in

რა ღირს და ღირს თუ არა ბეჭდურ მედიაში რეკლამის განთავსება?!

ქართულ ჟურნალებში რეკლამის განთავსების ფასი 360 ლარიდან იწყება და არის შემთხვევები, როცა 2 500 დოლარსაც აღწევს. ამ გამოცემების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათთან განთავსებული რეკლამა პირდაპირ მიდის სამიზნე აუდიტორიამდე.

თუმცა, არსებობს პრობლემებიც, მათ შორის დისტრიბუციის საკითხი, მოუწესრიგებელი, ხშირად თვითრეგულირებული ბაზარი, ბეჭდური მედიის სოციალურით ჩანაცვლება და სხვა. განსხვავებულია მათი გავრცელების არეალი, სეგმენტი, ტირაჟი და რეკლამის ფასები.

სარკეჟურნალი ”სარკე” 1997 წლიდან გამოდის. ყოველკვირეული გამოცემის რეკლამის მენეჯერი მამუკა ბარბაქაძე ამბობს, რომ ”მცოცავი ტირაჟი” აქვთ. ”დაახლოებით, 55-60 ათასიანი ტირაჟი გვაქვს, მაგრამ მუდმივად ასე არ არის.

შესაძლოა ხან მეტი იყოს, ხან ნაკლები. იყო პერიოდი 95 ათასიც იყო. დღეს ასე აღარ არის, პრინციპში, შოუ ბიზნესზეა დამოკიდებული. როცა ბევრი სენსაცია ხდება, ტირაჟიც მეტია”.

”სარკეში”, რომელიც უფრო საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი, სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი, ინტერვიუ, სტატია, გამოცემას დატანებული ბროშურა ან ბუკლეტი, “მშრალი” (მხოლოდ ფოტო) რეკლამა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვეულებრივ შიდა გვერდის ღირებულება 720, ნახევარი გვერდის–360 ლარია. რაც შეეხება შუა, პრიალა გვერდებს, ერთი გვერდი 1060, ნახევარი კი–530 ლარია.

”ჩვენთან რეკლამის განთავსება, ვთვლით, რომ მომგებიანია. თუ ყოველ ნომერში დამკვეთების რაოდენობას დააკვირდებით, ნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი რეკლამაა ჩვენთან, ეფექტური რომ არ იყოს, ასე არ იქნებოდა. ”სარკე” რეგიონებშიც ვრცელდება. შესაბამისად დიდი აუდიტორია ჰყავს”.

მამუკა ბარბაქაძე ამბობს, რომ ბეჭდური გამოცემის წარმატება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის პირდაპირ პროპორციულია. მისი თქმით, ჟურნალის გაყიდვის პრობლემა მხოლოდ მაშინ არ იქნება, თუ მოქალაქეები ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნებიან.

ტაბულა1ჟურნალ ”ტაბულასთვის” (გამოდის 2010 წლიდან) კი მთავარი პრობლემა დისტრიბუციაა. მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსი ლევან ლეკიაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია აქვთ, ხშირად მათი ჟურნალი, კონკურენტთან შედარებით, უკანა ფონზეც დევს და ამაზე პასუხს ვერავისგან იღებენ.

”ახლა სწორედ ამ პრობლემაზე ვმუშაობთ. რაც ეხება ჩვენს ტირაჟს, ქართული გამოცემა, რომელიც იყიდება 5 000, ინგლისური კი ( მხოლოდ რიგდება) 3 000 ცალი გამოდის. ჩვენთან შესაძლებელია განთავსდეს, ნებისმიერი სახის რეკლამა. ყდის შიდა გვერდები კი 550-დან 650 დოლარამდე ღირს, ჟურნალის დანარჩენი გვერდები 300- დან 450 დოლარამდე” – ამბობს ლევან ლეკიაშვილი.

”ტაბულაში” თვლიან, რომ რეკლამა მათი გამოცემის საშუალებით, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი, სამიზნე აუდიტორიამდე პირდაპირ მიდის.

ego-mag1ხარისხსა და სამიზნე აუდიტორიამდე პირდაპირ მისულ რეკლამას მიიჩნევენ საკუთარ უპირატესობად ჟურნალ “EGO MAG”-ის (გამოდის 2011 წლიდან) წარმომადგენლებიც.

ამბობენ, რომ მათი სეგმენტი ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი ქალბატონები არიან. ყოველთვიური გამოცემა 3 000-იანი ტირაჟით გამოდის.

”აქედან 1000 ცალი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ქალბატონებს ეგზავნებათ, 750 ვრცელდება სასტუმროებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში. დანარჩენი კი პრესის ჯიხურებსა და დიდ სუპერმარკეტებში იყიდება.

ჩვენთან ზომისა და ტიპის მიხედვით ბევრი სახის რეკლამის განთავსება შეიძლება. პიარ სტატია, ”ფლაერები”, ვაკეთებთ ფოტოსესიას და ამ სახით ხდება ”პროდაქთ ფლეისმენთი”, უფრო მეტად არასტანდარტულ რეკლამას ვამჯობინებთ, გვაქვს რუბრიკა, სადაც ესა თუ ის ცნობილი ადამიანი საუბრობს კონკრეტულ პროდუქტზე ან სერვისზე.

განსხვავებულია ფასებიც, რომელიც 350 დოლარიდან, შესაძლოა, 2500 დოლარამდეც მერყეობდეს, გააჩნია, რას ითხოვს დამკვეთი”- ამბობს მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ლიკა მენაღარიშვილი.

რაც შეეხება ბეჭდურ მედიაში არსებულ პრობლემებს, ლიკა მენაღარიშვილი ამბობს, რომ ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა გარკვეულ წილად, ბეჭდური გამოცემების ადგილი დაიკავა. მისი აზრით, მეტ-ნაკლებად დაიკარგა ჟურნალ-გაზეთების კითხვის კულტურაც. ასევე მოქმედებს ეკონომიკური მდგომარეობა. მისი თქმით, კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემაა: მოუწესრიგებელი და თვითრეგულირებადი ბაზარი. ხშირად, სხვადასხვა გამოცემებში ხდება უფასოდ სარეკლამო მასალის გაშუქება, რაც თავის მხრივ, კონკურენციაზე უარყოფითად აისახება.

Levis-ი ხელოვნების გლობალურ კონკურსში გიწვევთ

LG-ის არანორმალური ექსპერიმენტი