in

რეკლამები რუსებისთვის სიმართლის მისაწოდებლად — აქტივისტების მცდელობა

მიზანმიმართული რეკლამები გამუდმებით გვხვდება ინტერნეტში — დაწყებული კონკრეტული ბრენდის პროდუქციით, დასრულებული ამა თუ იმ შეთავაზებით. ახლა კი, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ე. წ. pop-up რეკლამებმა ახალი ძალა შეიძინა: რუსი მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში.

“როგორც ვხედავთ, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ძლიერი როლი ითამაშოს უკრაინის ისტორიის თხრობაში, მისი ინტერესების ადვოკატირებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. მთელ მსოფიოში ხალხი აშკარად ცდილობს, გაარღვიოს კრემლის საინფორმაციო ძალა, რათა უბრალო მოსახლეობას მიაწვდინოს ხმა”, — ამბობს ჯეკ პირსონი, საგარეო პოლიტიკის კომუნიკაციების სპეციალისტი.

ამჟამად რუსეთში ძნელია სანდო სიახლეების მიღება. სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებლებს ეუბნებიან, რომ უკრაინაში შეჭრა თავდაცვითი ნაბიჯია… ხოლო დამოუკიდებელი ტელეარხები, როგორიცაა “Дождь”, მთავრობის ბრძანებით იხურება. ამავდროულად, დაბლოკილია საერთაშორისო პრესის ორგანიზაციები — BBC და ამერიკის ხმა. ინფორმაციის დანაკლისის შესავსებად, აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი სხვადასხვა საშუალებას იყენებს…

მაგალითად, 28 თებერვლის ღამეს რუსული სააფთიაქო ქსელის “Озерки” აპლიკაციის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომელიც მათ “გამოფხიზლებისკენ” მოუწოდებდა. დაენახათ, თუ როგორ ცდილობს პუტინი რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვას და მოსახლეობის ფულის მითვისებას. მოგვიანებით ქსელი ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფერში ჰაკერების ხელი ერია.

გარდა ამისა, ინტერნეტ კამპანიის აქტივისტები გამოჩნდნენ Yandex-ში. ამერიკაში მცხოვრებმა უკრაინელმა ათასობით რუს კოლეგას მისწერა მეილი, რათა ეცნობებინა, რა ხდება მის სამშობლოში.

საინტერესო მეთოდს მიმართა გერმანულმა ვებდიზაინის სააგენტომ New Now — მან GitHub-ზე გამოაქვეყნა სკრიპტი, რომელიც რუსული IP მისამართიდან შემოსულ მომხმარებლებს ეუბნებოდა, რომ მათი მთავრობა იტყუება და უდანაშაულო ადამიანებს კლავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა მთავარი მიზანი.

უკრაინის შესახებ რუსული ნარატივების გასაქარწყლებლად, ონლაინ რეკლამებიც გამოიყენება.  ლონდონში მოღვაწე მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი რობ ბლეკი მიზნობრივ რეკლამებს აფინანსებს, რომლებიც ასევე სწორი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. მან ამ მეთოდს პირველად 2014 წელს მიმართა, როდესაც რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა. “ჩვენი მთავარი კონცეფციაა სისტემაში ხარვეზები ვიპოვოთ და რეკლამები რუსეთის მოსახლეობას მივაწოდოთ, რათა დამოუკიდებელ საინფორმაციო ვებგვერდებთან ჰქონდეთ წვდომა. მათ უნდა მიიღონ ინფორმაცია, თუ რეალურად რა ხდება უკრაინაში”, — ამბობს ბლეკი.

ცხადია, დღევანდელ სამყაროში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც რეკლამის განთავსება შეგვიძლია. ბლეკის თქმით, კარგი იქნება, თუ მოსკოვის მეტროში ციფრულ ბილბორდებზე წვდომის საშუალებას იპოვის და იქ განათავსებს შესაბამის ინფორმაციას. “ძალიან ბევრი ექსპერტი გვყავს, მზაკვრული გონებით”. 

საგულისხმოა ისიც, რომ რობი ერთადერთი პიროვნება არ არის, ვინც ონლაინ რეკლამის ძალას იყენებს. ამ დროისთვის Facebook-სა და Instagram-ზე 1300-ზე მეტი რეკლამაა განთავსებული — თითოეული მათგანი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთში ფეისბუქი და ტვიტერი აიკრძალა.

ბევრი რეკლამა განთავსებულია უკრაინის ომის “საინფორმაციო და მედიის ვებგვერდზე”, ზოგი კი — უსაფრთხო უკრაინის “სოციალური მედიის სააგენტოში”. ისინი ემოციურ ვიდეოებს მოიცავს, რომლებშიც დატყვევებული რუსი ჯარისკაცები ტირილით ურეკავენ მშობლებს და ომის საშინელებაზე უამბობენ… პროექტს ხელმძღვანელობს 33 წლის ბოგდანა, რომელიც თავის გვარს ანონიმურად ტოვებს.

მორიგი მასობრივი კამპანია ორგანიზებულია ინტერნეტ სარეკლამო ბიუროს (IAB) უკრაინის განყოფილების მიერ. “ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მოვლენების რეალურ განვითარებაზე, რადგან რუსეთში ძალიან მკაცრი კონტროლია ინფორმაციაზე და არ არსებობს დამოუკიდებელი მედია”, — აღნიშნავს ანასტასია ბაიდაჩენკო, IAB უკრაინის აღმასრულებელი დირექტორი.

ომის პირველ კვირაში უკრაინული სარეკლამო ინდუსტრიის კამპანია ძირითადად Google-ის სარეკლამო ქსელის მეშვეობით ტარდებოდა. თუმცა ახლახან რუსეთის მედიის სახელმწიფო მარეგულირებლის Roskomnadzor-ის მოთხოვნით აიკრძალა. მიზეზად კი დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა დასახელდა… სამწუხაროდ, ამ ქმედებამ IAB-ის მხარდაჭერილი ზოგიერთი გეგმა ჩაშალა, მაგრამ ეს იმასაც მოწმობს, რომ რეკლამას რეალური გავლენა ჰქონდა. ამიტომაც, კამპანია Yandex-ში გადაინაცვლებს. “გვესმის, Yandex-ის გამოყენება მაღალი რისკის შემცველია მისი კონტროლის გამო, მაგრამ მაინც ვეცდებით ამის გაკეთებას, რათა ინფორმაციაზე წვდომა გავაფართოოთ”. 

IAB-ის კამპანიას რამდენიმე კერძო კომპანია აფინანსებს. ასევე, შემოწირულობები და სპონსორები, რომლებსაც სურთ, დიდი ინვესტიციები ჩადონ იმ საშინელებების დასაძლევად, რაც უკრაინაში ხდება. მთლიანობაში, ბაიდაჩენკოს შეფასებით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინაში სარეკლამო კამპანიებმა 330 000 დოლარი მოიცვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი თანხების მიუხედავად, ზოგის ვარაუდით, ეს არაეფექტური იქნება. მათი აზრით, რეკლამა დროის კარგვაა, რადგან ბევრი ადამიანი იყენებს მისი დაბლოკვის ფუნქციას და ნახვის მაჩვენებლები ყოველთვის დაბალია. და მაინც, სხვები უფრო დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერ ქმედებას, რაც არ უნდა მცირე იყოს, შედეგის მოტანა შეუძლია.

“სუფთა სახლი” – უკრაინის მხარდასაჭერად!

Balenciaga-მ უახლესი ჩვენება უკრაინას მიუძღვნა