6
Aug
2014

„დღეს რეკლამის გარეშე არტი არაფერია“- თეო კოხოძე

6 Aug 2014

„ჩემი აზრით, მხატვარი ერთ მიგნებულ გამომსახველობით ხერხს არ უნდა დაეყრდნოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას, მის მრავალფეროვნებას. სხვა შემთხვევაში იგი უსიცოცხლო და მკვდარია“– ამბობს ახალგაზრდა მხატვარი თეო კოხოძე.

1511040_10202698157165697_822511707_n

დღემდე გავლილ გზას ასე აფასებს: „პირველ რიგში, იყო ხატვის ძლიერი სურვილი, პროტესტი, უამრავი სათქმელი, ბევრი მუშაობა, ექსპერიმენტები, ემოციები, თავგადასავლები…“

ამბობს, რომ მისი ნამუშევრები რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას არ განეკუთვნება. მეტწილად არის უფრო ექსპრესიონიზმი, ნეო-ექსპრესიონიზმი. თუმცა, დასაწყისში იყო იმპრესიონიზმიც და კიდევ მრავალი პერიოდი თუ მიმდინარეობა. “ექსპერიმენტატორი ვარ. ამიტომაცაა, რომ ჩემი სერიები ერთმანეთს არ ჰგავს, ტექნიკური თუ ემოციური თვალსაზრისით”.

554042_4687074625463_640773404_n

M: რჩეული მხატვრები. რომელიმე თუ ახდენს გავლენას თქვენ შემოქმედებაზე?

”გავლენა” თუ “ზეგავლენა” ვფიქრობ, უხეში ნათქვამია. მე დავარქმევდი, უფრო კოლაბორაციას. ის, რასაც არსობრივად კოლექტიური აზროვნება გულისხმობს.

M: რომელ ეპოქას აირჩევდით საცხოვრებლად და როგორი იქნებოდა მაშინ თქვენი ნახატები?

მე მომწონს ის ეპოქა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, განსაკუთრებით, ჩემი ლოკაცია. ბევრი რამ არის, რისი გაპროტესტებაც არაერთხელ მიცდია. იყო ბევრი წინაღობა, ვაკუუმი, “მენტალური შიდსი,” ის რევოლუცია, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხნის წინ მოხდა. ზოგადად, ჩემი ქვეყანა დღევანდელ დღეს კარგი “მასალაა.” სხვა მხრივ კი, რომელი ეპოქაც არ უნდა ყოფილიყო, ალბათ, ჩემი ნახატებიც თანადროული იქნებოდა.

M: რა ტენდენციები დღეს მსოფლიოს თანამედროვე მხატვრობაში?

დღეს არტისტის, როგორც პერსონაჟის როლი, შემცირებულია. წინა პლანზე მისი ნამუშევრებია. თუნდაც, ავიღოთ ბენკსი. მისი სტენსილები ძალიან ცნობადია. თუმცა, რეალურად არავინ იცის, როგორია ავტორი. ამას, რა საკვირველია, თავისი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, დიუშამპმა, ერთგვარი, ქაოსიც დაგვიტოვა. ზოგადად, არტის “დახარისხება” რთული ხდება. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ტენდენციური მხატვარი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ იგი გულწრფელი უნდა იყოს. მე არსად წასვლა არ მჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ახალი გავაკეთო, საკუთარ თავში ვმოგზაურობ, ჩემს პრობლემებს ვაზოგადებ და ვიზიტორს ვუყვები.

M: რა ხდება ქართულ თანამედროვე მხატვრობაში? რა ტენდენციები და პრობლემებია? თუ არის ეს შემოსავლის წყარო?

დამაიმედებელი პროგნოზი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ვყიდი ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ ეს სტაბილური შემოსავალი არაა.

M: ბევრ მხატვარს არ უყვარს საკუთარი ნამუშევრების გაჩუქება… თქვენ?

ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, უცხოურ ბაზარზე იყიდება. თუმცა, გაჩუქებულიც მაქვს, არაერთი. ზოგადად, ნახატებთან მიმართებაში, მესაკუთრე არ ვარ. მირჩევნია, სხვასთან განაგრძოს ცხოვრება, სხვა ადამიანის სივრცეში. ეს ჩემთვის ერთგვარი ექსპოზიციაა.

M: ცოტა ხნის წინ გაიხსნა თქვენი პერსონალური გამოფენა. რა ნამუშევრები გქონდათ წარმოდგენილი?

დიახ, პერსონალური გამოფენა “ქარვასლაში,” ამისთვის ძალიან დიდი მადლობა სამხატვრო აკადემიასა და გალერეას. სწორედ მათი ერთობლივი პროექტი იყო “სადგური.” ექსპოზიცია ორ ნაწილად გავყავი. სივრცეც მაძლევდა ამის საშუალებას. ადრეული პერიოდი – “სხეულის კონსტიტუცია” და “სადგური,” რომელიც, დაახლოებით, ორი-სამი წლის წინ თბილისში დავიწყე და ლაიფციგში გავაგრძელე. თემატურად განსხვავებული ნამუშევრებია, ტექნიკურადაც. მათ მხოლოდ ჩემი ექსპრესია აერთიანებთ.

10429329_10203965043677068_7255186757881833205_n

M: არტი და რეკლამა. როგორი არის მათი ურთიერთდამოკიდებულება დღეს დასავლეთში და როგორი შეიძლება იყოს საქართველოში?

დღეს რეკლამის გარეშე არტი არაფერია. უხეშად რომ ვთქვათ, პროდუქტი კარგად უნდა შეიფუთოს, კარგად რომ გაიყიდოს. ხარისხიან პიარს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ ბაზარს, როდესაც ქვეყანაში კულტურის სამინისტრო ინდიფერენტულია, ეკონომიკური მდგომარეობა– არც თუ სახარბიელო, აზრი არ აქვს არც კარგ და არც ცუდ პიარს. ამით ბიზნესს ვერ გააკეთებ.

M: რას ფიქრობთ, როცა არტი გადადის რეკლამაში? როგორი შეიძლება იყოს სარეკლამო არტი?

რეკლამასთან არანაირი შეხება არ მქონია. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა, როგორც მორიგი ექპერიმენტი.

M: სამომავლო გეგმები…

თვის ბოლოს გერმანიაში მივდივარ საცხოვრებლად. იქ ვაგრძელებ სწავლასა და მუშაობას.

545633_3909247300266_1149133292_n

581621_10202014483754289_1845328784_n

935834_10201507067549201_1292364591_n

განხილვა