28
Dec
2018

„რემინისი“ – ბუნებრივი ყვავილების თაიგული შუშის ჭურჭელში

28 Dec 2018

Startauperi
Startauperi


რემინისი“ შუშის ჭურჭელში მოთავსებული ბუნებრივი ყვავილებია. სტარტაპის დამფუძნებლების თქმით, თაიგული, პირველად იერსახეს, მინიმუმ, ხუთი წელი ინარჩუნებს და რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ქართული ბაზარზე აბსოლუტურად განსხვავებული სერვისი შექმნეს.

მისი დამფუძნებლები ნუკა მაღლაკელიძე და ვლადიმირ უგულავა არიან. შეკვეთების მიღება, ოფიციალურად, 15 დეკემბრიდან დაიწყეს.

ნუკა მაღლაკელიძე – „რემინისის“ დამფუძნებელი

ნუკა მაღლაკელიძე: მე და ვოვა ერთად ვმუშაობდით. სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა საკუთარი საქმის დაწყება. წლების შემდეგ ეს სურვილი ვოვას გავუზიარე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვეოდა. თავიდანვე ზუსტად ვიცოდით ერთი რამ –  ბაზარზე რაღაც ახალი უნდა შეგვექმნა. ასე გაჩნდა „რემინისი“, რომელიც უდაოდ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.

M: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?   

ვლადიმირ უგულავა – „რემინისის“ დამფუძნებელი

ვლადიმირ უგულავა: „რემინისი“ ეს არის შუშაში მოთავსებული ბუნებრივი ყვავილები, რომელიც პირველად იერსახეს, მინიმუმ, ხუთი წელი ინარჩუნებს. შეიძლება იყოს თაიგულის ახალი, დიდი ალტერნატივა, სასიამოვნო დეკორი ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის. ამ ყვავილების შეძენის შემთხვევაში, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, შუშიდან, მტვრის გადაწმენდის გარდა.

M: როგორ და სად ქმნიან ამ თაიგულებს? 

ვ.უ. :რემინისი„ მზადდება აზიაში, სადაც ორქიდეისა და ვარდის პლანტაციებია. ყვავილები სპეციალური ტექნოლოგიით მუშავდება. სწორედ ამის დამსახურებით ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს ასე დიდი ხანი. ხშირად გვეკითხებიან, მხოლოდ ყვავილებია ბუნებრივი თუ დანარჩენი ფოთლები და მცენარეებიც. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ბუნებრივია.

M: თქვენთან მხოლოდ წინასწარ დამზადებულ თაიგული იყიდება? 

ვ.უ.: ძირითადად, წინასწარ დამზადებული კომბინაციები გვაქვს, რომლებსაც ვათავსებთ facebook-სა და ვებგვერდზე. ასეთ შემთხვევაში, შეკვეთა კურიერს მიაქვს ადგილზე. ჩვენი პროდუქცია იყიდება სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ პირველ სართულზეც. მომხმარებლის შერჩეული კომბინაციითაც ვამზადებინებთ თაიგულს. რეალურად, ყველაფრის განხილვა შესაძლებელია.

M: რაც შეეხება მის სახელსა და ლოგოს . . . 

ნ.მ. : სახელის მოფიქრება ჩვენთვის ერთ-ერთი რთული ამოცანა იყო. გვინდოდა, რომ ასოცირებული ყოფილიყო სიმშვიდესთან, სილამაზესთან, მოგონებებთან, ძვირფას მომენტებთან. „რემინისი“ სწორედ გახსენებას, შეხსენებას ნიშნავს (ფუძე უკავშირდება ინგლისურ სიტყვა „remind-ს“ ). რადგან ყვავილები დიდი ხანი ძლებს და ცოცხალია,  მრავალი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი სიტუაციის მომსწრე გახდება. მათი ყურება ბევრ ძვირფას მომენტს გაახსენებს ნებისმიერს. მომხმარებელი შეძლებს საკუთარი ცხოვრების მომენტები უჭკნობ სილამაზედ აქციოს. ვიზუალის შექმნაში ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა. მას ავუხსენით, რა გვინდოდა, რომ ლოგოს „ეთქვა“. პირველი ვერსია რომ შემოგვთავაზა, მცირედი მოდიფიკაციები შევიტანეთ. მეორე ვერსია კი უკვე ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გვინდოდა. ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან გაგვიმართლა.

M: ვისთვის არის „რემინისი“?

ნ.მ. : „რემინისის“ ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მხოლოდ ქალების, ან თუნდაც, ბავშვებისთვის არ არის.  ის ყველასთვისაა, ვისაც სურს საკუთარი ცხოვრების სასიამოვნო მომენტების შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ვისაც უყვარს ბუნებრივი ყვავილები, მაგრამ მის მოსავლელად დრო არ აქვს, ან ალერგია აწუხებს, ან თუნდაც, ცოცხალი ყვავილის ყოველ დღე ყიდვა დიდ ხარჯებთან ასოცირდება.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ? 

ნ.მ. : ასორტიმენტის გაფართოებას და სხვა საინტერესო მიმართულების დამატებას ვაპირებთ, რომელიც ასევე ახალი იქნება საქართველოს ბაზრისთვის. უფრო შორეული გეგმები კი ამ ყვავილების წარმოების საქართველოში დაწყებას უკავშირდება. გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ამ პროდუქციის მიმწოდებელი სხვა ბაზრებისთვის.

 

განხილვა