in

როგორ აყალიბებს რეკლამა სადღესასწაულო ჩვევებს? — მადლიერების დღის მაგალითი

მართალია, მადლიერების დღეს საქართველოში არ აღვნიშნავთ, მაგრამ ფილმებიდან მაინც ყველას გვსმენია დღესასწაულის შესახებ. ეს ის დღეა, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ამერიკაში და დიდი გულმოდგინებითაც ემზადებიან მისთვის. როგორც სარა ჯოზეფა ჰეილი, Godey’s Lady’s Book-ის რედაქტორი, 1846 წელს ამტკიცებდა, მადლიერების დღის ეროვნულ დღესასწაულად აღიარება ქვეყნის გაერთიანებას შეუწყობდა ხელს, რაც დიდწილად ახდა.

„სხვა მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაჯდე ოჯახთან ერთად და იყო მადლიერი“ — ასე შეგვიძლია მისი აღწერა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში მარკეტინგულმა „ხრიკებმა“ დღესასწაულის ძირითადი მახასიათებლები ჩამოაყალიბა… კერძოდ, საუბარია იმ საკვებზე, რომელიც სუფრაზე უნდა იყოს წარმოდგენილი: ინდაური, მოცვის სოუსი, ალკოჰოლი, სალათა, ვაშლის ღვეზელი და გოგრის ღვეზელი. ამასთან, მარკეტერები არა მხოლოდ ტრაპეზთან დაკავშირებული მრავალი რიტუალისა და კულტურული მითის შექმნაში ჩაერთნენ, არამედ ისინი აქტიურადაც უწევდნენ ამ პროდუქტებს პოპულარიზაციას.

თავდაპირველად მადლიერების ინდაური იხვის, ქათმისა და ბატის ხორცს უწევდა კონკურენციას, რათა მადლიერების სუფრაზე ცენტრალური ადგილი დაეკავებინა. თუმცა 1920-იანი წლებისთვის ინდაური ერთადერთი ხორცი გახდა, რომელსაც ამ კონტექსტში არეკლამებდნენ. ადრეული რეკლამა ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადებინათ სრულყოფილი ფრინველი — აქ ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებსაც აპიარებდნენ, როგორებიცაა ღუმელები, თერმომეტრები და სხვ.

Iconic Swift-ის პრემიუმ ინდაურის რეკლამა კი საკვებისა და დღესასწაულის სიწმინდეზე აკეთებდა აქცენტს. თანაც, ინდაურის მნიშვნელობა მადლიერების დღესასწაულებში ისედაც დომინირებდა, რაც ხელს უწყობდა მადლიერების ინდაურის ტრადიციის შენარჩუნებას.

ამავდროულად, Eatmor Cranberry Company-ის ადრეულმა რეკლამამ მოცვი წარმოადგინა, როგორც ნებისმიერი სახის ხორცის შესანიშნავი დანამატი. ეს ბრენდი 1930-იან წლებამდე დომინირებდა, ხოლო შემდეგ Ocean Spray გამოჩნდა, თავისი დაკონსერვებული მოცვის სოუსით. ორივე მათგანის რეკლამები და გზავნილები კი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

მომხმარებლის როლი

ყველა პროდუქტის კატეგორიამ თუ ბრენდმა ვერ მოახერხა, სადღესასწაულო სუფრის მთავარი ნაწილი გამხდარიყო. მაგალითად, 1960-იანი წლების Welch-ის რეკლამა აქტიურად ცდილობდა, ყურძნის წვენი დაენერგა მადლიერების დღის სუფრაზე, მაგრამ მიუხედავად უხეში სარეკლამო კამპანიებისა, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღეს ამერიკული ოჯახების თითქმის 88% ინდაურს მიირთმევს მადლიერების დღეს. დაახლოებით 20% კი ინდაურს წლის განმავლობაში სხვა დღესაც ამზადებს. ეს მოწმობს მარკეტინგის მუდმივ გავლენას დღესასწაულზე. ამიტომაც, ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Butterball (ყოფილი Swift’s Premium), მადლიერების დღე დიდი ბიზნესია.

მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ადამიანშია გამოსავალი! – როგორ შეიქმნა ილუსტრაციები საქართველოს ბანკის კამპანიისთვის