ღონისძიებების შექმნა ცალკე ხელოვნებაა – სიზუსტის ხელოვნება. ესაა პროცესი, რომელსაც დეტალებზე ორიენტირება, დროის კარგი მენეჯმენტი და კრეატიულობა სჭირდება. დამკვეთებისთვის ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც არ უნდა ჰგავდეს სხვას, ამ ჩანაფიქრის რეალობად ქცევა კი ივენთკომპანიებს ევალებათ. მათ ხელშია ის რამდენიმე გამორჩეული საათი, რომელიც აღარ მეორდება. ეს ყველაფერი კარგად ესმით RemBow-ში, კომპანიაში 10-წლიანი ისტორიით. სწორედ ამიტომ, უკვე დიდი ხანია, ისინი მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომებით მუშაობენ. ამ ბლოგში უკეთ გაგაცნობთ მათ სამუშაო ეთიკას და გეტყვით, რა ხდის RemBow-ს ღონისძიებებს ასე მიმზიდველს.
„ღონისძიება, ადამიანების მსგავსად, ინდივიდუალურია, არცერთი მათგანი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს. ამას კი განსხვავებული სამუშაო მიდგომების მოფიქრება სჭირდება”, – ამბობს ლევან მდინარაძე, RemBow-ს დამფუძნებელი.
სწორედ ამიტომ, შეიმუშავეს ღონისძიების დაგეგმვის ზუსტი ციკლი, რომელიც, პირველ რიგში, დამკვეთის სურვილების გამორკვევით იწყება.
„ჩვენი მიზანია, სწორად შევიგრძნოთ, რა სჭირდება დამკვეთს, რა მიზნები აქვს, რატომ ატარებს ამა თუ იმ ღონისძიებას – სურს მას გაყიდვების ზრდა, ბრენდის ცნობადობის ამაღლება, ლოიალური პარტნიორების შეძენა თუ სხვა რამ. ამის შემდეგ გადავდივართ ბრენდის შესწავლაზე. ჩვენ დეტალურად ვეცნობით კომპანიის ისტორიას, მის მისიას, საქმიანობასა თუ სამომავლო მიზნებს”, – ამბობს ლევანი.
მისი განმარტებით, ღონისძიება ინვესტიციაა, რომელიც სხვადასხვა პრობლემას უჭრის კომპანიას, მაგალითად, ერთმანეთთან აახლოებს თანამშრომლებს, ასტიმულირებს გაყიდვებს და სხვა.
„ხშირად ჩვენ ვეხმარებით ამ გამოწვევების იდენტიფიცირებაში დამკვეთს და გადაჭრის გზებსაც ვთავაზობთ”.
გადაჭრის გზები კი არაერთია და ამიტომაც RemBow-ს პორტფელში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ნახავთ, მათ შორის კორპორაციულ საღამოებს, ფესტივალებს, თიმბილდინგს თუ სხვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი, რაც RemBow-ს ინდივიდუალურ მიდგომებს გამოხატავს, ღონისძიების კონცეფციის შექმნაა. კონცეფცია გულისხმობს ერთიან ხაზს, რომელსაც ღონისძიების სხვადასხვა ელემენტი ერგება. ამისათვის RemBow-ს გუნდის წევრები თავად ქმნიან ერთგვარ ლეგენდას, ზღაპრულ ამბავს, რომელიც განსაზღვრავს ღონისძიების მიმდინარეობას, შინაარსს, დეკორაციებს და ზოგჯერ – სტუმრების ჩაცმულობასაც კი. რაც მთავარია, ეს კონცეფცია არასდროს მეორდება – ის უნიკალურია ერთი დამკვეთისთვის და მისი ისტორიის ნაწილი ხდება.
„როცა სტუმარი ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოდის, ის მოდის განსაკუთრებულ „ამბავში”, „ისტორიაში”. ამ ისტორიის ნაწილია ღონისძიების ყველა კომპონენტი, მათ შორის სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დეკორაციები, დაჯილდოებები თუ სხვა გასართობი აქტივობები . ჩვენი ერთგული მომხმარებლები და მათი თანამშრომლები ასეთი დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან, სპეციალურად კოსტიუმებსაც კი იკერავენ, რათა ამ დღესასწაულის სრულფასოვან მონაწილედ იგრძნონ თავი”, – აღნიშნავს ლიკა დათუნიშვილი, RemBow-ს გენერალური მენეჯერი.
მხატვრული დაგეგმარების გარდა, RemBow-ს გუნდს სწრაფი ადაპტაციის უნარიც გამოარჩევს. როგორც თავად ამბობენ, ღონისძიება ცოცხალი ორგანიზმია და ზოგჯერ რადიკალურ ცვლილებებსაც საჭიროებს. ამ დროს კი მოქნილობა ყველაზე საჭირო უნარია.
„თითოეული ღონისძიება ჩვენთვისაც რაღაც ახლის მომტანია. ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ პროცესში და რაც მთავარია, ადგილზევე ვინიშნავთ იმ დეტალებს, რასაც მომდევნო ღონისძიებაზე გავაუმჯობესებდით. ჩვენთან ღონისძიების დასასრულს არ მთავრდება დამკვეთთან კომუნიკაცია. ვიღებთ დეტალურ უკუკავშირს და ვისმენთ მათ სამომავლო სურვილებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ წლიდან წლამდე პარტნიორი კომპანიები კვლავ გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს”, – ამბობს ლიკა.
რაც მთავარია, ყველაზე დიდი მოტივაცია RemBow-თვის კმაყოფილი მომხმარებელია. კარგი ღონისძიების ნიშანი კი სტუმრების ჩართულობა და მათი დადებითი ემოციებია.
RemBow აგრძელებს განვითარებას და სამომავლოდ ადგილობრივ ბაზარს არაერთი მასშტაბური ღონისძიებით დაამახსოვრებს თავს.
[პარტნიორის კონტენტი]