in

სპორტულ რეკლამებში ფონური მუსიკა ემოციურ რეაგირებას აძლიერებს

მუსიკა დიდ გავლენას ახდენს კონკრეტული ბრენდისადმი დამოკიდებულებაზეც კი

ახლად ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ რეკლამა, რომელსაც ფონად მუსიკა გასდევს, უფრო დიდ ემოციურ აღტკინებასა და ყურადღებას იწვევს, ვიდრე მხოლოდ ნარატივის მომცველი. კვლევის თანახმად, ფონურ მუსიკას ბრენდისადმი ერთგულების თუ რაიმეს შეძენის სურვილის გაზრდა შეუძლია.

ჰიუნ-ვუ ლი, სპორტის მენეჯმენტის მკვლევარი ამბობს, რომ მკვლევართა ჯგუფმა ქალების ტვინის ტალღების გასაზომად რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენა. მართალია, სოციალურ მეცნიერებათა მკვლევრები უფრო მეტად ფსიქომეტრიულ გაზომვებს იყენებენ (როგორიცაა გამოკითხვები), მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანების აღქმის ან ემოციების რეალურ დროში გაანალიზება ძნელი იქნება, რადგან ის მეხსიერებაზეა დაფუძნებული.

გამოკითხვის მონაწილეების ტვინის ტალღების გაზომვით მიღებული შედეგები ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ფონურ მუსიკას მყარი გავლენა აქვს სპორტულ რეკლამაზე. “კერძოდ, აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის წინა ნაწილში EEG აქტივობა ფონური მუსიკის პარალელურად გაძლიერდა. სწორედ ტვინი ეს ნაწილი ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებზე” – ამბობს ლი.

კვლევის ფარგლებში კორეული სპორტული საქონლის კომპანია Prospecs-ის ორი სატელევიზიო რეკლამაა გამოყენებული, რომელიც 2012 წელს გავიდა ეთერში. საკონტროლო ჯგუფს მხოლოდ ნარატიული რეკლამა აჩვენეს, ხოლო ექსპერიმენტულს ისეთი რეკლამა, რომელსაც ფონად “შუაღამის მარში” გასდევდა.

ტვინის წინა წილის არე უფრო მეტად გააქტიურდა ჯგუფში, რომელიც ფონური მუსიკის მქონე რეკლამებს უყურებდა – ეს ანმტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ მუსიკა ემოციურ გაღვივებას იწვევს. თუმცა ბრენდისადმი დამოკიდებულება და ყიდვის სურვილი ტვინის ტალღებისგან დამოუკიდებელი საკითხია, ვინაიდან ეს ცვლადები EEG-ის გამოყენებით არ იზომება. არამედ, ისინი კითხვარის გამოყენებით განისაზღვრება.

შესაბამისი პროდუქტის შეძენის სურვილი უფრო დიდი იყო იმ ჯგუფში, რომელიც რეკლამას ფონური მუსიკით უყურებდა. 7 ბალიანი შკალის კითხვარში საშუალო სურვილი ფონური მუსიკის შემთხვევაში 4.36 იყო, ხოლო მუსიკის გარეშე – 3.64.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგებს ასეთ აშკარა დასკვნებამდე მივყავართ, მკვლევრების თქმით, ვერ განსაზღვრავენ, რამდენად ერთნაირად ეფექტურად მოქმედებს ყველა ფონური მუსიკა. “გირჩევთ, მუსიკაში სხვადასხვა ელემენტები შეისწავლოთ და შეამოწმოთ, როგორიცაა კონკრეტული ჟანრი, ტემპი ან პროდუქტის გამყიდველთან ურთიერთობა, რაც სპორტული პროდუქტის ან ბრენდის ტიპზეა დამოკიდებული” – განმარტავს ლი. შესაბამისად, მუსიკა, რომელიც რეკლამის ვიზუალთანა და შეტყობინებასთანაა ჰარმონიზებული, შეიძლება, ძლიერი სარეკლამო სტრატეგია იყოს.

“ფონური მუსიკის მნიშვნელობა სპორტულ რეკლამაში განსაკუთრებით აქტუალურია, რეკლამის შემქმნელებს შეუძლიათ, ენერგიულ და პოზიტიურ სპორტულ სიუჟეტს რიტმული ფონური მუსიკა შეუსაბამონ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ გზავნილი” – აღნიშნავენ მკვლევრები.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევა ამოსავალი წერტილი იქნება შემდგომი კვლევისთვის, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა მომხმარებელზე.

მანქანა თვითმფრინავის დიზაინით – Jaguar-ის ისტორია

დაიმგზავრე თანამშრომელი აცრაზე – „ვითიბის“ ახალი სოციალური ინიციატივა