უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივენთკომპანია RemBow-მ პირველი მასშტაბური ღონისძიება ჩაატარა. მას შემდეგ ასობით კორპორაციული საღამო, კონფერენცია, ე.წ. თიმბილდინგი თუ სხვა საზეიმო შეკრება დაგეგმა და საერთაშორისო დამკვეთებიც შეიძინა.
მომხმარებლის მოსმენა, ინდივიდუალური კონცეფციის შექმნა, ვიზუალურ ეფექტებზე ზრუნვა, უნიკალური ამბის, როგორც ღონისძიების მთავარი ხაზის მოფიქრება – ეს ის მიდგომებია, რომლითაც RemBow-მ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძლო. ამ სტატიაში კი უფრო ვრცლად გიამბობთ, რა გზა გაიარა ათი წლის განმავლობაში კომპანიამ და როგორ ზრუნავს მისი გუნდი დაუვიწყარი მომენტების შექმნაზე.
„ამ სფეროში 2009 წლიდან ვარ. მაშინ რთული იყო კომპანიებისთვის იმის ახსნა, თუ რაში სჭირდებოდათ ივენთმენეჯერი. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ხედვა შეიცვალა და მოთხოვნაც გაიზარდა. თავდაპირველად უმეტესად მარტო ვმუშაობდი, ზოგჯერ – მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით. ერთად ვაჩვენებდით კომპანიებს, რომ მათთვის ისეთ პრობლემებს ვჭრიდით, რომელთა შესახებ ხშირად თავადაც კი არ იცოდნენ. პირველ დიდ დამკვეთს სხვებიც მოჰყვნენ და კომპანიის დაარსების გადაწყვეტილებაც მივიღეთ” , – ამბობს ლევან მდინარაძე RemBow-ს დამფუძნებელი.
თანდათანობით განვითარდა ბაზარი და მასთან ერთად — RemBow-ც. შექმნეს მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლის განუყოფელი ნაწილი პოპმუსიკა გახდა; ინდივიდუალური მიდგომით, მოქნილობითა და კრეატიულობით კი დამკვეთებს თავი დაამახსოვრეს. პანდემიის შემდეგ კომპანიამ ახალი ძალებით ახალ პროექტებზე მუშაობა განაგრძო და კომპლექსური ღონისძიებების ორგანიზება საერთაშორისო ბრენდებისთვისაც დაიწყო.
„გლობალურ ბრენდებთან მუშაობამ ღონისძიების განსხვავებულ ტრადიციებსა და კულტურასთან დაგვაახლოვა. მათთან თანამშრომლობა არაორდინალურ მიდგომებს საჭიროებს, რადგან ღონისძიებების სტილი, ფორმატი თუ სტრუქტურა ქართულისგან განსხვავდება. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ უცხოელი დამკვეთებისგან, შემდეგ კი, ეს პრაქტიკა ადგილობრივ დამკვეთებთან მუშაობისასაც გამოვიყენეთ”, – აღნიშნავს ლიკა დათუნიშვილი, RemBow-ს გენერალური მენეჯერი.
RemBow-ში ამბობენ, რომ ადამიანების მსგავსად, ყველა ღონისძიება ინდივიდუალური და განსხვავებულია, ამიტომ თითოეულის დაგეგმვას წინ დიდი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის.
„ჩვენი მიზანი მომხმარებლის სურვილებისა და მაჯისცემის შეგრძნებაა. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ, რა სურს კომპანიას, რა მიზანს უნდა მიაღწიოს ამა თუ იმ ღონისძიებით. სინამდვილეში, ღონისძიება ინვესტიციაა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლების ერთმანეთთან დაახლოება, გაყიდვების ზრდა და სხვა. ჩვენ კი ვეხმარებით ამ პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში”, – ამბობს ლევან მდინარაძე.
Rembow-ს სერვისების ერთ-ერთი მთავარი ხაზი კორპორაციული ღონისძიებებია. ამ ტიპის ღონისძიების დაგეგმვა აქ ინდივიდუალური კონცეფციის შექმნით იწყება. ესაა ისტორია, ლეგენდა, ამბავი, რომლის მონაწილე ხდება თითოეული სტუმარი. ისტორიის მიხედვით, გუნდი ღონისძიების ვიზუალურ იდენტობას, შოუპროგრამას, თამაშებს, დაჯილდოებებსა თუ სხვა გასართობ აქტივობებს ქმნის.
„ეს იმდენად საინტერესოა, რომ ყველა სტუმარი მაქსიმალურად ერთვება და მოუთმენლად ემზადება ამ დღისთვის”.
იდეის მოფიქრება, ადგილის შერჩევა, დეკორაციების შექმნა, პროგრამის შედგენა, კვება, ტრანსპორტირება თუ კომუნიკაცია თითქმის ყველა ღონისძიების ნაწილია, თუმცა RemBow მომხმარებლებს ისეთ სერვისებსაც სთავაზობს, რაც, ხშირად, ტრადიციული ივენთკომპანიის პორტფელს სცდება, მათ შორის უცხოელ სტუმრებს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს აცნობს.
„ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მათ, ვინც ღონისძიებას საქართველოში გეგმავს, ქართულ კულტურას მაქსიმალურად ვაცნობთ. ისინი ამ ყურადღებასა და შრომას ყოველთვის აფასებენ და სხვა გლობალურ ბრენდებთან რეკომენდაციას გვიწევენ”, – ამბობს ანა კობახიძე, RemBow-ს ივენთმენეჯერი.
დღეს RemBow-ს პორტფელში, ადგილობრივ ბრენდებთან ერთად, იპოვით ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორებიცაა Epam, Binance, Evolution, Canon და სხვები. კომპანიის სამომავლო გეგმები კი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მომხმარებლის შეძენასა და გლობალურ ბაზრებზე გაფართოებას უკავშირდება.
[R]