„ისტორიების” მკითხველს მრავალი სტატია აქვს წაკითხული სხვადასხვა კომპანიის განვითარების გზის შესახებ, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებულ ბრენდზე უნდა გიამბოთ. Remington, ძირითადად, მონადირეებისა და მიზანში მსროლელთა საკულტო ბრენდია, რომელიც უკვე ორი საუკუნეა არსებობს და დღესდღეობით, იარაღის გარდა, თავის მოვლის საშუალებებითაც იწონებს თავს, როგორებიცაა: საპარსი, თმის საჭრელი და სხვა.
ისტორია
Remington-ის ისტორია იწყება 1816 წელს დაარსებული ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებლის E. Remington and Sons-ის ჩამოყალიბებით. ეს კომპანია თავდაპირველად, გამომგონებელ კრისტოფერ შოლზთან ერთად, QWERTY კლავიატურის მქონე საბეჭდი მანქანის განვითარებაზე მუშაობდა, რომელიც დღესაც გამოიყენება.
1886 წელს E. Remington & Sons-მა გაყიდა საბეჭდი მანქანების კომპანია და გაერთიანდა Rand Kardex Corporation-თან 1927 წელს. მას სახელწოდებაც შეეცვალა – Remington Rand. გაერთიანებულმა კომპანიამ დაიწყო სხვადასხვა საოფისე აღჭურვილობის წარმოება და მოწინავედ იქცა ამ მიმართულებით.
ინოვაცია ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში
Remington-ის სახელი სწრაფად იქცა ინოვაციისა და ხარისხის სინონიმად ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში. კომპანია პასუხისმგებელი იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული შაშხანის, Remington Model 1858-ის წარმოებაზე, მოგვიანებით კი შეიმუშავა თოფების ფართო სპექტრი, მათ შორის ე.წ. პისტოლეტები. Remington-ის ცეცხლსასროლი იარაღი პოპულარული გახდა როგორც სამხედროებში, ასევე სამოქალაქო პირებში შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ.
გადასვლა თავის მოვლის საშუალებებზე
1937 წლიდან კომპანია ახალ მიმართულებაზე, კერძოდ, ელექტროსაპარსების გამოშვებაზე გადავიდა. მისი პირველი მოდელი იყო Remington Model E.
1950-იანი წლებისთვის კი ბრენდმა პერსონალური მოვლის კუთხით გაფართოება დაიწყო. პროდუქტების ხაზი მან საპარსების, თმის საშრობებისა და თავის მოვლის სხვა მოწყობილობების დამატებით გაზარდა. ბრენდი ამ მიმართულებითაც სწრაფად გახდა ცნობილი, განსაკუთრებით, მისი ინოვაციური ელექტროსაპარსის გამო, რომელიც მამაკაცებსა და ქალებს მოვლის რუტინის შესანარჩუნებლად მოხერხებულ და ეფექტურ საშუალებას სთავაზობდა.
ზრდა და გამრავალფეროვნება
მთელი მე-20 საუკუნე Remington-მა ინოვაციებსა და პროდუქციის სრულყოფას დაუთმო, რამაც მას ძლიერი ადგილი დაუმკვიდრა გლობალურ ბაზარზე. უსადენო საპარსის და მოვლის ნაკრების დანერგვამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი, როგორც პიონერის რეპუტაცია ბიზნესში. ბრენდის პროდუქცია პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში.
საუკუნის დასასრულს Remington-მა ცვლილებები განიცადა. 1979 წელს, ვიქტორ კიამმა, ამერიკელმა მეწარმემ, პერსონალურად გამოიყენა ბრენდის საპარსი და გადაწყვიტა, ეყიდა ეს კომპანია. მისმა ჩართვამ ბრენდის საქმეებში განახლებული ენერგია მოიტანა, ხოლო ქარიზმატული რეკლამების წყალობით, კიდევ უფრო საყვარელ და პოპულარულ ბრენდად იქცა.
2003 წელს Remington შეიძინა Spectrum Brands Holdings-მა, რითაც ის კიდევ უფრო გაიზარდა და პორტფელიც გააფართოვა.
Remington დღეს
დღეს ამ ბრენდს ყველა იცნობს და მისი მთავარი ნიშა ტექნოლოგიური ინოვაციებისადმი ერთგულებაა. ის ხშირად წარმოაჩენს პროდუქტებს, რომლებსაც უახლესი მახასიათებლები აქვს: მოწინავე კერამიკული საფარი, ციფრული ტემპერატურის კონტროლი და სხვა.
რომ შევაჯამოთ, Remington-ის მოგზაურობა ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებლიდან პერსონალური მოვლის გლობალურ ლიდერამდე, დასტურია იმისა, რომ ეს ბრენდი ადაპტაციებს მარტივად გადის და ინოვაციებს არ უშინდება. თავისი 200 წლიანი ისტორიის განმავლობაში, Remington განვითარდა მომხმარებლის მოთხოვნილებების მიხედვით, ხარისხსა და შესრულებაზე ფოკუსირებით.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი