზადებთ, გასტრონომიის მიმართულებით და თებერვლიდან ჩავუშვებთ. ეტაპობრივად, გვინდა, დავხვეწოთ ხარისხი და ბევრი სხვადასხვა ქართული პროექტი შევქმნათ YouTube-ზე.
ყველა მარკეტერს მოვუწოდებდი, შემოვიდეს YouTube-ის სეგმენტში, რადგან ისეთი ორგანულ რეკლამას ვერსად მიიღებენ, როგორც აქ.
ანა: ჩემი აზრით, ქართულ YouTube-ს ძალიან სჭირდება ნიშური კონტენტი. ხშირია ყველასთან ყველა ტიპის თემაზე საუბარი და ნაკლებად გვხვდება კონკრეტული მიმართულების არხები. „რეჰანის“ გაზრდასთან ერთად, გვინდა ამ კუთხითაც განვვითარდეთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი