in

რეკლამა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის მზარდ კრიზისს ეხება

დიდ ბრიტანეთში 400 000-ზე მეტი ახალგაზრდა მკურნალობს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ITV ფსიქიკური ჯანმრთელობის კამპანიამ Britain Talks და კრეატიულმა სააგენტომ Uncommon ახალი რეკლამა გამოუშვეს, რომელიც მოზარდებს მოუწოდებს, სათანადო დრო დაუთმონ მსგავს პრობლემებზე საუბარს.

სიუჟეტში ახალგაზრდა გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდება და მამის გვერდით, დივანზე ჯდება. როდესაც მამა მას ეკითხება, როგორ ჩაიარა დღემ, ტელევიზორის ეკრანზე სუბტიტრები ჩნდება… მართალია, გოგონა მამას უმტკიცებს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ეკრანზე გამოსახული სიტყვები სულ სხვას ამბობს. თუმცა მამაკაცი ხვდება მისი სხეულის ენას, შერეულ სიგნალებს და შვილთან დაკავშირების მცდელობას განაგრძობს, უხერხულად სვამს კითხვებს. დიდი ძალისხმევის შემდეგ კი გულწრფელ საუბრამდე მიდიან.

იდეა ის არის, რომ ზოგჯერ ახალგაზრდებს დიდი დრო სჭირდებათ გულის გადასაშლელად, მაგრამ დაუღალავი მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანია. „Get Talking Britain ყოველთვის ეხებოდა კომუნიკაციას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. რადგანაც ბავშვები და ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ეს კამპანია მეტ საუბარს წაახალისებს“, — აღნიშნავს სუზი ბრაუნი, ITV-ის სოციალურ საკითხთა დირექტორი.

მსგავსი კამპანიები ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების ჯანსაღი ფსიქიკისთვის — ამის პირველი ნაბიჯი კი უთქმელ სიტყვებსა და გრძნობას შორის არსებული უფსკრულის შესწავლაა.

პერსონალიზებული რეკლამიდან პერსონიფიცირებულზე გადასვლის დროა!

საუდის არაბეთი ყველაზე დიდ ცათამბჯენს აშენებს