სიამოვნებით ვუსმენთ საყვარელ სიმღერას, პირველივე ნოტით ვიჭერთ ,,ვაიბს”, ხელებზეც „ეკლებს გვაყრის”, მაგრამ იწყება მისამღერი და უცებ რეკლამის გამო წყდება! Spotify-ს უახლესი კამპანია სწორედ ამ ნაცნობ მომენტზეა აგებული და მისი Premium-ტარიფის პოპულარიზაციას ემსახურება.
კამპანია, რომელიც სამხრეთ აფრიკულმა კრეატიულმა სააგენტო Machine-მა შექმნა, მსმენელს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც არ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან ან ფუნქციებთან. ექსტრემალური ახლო ხედების სერიით, კამპანია ასახავს კანის ტექსტურას და გვიჩვენებს იმ დახვეწილ ფიზიკურ რეაქციებს, რომლებიც ჩნდება, როცა ადამიანი მთლიანად არის ჩაფლული მუსიკაში.

მოწყობილობების ან არტისტების ჩვენების ნაცვლად, ფოკუსი მხოლოდ სხეულის რეაქციებზეა გადატანილი. თითოეულ ვიზუალს ახლავს მინიმალისტური ფრაზა: „მუსიკის მოსმენა რეკლამების გარეშე”.
ეს ვიზუალები აჩვენებს, რომ თუნდაც მოკლე შეწყვეტამ შეიძლება მსმენელი გამოიყვანოს იმ ძლიერი ემოციური მდგომარეობიდან, რასაც ის მუსიკის მოსმენის დროს განიცდის. ამ დროს ჩვენი ყური განსაკუთრებით მგრძნობიარეა და უცებ სიმღერებს შორის სიჩუმეც კი შეიძლება ზედმეტად შესამჩნევი გახდეს.













