ესპანეთის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წელი ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ახალი წლის დღეს კი ჩრდილოეთის არაერთ ქალაქში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მთელ ევროპაში მცხუნვარე ტემპერატურისა და გვალვის შედეგად, ტყის ხანძრები და წყლის დეფიციტის პრობლემა წარმოიშვა.
ესპანეთში წლის საშუალო ტემპერატურა თითქმის 15,5 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 1916 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საშუალო ტემპერატურა 15°C-ს გადასცდა.
ესპანეთში ტემპერატურა არაერთხელ გაიზარდა მაისიდან ოქტომბრამდე — თანმიმდევრული სიცხის შედეგად, ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსსაც კი გადააჭარბა. ამასთან, მარტისა და აპრილის გარდა, 2022 წლის ყველა თვე ჩვეულებრივზე ცხელი იყო, განსაკუთრებით კი მაისი, ივლისი და ოქტომბერი.
ეს ტენდენცია ახალ წელსაც გაგრძელდა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ბილბაოს აეროპორტში ტემპერატურამ 25,1 გრადუსს მიაღწია, რაც ზაფხულის პერიოდს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე წლის დასაწყისს.
წყლის შეზღუდვები
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის წყლის მარაგები დეკემბრის ბოლოს 43%-ს შეადგენდა, რაც ბოლო 10 წელიწადში უმცირესი მაჩვენებელია. ბარსელონამ და ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის, კატალონიის დიდმა ნაწილმა, წყლის ნაკლებობის გამო, მის მოხმარებაზე შეზღუდვებიც შემოიღო — ეს მოიცავს სასმელი წყლის გამოყენების აკრძალვას, სახლებისა და მანქანების რეცხვის ან საცურაო აუზების შესავსებად. ასევე, შემცირდა სარწყავად გამოყენებული წყლის რაოდენობაც.
სამწუხაროდ, ტემპერატურის ამგვარმა მაჩვენებელმა 4 744 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ესპანეთში. ზოგადად, სიცხე სითბური ინსულტის განვითარების საფრთხეს ზრდის, რომელიც აზიანებს ტვინს, თირკმელებსა და სხვა ორგანოებს; გარდა ამისა, გულის შეტევასა და სუნთქვის პრობლემებსაც იწვევს.
ევროკავშირის თანამგზავრული მონიტორინგის სამსახურის EFFIS-ის თანახმად, განსაკუთრებით მშრალმა და ცხელმა წელმა ხელი შეუწყო ტყის ხანძრებს, რომლებმაც 740 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა ესპანეთში — ყველაზე მეტი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ნოემბრის მოხსენების თანახმად, დედამიწა მე-19 საუკუნის ბოლოდან 1,1 გრადუსი ცელსიუსით გათბა.