in ,

რას გვაძლევს და რას არა რეგიონულ მედიაში განთავსებული რეკლამა?!

რეგიონულ მედიაში რეკლამის ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცენტრალურ ტელევიზიებსა თუ გამოცემებში.

პიარის სპეციალისტებისა და მარკეტერების თქმით, ასეთი ტიპის განთავსებით, კონკრეტულად იმ სეგმენტს ესაუბრები, ვისაც კამპანია ეხება. ის, რომ ასეთი განთავსებები არ იზომება, შეფასებისას, გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს.

რეგიონულ მედიაში რეკლამას არც ისე ბევრი კომპანია ათავსებს. თუმცა, ხშირად, მათ სარეკლამო შესაძლებლობებს არც იცნობენ.

regional-media2

24 დეკემბერს რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა თბილისში უკვე მეორედ გაიმართება. ღონისძიებას წელს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველო” ერთობლივად აწყობს.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა დამოუკიდებელ მედია საშუალებას შესაძლებლობა ექნება საკუთარი სარეკლამო შეთავაზების პრეზენტაცია გააკეთოს. ღონისძიებაზე დამსწრე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან თუ რომელი ტელე-არხით, რადიოთი, გაზეთით ან ინტერნეტ გამოცემით შეძლებენ რეგიონებში მიზნობრივ სეგმენტზე წვდომას.

რეგიონული მედიის შესაძლებლობებს დღეს ბევრი კომპანია არ იყენებს. თუმცა, მათთვის ვინც კომუნიკაციის ეს არხი აირჩია, გარკვეულწილად, წარმატებული აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში საუბარი, ძირითადად, ტელევიზიაზეა. მათი თქმით, ეს არის კარგი გზა ლოკალურ სეგმენტზე ”გასასვლელად”, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზებიც.

lashagoguaლაშა გოგუა (”კონსტანტას” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): ჩვენ კამპანია რეგიონალურ მედიაში, დაახლოებით, ერთი წლის წინ გვქონდა.

ასეთი ტიპის განთავსებით შესაძლებლობა გაქვს უფრო მეტად გააკეთო აქცენტი ადგილობრივ სეგმენტზე, იყო მათთან ერთად.

მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ რეიტინგები არ იზომება. ერთადერთი შესაძლებლობა რაც გაქვს, გაყიდვებზე დაკვირვებაა.

რთულია, რაიმე მაჩვენებლით თქვა, რომელია ”პრაიმ ტაიმი” რეგიონულ ტელევიზიებში. თავად უნდა მიხვდე. მაგალითად, ძალიან აქტიურად უყურებენ ე.წ. ნეკროლოგების ბლოკს. დიდ ყურადღებას აქცევენ რეგიონის სიახლეებს. არც სტრუქტურირებული ”რეპორტის” ფორმა არის, რომ ითვლებოდეს რომელიმე გადაცემის რეიტინგი.

რეგიონულ მედიაში რეკლამის განთავსებას მცირე ბიუჯეტი სჭირდება. მაგრამ მაინც, ვთქვათ, ცენტრალური მედიის დამხმარე არხად თუ გამოიყენებ. გაყიდვებსაც რომ დააკვირდე, შესაძლოა, არც ისეთი ზუსტი შედეგი მოგცეს, გადაჭრით ვერ იტყვი, იმ კონკრეტულ მომენტში, რამ გამოიწვია ზრდა. ან ზოგად შედეგს დაინახავ და ვერ იტყვი, ვთქვათ, 5 %-ით იყო გაზრდილი გაყიდვები, 10-ით , თუ მეტით.

ნინო სურმავა”ნატახტარის” პიარ მენეჯერი ნინო სურმავა კი თვლის, რომ რეგიონულ მედიაში რეკლამის განთავსება ადგილობრივ მოსახლეობაზე დადებითად მოქმედებს და ამით კომპანია საკმაო მხარდაჭერასაც მოიპოვებს.

თუმცა, ამბობს, რომ რეიტინგების გაზომვა და სრულად რეგიონის მოცვა ლოკალური მედია საშუალებებისათვის უკეთეს სარეკლამო ბაზარს შექმნიდა.

რეგიონულ მედიაში რეკლამა ლუდის ფესტივალის დროს გვქონდა. ეს იყო ლოკალური, კონკრეტულ რეგიონზე გათვლილი და მასზე მორგებული კამპანია.

მაგალითად, ქუთაისის ტელევიზიაში გადიოდა რგოლი, თუ როდის იმართებოდა ფესტივალი ამ ქალაქში და ა.შ. ერთი, რატომაც ეს კეთდებოდა, იყო ხარჯების ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, ვესაუბრებოდით კონკრეტულად იმ მომხმარებელს, ვისაც უშუალოდ ეხებოდა აქტივობა. თანაც ხალხზე დადებითად მოქმედებს, როცა დიდი კომპანიები იმ სივრცეში სთავაზობენ რეკლამას, სადაც არიან. რეგიონულ მედიაში რეკლამა რომ ”დათვლადი” იყოს, დამკვეთს შეკითხვა აღარ გაუჩნდებოდა.

ერთგვარად, ბრმად ხარჯავ თანხას, ვერ იგებ ზუსტად, რა კონკრეტული რეიტინგი მიიღე ამა თუ იმ აქტივობით რეგიონალურ მედია სივრცეში. შემდეგ ამის შემოწმებას კვლევებით ვცდილობთ. ასევე უკეთესი იქნებოდა, ლოკალურ ტელევიზიებს მთელი რეგიონის დაფარვა ჰქონდეს.

Netflix-ის ყავა, რომელიც არ დაგაძინებთ კინოს ყურებისას

იაპონური საბურავების ყველაზე საშიში რეკლამა