in

რატომ „სტალკავენ” პოტეცნიური დამსაქმებლები ჩვენს სოციალურ ქსელებს?

COVID 19-ის პანდემიის დროს, როცა თითქმის ყველა სამსახური ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ვიდეოგასაუბრებები ჩვეულებრივ ამბად იქცა. მართალია, პანდემია დასრულდა, მაგრამ ეს პრაქტიკა ბევრგან უცვლელი დარჩა, რადგან ის ზოგავს დროს და სხვადასხვა ადგილას მყოფი პოტენციური დამსაქმებლისა თუ დასასაქმებელი პირის მოხერხებულ კომუნიკაციას აადვილებს.

ერთი მინუსი, რომელიც ვიდეოგასაუბრებაში იკვეთება, არის ადამიანის რეალურად აღქმა, მისი ენერგიის, მისი მუხტის შეცნობა, მისი განწყობის ბოლომდე გაგება. რეკრუტერები, როგორც წესი, ყველაფერს აკვირდებიან: იქნება ეს სხეულის ენა თუ ემოციური ინტელექტი, ამიტომ, თუ მათ ვიდეოგასაუბრების ჩატარება უწევთ, კანდიდატის შესახებ დამატებით ინფორმაციას ხშირად მის სოციალურ ქსელებში ეძებენ.

ვიდეოგასაუბრება ერთადერთი მიზეზი არაა, რა დროსაც დამსაქმებელი ჩვენი სოციალური ქსელებით ინტერესდება. ბოლო დროს CV-ში ხშირად სვამენ თავიანთი Linkedin-ის ან Facebook-ის ბმულს. ეს ეხმარება მომავალ დამსაქმებელს თქვენზე ბუნებრივი წარმოდგენა შეექმნას და არ იყოს დაყრდნობილი მხოლოდ 15-წუთიანი გასაუბრებით მიღებულ შთაბეჭდილებაზე.

შეიძლება იკითხოთ: საქმიანი პლატფორმა ხომ ლინკდინია, რატომ ეძებენ დამსაქმებლები სხვა სოციალურ ქსელებს? კი, შესაძლოა უაღრესად პროფესიონალური და მიმზიდველი LinkedIn პროფილი გქონდეთ, რომელიც ზუსტად აღწერს თქვენს გამოცდილებას, ყველა იმ სამუშაოს, რომელიც ოდესმე შესრულებული გაქვთ, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ისინი გეძებენ. გავიგოთ, რატომ:

LinkedIn-მა მოახერხა დამკვიდრებულიყო, როგორც სამუშაო ადგილების კონკურენტუნარიანი ბაზარი, მაგრამ დამსაქმებლებს ხშირად უფრო ჰოლისტიკური სურათის ნახვა სურთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ აინტერესებთ, ვინ ხართ და როგორი ხართ. აინტერესებთ, როგორ ისვენებთ, როგორი სოციალური ცხოვრება გაქვთ და, თუნდაც, როგორ მიმებზე გეცინებათ.

არსებობს კვლევები, რომლებიც რეკრუტერების მხრიდან მსგავსი ქცევის მიზეზებს ასახელებს. ძირითადად იკვეთება 3 მიზეზი:

დამსაქმებელთა 82% ამოწმებს პოტენციური თანამშრომლის არტიკულაციისა და გრამატიკის უნარებს;
დაახლოებით 59% კანდიდატის მართლწერასაც ამოწმებს;
32% კი ათვალიერებს ფოტოებს, პოსტებს, კონტენტს, რომელსაც კანდიდატი თავის პირად გვერდზე განათავსებს.

თუკი რეზიუმე ან LinkedIn-ის პროფილი ეხმარება რეკრუტერებს, რომ განსაზღვრონ თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია და მიღწევები, სხვა სოციალური მედიის დათვალიერება ეხმარება მათ თქვენი პიროვნების გაშიფვრაში. ამით ისინი ამოწმებენ, რამდენად კარგად მოერგებით მათი კომპანიის კულტურასა და ღირებულებებს.

სოციალური მედია ბევრ მინიშნებას იძლევა ადამიანის პიროვნების, შეხედულებების, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა პიროვნული ასპექტების შესახებ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რეკრუტერებს აღმოუჩენიათ, რომ მათთვის საინტერესო კანდიდატი აუგად იხსენიებს ყოფილ მენეჯერებს, აქვს სიძულვილის ენა, ეწევა რაიმე ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციას და მრავალი სხვა.

გამოცდილი რეკრუტერები დაკვირვების შემდეგ ადარებენ თქვენს რეზიუმესა და პირად ფეისბუკ გვერდს. ნახულობენ, რამდენად მოდის შესაბამისობაში თქვენი პიროვნება იმ მახასიათებლებთან, რაც CV-ში ჩაწერეთ. თუ თქვენი პროფესიული აღწერა ემთხვევა თქვენს პროფესიულ ტონს, რეკრუტერისთვის იდეალური კანდიდატი იქნებით.

თუ ფეისბუკი არ გაქვთ, მაგრამ ინსტაგრამზე ხართ აქტიური, არ იფიქროთ, რომ რეკრუტერს ეს პლატფორმა გამორჩება. როგორც წესი, ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრების წესი და კულტურული ჭვრეტა იკითხება. ამბობენ, ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრისო, ეს, რა თქმა უნდა, კარგად იციან რეკრუტერებმაც, ამიტომ ისინი ინსტაგრამსაც დიდი ინტერესით „სტალკავენ”. თქვენს პროფილს აქაც შეუძლია გაუფილტრავი წარმოდგენა შეუქმნას მათ თქვენს პირად ღირებულებებზე. ეს ყველაფერი ეხმარება დამქირავებელს, გადაწყვიტოს, რამდენად უღირს თქვენთან თანამშრომლობა. ამით ასევე ფასდება თქვენი განსაკუთრებული ნიჭი, უნარები და ინტერესები, რამაც შეიძლება თქვენს სასარგებლოდაც იმოქმედოს.

საქმე ისაა, რომ ასეთ სოციალურ ქსელებში ადამიანები უფრო ბუნებრივები არიან. აქ უფრო მეტად ჩანს ადამიანის ყოველდღიურობა, ინტელექტი თუ ინტერესები. აქ ჩვენ გვაქვს საშუალება, კარგად გამოვხატოთ ჩვენი თავი, შეიძლება უკეთესადაც, ვიდრე ფიზიკურად გასაუბრებაზე მისვლისას გამოვხატავდით. არ მოგერიდოთ იმის, თუ დამქირავებელი გეტყვით, რომ ნახა თქვენი გაზიარებული ვიდეო, სადაც, მაგალითად, კატას ეთამაშებით. არც იმის მოგერიდოთ, თუ რაიმე სახუმარო დაწერეთ ან შვებულების ფოტო გიდევთ, სადაც საცურაო კოსტიუმში ხართ გამოწყობილი. თქვენს დამქირავებელს ურჩევნია, გაგიცნოთ და თქვენც არ მოგიწევთ სამსახურში რობოტად გადაქცევა. მას მერე, რაც მას უკვე ეცოდინება, დაახლოებით რა მოლოდინი ჰქონდეს თქვენგან, როგორც პიროვნებისგან, თქვენს შორის უთანხმოება ნაკლებად იქნება.

Accent | Line carbon black – პრემიალური ხარისხის ჩასაშენებელი ტექნიკა Bosch-ისგან

აღიარება 20 ნომინაციაში: Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 20 კატეგორიის გამარჯვებულად დაასახელა