The Eurasian Times-ის ცნობით, ჩინელმა მეცნიერებმა კვანტური დაშიფრული კომუნიკაციების (QSDC) ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მათ ინფორმაცია 102.2 კმ-ზე გადასცეს, რაც უზარმაზარი ნახტომია წინა 18 კილომეტრის მაჩვენებლის შემდეგ. შესაძლოა, ახალმა რეკორდმა კვანტური კომუნიკაციების დიდი ქსელის შექმნას შეუწყოს ხელი. ამ უკანასკნელის დაჰაკვა კი, ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.
ინფორმაციის გადაცემის სიჩქარემ წამში 0.54 ბიტს მიაღწია, რაც კლასიკურ ქსელთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 30 კილომეტრის მანძილზე დაშიფრულად სასაუბროდ ან ტექსტური მესიჯის გასაგზავნად სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ წინა რეკორდიც მეცნიერთა იმავე ჯგიფს ეკუთვნოდა. როგორც თავად განმარტავენ, სისტემა დროთა განმავლობაში ძალიან დაიხვეწა. ამისათვის კი შეიმუშავეს „ახალი ფიზიკური სისტემა ახალი პროტოკოლით“ და გააქრეს „აქტიური კომპენსაციის რთული ქვესისტემა“. სწორედ ამ ყველაფრის შედეგად გახდა შესაძლებელი ულტრადაბალი სიხშირის კვანტური ბიტების სტაბილურობის მიღწევა და გარე ხმაურისადმი ამტანობა.
მკვლევრების აზრით, მათი ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ კვანტური კავშირგაბმულობის შექმნა ამჟამინდელი ბოჭკოვანი კაბელებისა და ტექნოლოგიების გამოყენებითაც შესაძლებელია. მათ სჯერათ, რომ დღევანდელი ინტერნეტის ნაწილების შეცვლა ჩვეულებრივ შეიძლება კვანტური არხებით, რათა ჰაკერებმა ვეღარ შეძლონ თავიანთი ოპერაციების განხორციელება.