თანამედროვე პროფესიონალების უმრავლესობისგან თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი ისმის – გადატვირთულობა, დაღლილობა და შვებულების მოლოდინი. მენტალური ხმაური განსხვავდება უშუალო სამუშაო დატვირთვისგან ან ციფრული ინფორმაციის მოცულობისგან, თუმცა ორივე მათგანი მას კიდევ უფრო ამძაფრებს. გონებრივი გადატვირთვის საფუძველი რამდენიმე ძირითადი ფაქტორია.
ჟურნალ Journal of Management-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პროფესიულ გადაწვას იწვევს მოლოდინისგან გამოწვეული სტრესი, რომ თანამშრომელი მუდმივად ხაზზე უნდა იყოს. ამას ემატება ბუნდოვან გარემოში მუშაობა, როდესაც გაურკვეველი პრიორიტეტები, გუნდში რთული დინამიკა ან მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებები იმ ენერგიას ითხოვს, რაც რეალურ საქმეს უნდა მოხმარდეს.
გადაღლილი გონება გადაწყვეტილების მიღების ხარისხს აქვეითებს, რის გამოც კომპლექსური გამოწვევები ზედაპირულად ფასდება, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაურკვეველი ვადით გადაიდება.
გამოსავალი ტრადიციული მეთოდების მიღმა
კომუნიკაციის ახალი პლატფორმებისა თუ დავალებების მართვის დამატებითი აპლიკაციების დანერგვა ხშირად პრობლემას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ციფრულ მოცულობას ზრდის და შინაგან ხმაურს ხელუხლებელს ტოვებს. რეალური ცვლილებისთვის საჭიროა გონებრივი სიცხადის შექმნაზე ფოკუსირება.
ორგანიზაციებმა უნდა გადახედონ კომუნიკაციის მოლოდინებს და პროფესიული ღირებულება სწრაფი პასუხის გაცემისგან გამიჯნონ. ღრმა ფოკუსირებისთვის გამოყოფილი დრო, როდესაც მყისიერი პასუხი სავალდებულო არ არის, შფოთვას საგრძნობლად ამცირებს.
მნიშვნელოვანია გამოუთქმელი ეჭვებისა და მოლოდინების გაცხადებაც, რათა თანამშრომლებმა დრო არ დაკარგონ იმაზე ფიქრით, თუ რას ფიქრობს მენეჯერი ან ელიან თუ არა მათგან უქმეებზე მუშაობას.
შინაგანი ეჭვებისა და გადაჭარბებული ანალიზის ყურადღების გამფანტველ ფაქტორად აღიარება გუნდს ეხმარება, გვერდზე გადადოს უსარგებლო განცდები და უშუალო მიზანზე კონცენტრირდეს.
ამასთან, კომპანიებმა რეგულარულად უნდა გადახედონ და შეწყვიტონ მოძველებული, დაბალი შედეგის მომტანი პროცესები, ზედმეტი შეხვედრები და არააქტუალური მიზნები. იმის გააზრება, თუ რაზე უნდა ითქვას უარი, ათავისუფლებს მენტალურ სივრცეს იმ საქმისთვის, რაც ბიზნესს რეალურ შედეგს მოუტანს.
მუდმივი ინფორმაციული ნაკადის პირობებში მთავარი სტრატეგიული უპირატესობა მონაცემებზე წვდომა ან სისწრაფე კი არა, აზროვნების სიცხადეა. შინაგანი ხმაურისგან გათავისუფლება ლიდერებს საშუალებას აძლევს, შექმნან მდგრადი გარემო, სადაც მიზნები მიიღწევა და რეალურ ინოვაციას განვითარების ადგილი ეძლევა.
წყარო: Fastcompany













