in

ახალი სახელი, ლოგო და სტრატეგია — Rembow Events-ის Redbow-დ გადაქცევის ამბავი

ქართველი მომხმარებლებისთვის ივენთ კომპანია Rembow Events საკმაოდ კარგად ნაცნობი ბრენდია, 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მის სახელს არაერთი წვეულების ჯადოსნურად ქცევა უკავშირდება. თუმცა ბრენდს ამ სახელით ბაზარზე ვეღარ ვიხილავთ, რადგან ლევან მდინარაძის მიერ დაარსებულმა კომპანიამ სახელწოდება ახლახან შეიცვალა — Redbow გახდა და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტებზე წითელი ბაფთის შებნევას გვპირდება.

ამასთან, ახალი სტრატეგიული ბრენდპლატფორმა და ვიზუალური იდენტობაც შეიძინა – ცვლილებები კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს ასახავს, რითაც მიზნად არსებულ და ახალ ბაზრებზე კომპანიის სწორ პოზიციონირებასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავენ. 


თუმცა, რატომ გადაწყვიტეს რებრენდინგი, როგორია ახალი ვიზუალური ენა, მისია, ლოგო თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, ამ და სხვა საკითხებზე მარკეტერი Redbow-ს ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელ ანი დონდუას, ბრენდის სტრატეგ ანი ჭყოიძესა და ბრენდის დიზაინერ ტატა მეგრელიშვილს გაესაუბრა:

M: ანი, მოგვიყევით, რა გახდა რებრენდინგის მოტივაცია?

ანი დონდუა, Redbow-ს ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი: ბოლო წლებში Redbow-მ გააზრებულად გადაინაცვლა B2B სივრცეში და ჩამოყალიბდა არა როგორც რიგითი ღონისძიებების ორგანიზატორი, არამედ როგორც პარტნიორი, რომელიც აძლიერებს თითოეული დამკვეთი კომპანიის ბრენდს. ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თანამედროვე კომპანიებისთვის ღონისძიება მხოლოდ ფორმალური მოვლენა აღარ არის – ის გახდა სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბრენდის აღქმაზე, ასევე ორგანიზაციულ კულტურასა და თანამშრომელთა მოტივაციაზე.

ანი დონდუა, Redbow-ს ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი

ამ პროცესმა დაგვანახვა, რომ საჭიროა ჩვენი ბრენდის იდენტობისა და პლატფორმის ახალი, უფრო მოქნილი ფორმულირება, რომელიც მკაფიოდ ასახავს ჩვენს საქმიანობას: ღონისძიების სრული ციკლის მართვა – კონცეფციის შექმნიდან იდეის სრულყოფილ აღსრულებამდე – რაც თითოეულ პროექტს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს.

ჩვენი ამოცანა იყო, კიდევ უფრო გამოგვეკვეთა Redbow-ს პოზიციონირება, როგორც ინსპირაციული და პროგრესული ბრენდის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იდენტობის ადაპტირება ისეთი დინამიკური ბაზრისთვის, როგორიცაა დუბაი, სადაც ჩვენი პირველი საერთაშორისო წარმომადგენლობა დავაარსეთ. ამ ბაზარზე ინოვაციურობა, მოქნილობა და ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახალი ბრენდი ზუსტად პასუხობს ამ გამოწვევებს და გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი, არამედ გამორჩეული მოთამაშეები ჩვენს ინდუსტრიაში.

M: ახლა კი გვესაუბრეთ ახალი სტრატეგიული ბრენდ პლატფორმის ძირითადი ელემენტების, კომპანიის მისიისა და ფასეულობების შესახებ…

ახალი ბრენდის პლატფორმის შექმნაში სრულად იყო ჩართული ჩვენი მენეჯმენტის გუნდი. ბრენდის პლატფორმა დაფუძნებულია 4-განზომილებიან სისტემაზე, სადაც მდგენელები გაერთიანებულია ფუნქციურ, ემოციურ, სულიერ და საზოგადოებრივ ელემენტებში, რაც ქმნის ბრენდის ერთიან, უნიკალურ აღქმას.

Redbow-ს მისიაა — TO LEAVE A MARK — ანუ შექმნას ისეთი გამოცდილებები, რომლებიც ტოვებს პოზიტიურ კვალს, ცვლის ურთიერთობებს და ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს ღონისძიებების მართვის სფეროში.

ამ მისიის აღსრულებისას ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რომლებიც წლების მანძილზე იყო და რჩება ჩვენი მოქმედების ძირეულ პრინციპებად.

შემოქმედებითი მიდგომა ჩვენს საქმიანობას ყველგან და ყველაფერში ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. ადამიანებზე ზრუნვა და მათი ემოციების გათვალისწინება ყველაფრის საფუძველია. მხოლოდ გუნდს შეუძლია განსაკუთრებული შედეგების მიღწევა — ერთსულოვნება ჩვენი ძალაა.

მუდამ წინ მივიწევთ, ვვითარდებით და ვქმნით ახალ სტანდარტებს. გვჯერა, რომ სიხარულს მეტი ძალა აქვს, როცა მას სხვებს ვუზიარებთ.

როგორც უკვე გითხარით, ბრენდი ახლა უკვე ბაზარზე ახალი სახელით Redbow წარდგება, თუ რას ნიშნავს ეს და როგორია დღეს Redbow-ს ბრენდის ხასიათი, ამაზე მარკეტერს ბრენდის სტრატეგი ანი ჭყოიძე უყვება:

ანი ჭყოიძე, ბრენდის სტრატეგი

რენდის პლატფორმაზე მუშაობისას ორი ძირითადი ამოცანა გვქონდა: უნდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც უფრო მეტად მოერგებოდა B2B სეგმენტს, ამასთან, რელევანტური და კონკურენტუნარიანი იქნებოდა ახალი ბაზრისთვის. Redbow-ს გუნდს ჰქონდა ძალიან სწორი ხედვა ბრენდის სტრატეგიაზე, როგორც არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ბიზნესის მართვის ხელსაწყოზე, ამიტომ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. 

Redbow ივენთ მენეჯმენტის კომპანიაა, თუმცა ის ურთიერთობებს აშენებს. გუნდს კარგად ესმის, რომ კორპორაციული ღონისძიება ერთი დღისთვის არ იქმნება, ის ბრენდის და ადამიანების მნიშვნელოვანი შეხების წერტილია, სადაც მყარდება, შენდება და ყალიბდება ურთიერთობები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთიანი ძალებით შეიქმნა ბრენდი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ჩვეულებრიობის გარღვევაა — Disrupt the ordinary. 

ტრანსფორმაციისა და ინოვაციის ენერგია ბრენდს დასაბამიდან მოჰყვება, ბრენდის მმართველების მიზანდასახულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ემოციური ინტელექტი ბრენდის ხასიათშიც იგრძნობა, სწორედ ამიტომ, ბრენდი არქეტიპით ჯადოქარია. მას აქვს უნარი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მოვლენები განსაკუთრებულ გამოცდილებებად აქციოს და ადამიანებს შორის გააჩინოს ნაპერწკალი, შექმნას კავშირები, რომლებიც დროს უძლებს.

ბრენდის სახელიც სწორედ ურთიერთობების შენებას, ადამიანების დაკავშირებას გამოხატავს. გარდა ამისა, სახელი ბრენდის პოზიციონირებას ეხმიანება — როგორც წითელი ბაფთის შებმით ხდება ნებისმიერი უბრალო ნივთი განსაკუთრებული, ისე Redbow აქვს უნარი, ყოველდღიური რუტინა საინტერესო და დაუვიწყარ გამოცდილებად აქციოს. ბრენდის აღნიშნული მიდგომა გამოხატულია, როგორც მის საქმიანობასა და სერვისებში, ისე მომხმარებელთან თუ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში, რასაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ

რაც შეეხება Redbow-ს ახალი ლოგოს კონცეფციასა და მის კავშირს ბრენდის იდენტობასთან, ამ და ვიზუალური ბრენდინგის სხვა ნაწილებზე მარკეტერი ბრენდის დიზაინერ ტატა მეგრელიშვილთან ერთად მოგიყვებათ:

M: ტატა, გვესაუბრეთ ახალი ლოგოს კონცეფციაზე… როგორ უკავშირდება იგი ბრენდის იდენტობას?

ტატა მეგრელიშვილი, ბრენდის დიზაინერი

Redbow-ს ლოგო მონოგრამაა — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ლოგოს ტიპი დიზაინის ინდუსტრიაში. მონოგრამები, როგორც წესი, გამოირჩევიან სიმარტივით, დროში მდგრადობით და დასამახსოვრებელი ფორმებით. ისეთი გლობალური ბრენდები, როგორებიცაა McDonald’s, IBM, CNN, Chanel და სხვები, სწორედ ამ ტიპის ლოგოებს იყენებენ. სწორედ Redbow-ს ამბიციური და ლიდერული ხასიათიდან გამომდინარე აირჩა ლოგოს ეს ტიპი. 

გარდა ამისა, ასო R გარდაიქმნა ადამიანის ფიგურად — რაც პირდაპირ გამოხატავს კომპანიის არსს: ადამიანებზე ორიენტირებულ, ჰუმანურ და ინდივიდუალურ მიდგომაზე დამყარებულ მომსახურებას. სწორედ ეს არის კომპანიის მთავარი ღირებულება — ადამიანებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა. ფიგურას დამატებული აქვს ბაფთა, რაც არა მხოლოდ სახელწოდების Redbow ასოციაციას იწვევს, არამედ ხაზს უსვამს ბრენდის არქეტიპს — ჯადოქარს (Magician), რომელსაც შეუძლია ყოველდღიური მოვლენები ჯადოსნურ, გამორჩეულ რეალობად გარდაქმნას. შესაბამისად, R-ის ფიგურით და ბაფთით დატვირთული მონოგრამა ემსახურება როგორც ვიზუალურ იდენტობას, ისე ბრენდის ღირებულებებისა და ფილოსოფიის გადმოცემას.

M: ლოგოს გარდა, კიდევ რომელ ძირითად ელემენტებს აერთიანებს Redbow-ის ვიზუალური ბრენდინგი?

ბრენდის ელემენტად, ლოგოს გარდა, გამოიყენება ასევე პატერნი, რომელიც ლოგოს მრავალჯერადი გადამრავლებით მიიღება. ორი ფიგურის ერთმანეთის მიმართ სარკისებური განლაგების შედეგად იქმნება კომუნიკაცია და კავშირი, რაც პირდაპირ ასახავს ღონისძიების ხასიათს. ბრენდის მთავარი ფერია წითელი, რომელიც ასევე სახელწოდებიდან გამომდინარეობს და ბრენდს თამამ, შეუპოვარ ხასიათს მატებს…

სწორედ ასე აპირებს Redbow მისიის შესრულებას, საკუთარი კვალის დატოვებას ინდუსტრიაში — TO LEAVE A MARK, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, იმგვარი გამოცდილებების შექმნას გულისხმობს, რომლებიც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ღონისძიებების მართვის სფეროში. 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი
[R]

6 ემოცია, რომლებიც რთული საუბრების დროს იჩენს თავს

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს