in

არიან თუ არა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები ნაკლებად პროდუქტიულები?

შესაძლებელია თუ არა, რომ დისტანციურმა მუშაობამ სრულად ჩაანაცვლოს საოფისე ფორმატი? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ ორგანიზაციას აინტერესებს, რომლებმაც რაღაც ფსონები უკვე დადეს კიდეც… თუმცა ნაწილი მაინც ოფისში სრულად დაბრუნების მომხრეა. ისიც მართალია, რომ დისტანციური მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე მრავალი კვლევა ჩატარდა, მაგრამ ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. 

კონკრეტულად კი, თანამშრომლების ოფისში დაბრუნების ერთ-ერთი გავრცელებული არგუმენტი ის არის, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანები სამსახურში ნაკლებად ჩართულები არიან, რის შედეგადაც კოლეგებთან ნაკლები ურთიერთქმედება აქვთ. ეს კი ორგანიზაციული მუშაობისა და ინოვაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორ შეიცვალა დისტანციური თანამშრომლობა?

იმისათვის, რომ კონკრეტული საკითხი უფრო სიღრმისეულად გამოეკვლიათ, მონაცემები 10 დიდი გლობალური ორგანიზაციის Zoom, Microsoft Teams და WebEx შეხვედრებიდან მიიღეს. ეს მოიცავს ტექნოლოგიის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროებს. მონაცემების ანალიზმა კი 4 ძირითადი გზა გამოავლინა, თუ როგორ შეიცვალა დისტანციური შეხვედრები მას შემდეგ, რაც პანდემიამ ადამიანები ამ რეალობის წინაშე დააყენა.

დისტანციური შეხვედრები უფრო ხშირი გახდა — სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2020 წელთან შედარებით, 2022 წელს დისტანციურ შეხვედრათა რაოდენობა თითოეული თანამშრომლისთვის 60%-ით გაიზარდა.

დისტანციური შეხვედრები უფრო მოკლე გახდა — შეხვედრების ხანგრძლივობა 25%-ით შემცირდა, მაგალითად, თუ 2020 წელს 43 წუთი იყო, წელს იგი 33 წუთს შეადგენს.

დისტანციური შეხვედრები უფრო პატარა გახდა — თუ 2020 წელს შეხვედრას საშუალოდ 20 მონაწილე ესწრებოდა, 2022 წელს მაჩვენებელი განახევრდა. ეს კი ერთი-ერთზე შეხვედრების გაზრდით არის გამოწვეული, რაც 2022 წელს 25%-ით გაუმჯობესდა. ამასთან, თუ გუნდური შეხვედრები 40 წუთს გრძელდება, პირისპირ შეხვედრების ხანგრძლივობა 22 წუთს შეადგენს.

დისტანციური შეხვედრები უფრო სპონტანური გახდა — 2020 წელს პირისპირ შეხვედრების მხოლოდ 17% თუ იყო დაუგეგმავი, წელს ეს მაჩვენებელი 66%-ს აღწევს.

კონკრეტული მონაცემების თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები მეტად ურთიერთობენ თავიანთ კოლეგებთან. დისტანციური ურთიერთქმედება უფრო უახლოვდება პირისპირ შეხვედრების იდეასაც — მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანები ფიზიკური შეხვედრის დანაკლისის შევსებას სპონტანური დისტანციური შეხვედრების ჩატარებით ცდილობენ.

რეკომენდაციები შეხვედრებისთვის

რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ დისტანციური შეხვედრები ბოლო 3 წლის განმავლობაში თანამშრომლების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. აქ კი კვლევა მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით 3 რეკომენდაციას გთავაზობთ:

დანერგეთ სინქრონული სამუშაო გრაფიკები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის

მნიშვნელოვანია, სპონტანური დისტანციური შეხვედრებისთვის გაითვალისწინონ, რომელ სასაათო სარტყელში არიან თანამშრომლები და ყველასთვის ოპტიმალური დრო შეარჩიონ. დასაქმებულებთან სინქრონულად ყოფნა მუშაობის ხარისხს გააუმჯობესებს. დიახ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სინქრონულობასა და შეხვედრებს გარკვეული ღირებულება აქვს, რადგან დრო მიდის… მსგავსად თქვენი საქმეების რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ კიდეც, ამიტომ სამსახურში, როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული კომბინაციების გამოყენება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გაამარტივეთ ადამიანების შეხვედრის პროცესი

კარგი იქნება თუ სხვა გზებსაც იპოვით შეხვედრებისთვის საჭირო ძალისხმევისა და დაძაბულობის შესამცირებლად. მაგალითად, შესაძლოა, ხშირმა ვიდეო შეხვედრებმა თანამშრომელი გამოფიტოს. ამიტომ, ერთ-ერთ რჩევად კამერის გათიშვას გვთავაზობენ, რადგან ეს დაძაბულობას მეტად ამცირებს. მეტიც, მხოლოდ აუდიო ზარებს მრავალი სარგებელი აქვს — კომუნიკატორი უფრო ავთენტურად აღიქმება, კომუნიკაციაში ჩართულ პირებს შორის კი უფრო ძლიერ სოციალურ კავშირებს აყალიბებს. გამოდის, ვიდეო ზარების ქონა დროის ფუჭად კარგვა კი არ არის, არამედ მას ფასდაუდებელი ღირებულებაც შეიძლება ჰქონდეს.

შეეცადეთ თანამშრომლები კვლავ სამსახურში ჩართულები გახადოთ

კვლევის თანახმად, თანამშრომლები, რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობებში, უფრო ნაკლებ შეხვედრებსაც ესწრებიან. და თუ დასაქმებისა და ახალი თანამშრომლის დატრენინგების სირთულეებს გავითვალისწინებთ, უკვე არსებული კოლეგის სამსახურში ხელახლა ჩართვაზე მუშაობა ნამდვილად ღირს. მათ იდენტიფიცირებას კი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლებთ…

რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი უბრალოდ დასაქმებულების იძულება არ უნდა იყოს, რათა შეხვედრებს დაესწრონ. სანაცვლოდ, ღიად ესაუბრეთ მათ, რათა გაიგოთ, რატომ არის ნაკლებად აქტიური. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ისინი სამუშაოს მოსაწყენად თვლიან ან ფიქრობენ, რომ არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. შემდეგ კი, ამ საკითხების მოგვარება სცადეთ. შედეგად, თქვენ ამას თანამშრომლის გამოცდილების გაუმჯობესებით გააკეთებთ.

ხოლო, როცა ამაზე ინდივიდუალურ დონეზე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიცვალა თანამშრომლებთან შეხვედრის ტიპები დროთა განმავლობაში. თუ ამას შეხვედრების რაოდენობების მიხედვით განსაზღვრავთ, შესაძლოა, არასწორ შედეგებამდე მიხვიდეთ, რადგან ზოგიერთი თანამდებობა საერთოდ არ მოითხოვს ხშირ შეხვედრებს. და თუ ამ მეთოდის გამოყენება არ გსურთ, უფრო მარტივი მიდგომაა, წაახალისოთ მენეჯერები, ჩამოაყალიბონ უფრო ღია ურთიერთობა თანამშრომლებთან და უთხრან, სად გრძნობენ და სად არა მათთან კავშირს. მსგავსი მიდგომით დასაქმებულთა მოტივაციაც იზრდება და ისინი უფრო ინოვაციურები ხდებიან.

დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული კვლევა გამოწვევის წინაშე აყენებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დისტანციური მუშაობით რაღაც მნიშვნელოვანი იკარგება. შედეგად, დისტანციური შეხვედრები უფრო ხშირი, ეფექტური და სპონტანური გახდა. მეტიც, თანამშრომლები დისტანციურ ფორმატთან მარტივად ადაპტირდნენ და ოფისში მუშაობის დანაკლისიც შეივსეს.

წყარო: HBR



„სიმეტრიული” ბრენდინგი და ფილოსოფია, რომელსაც „სიმეტრია” ქმნის – ახალი სტრატეგია და ბრენდბუქი

„გობლინის რეჟიმი“ 2022 წლის ტერმინად დასახელდა