სრულად დისტანციურ გარემოში პასიური მენეჯერი შეიძლება იყოს როგორც შესაძლებლობების მომცემი, ასევე დიდი გამოწვევაც. დიახ, შეიძლება გქონდეთ გარკვეული ავტონომიურობა, მაგრამ მენეჯერთან მკაფიო და თანმიმდევრული კომუნიკაცია აუცილებელია შედეგების მისაღებად. მენეჯერის მოლოდინების ცოდნა მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად, ხოლო ხილვადობის მოპოვება აუცილებელია ნებისმიერ როლში წარმატებისთვის. ეს კი რთულდება, თუ თქვენი უფროსი ვერ ხედავს თქვენს ძალისხმევას. ეს პრობლემები ყოველთვის არსებობს პასიურ მენეჯერთან, მაგრამ ისინი კიდევ უფრო რთულდება დისტანციურ გარემოში, სადაც უფროსთან წვდომა შეზღუდულია.
გაითვალისწინეთ თქვენი და თქვენი მენეჯერის სამუშაო სტილი
დისტანციურ გარემოში თქვენ უნდა იყოთ კონკრეტული, თუ როდის და როგორ ურთიერთობთ თქვენს მენეჯერთან. თუ ისინი ბუნებრივად პასიურები არიან, თქვენი სამუშაო სტილების გაგება, როგორ ამჯობინებთ დავალებებისა და პროექტების მიდგომას, კომუნიკაციას და პრობლემების გადაჭრას, შეიძლება დაგეხმაროთ ისეთი რიტმის დადგენაში, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება.
თქვენი მენეჯერი ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, თუ არ ესმის, როგორ მუშაობთ საუკეთესოდ, და თქვენ ვერ შეასრულებთ საუკეთესო სამუშაოს, თუ არ გესმით თქვენი მენეჯერის მოლოდინები. სწორედ ამიტომ საჭიროა შეთანხმება.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
- რა მირჩევნია მეტი ხელმძღვანელობა ჩემი მენეჯერისგან, თუ ვამჯობინებ ჯერ თვითონ ვცადო და ვისწავლო, თუნდაც შეცდომებზე?
- როგორც მიჯობს, მივიღო დეტალური გეგმა მენეჯერისგან პროექტებზე მუშაობისას და რეგულარულად შემომოწმოს თუ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა საკუთარ თავს ვაკონტროლებ?
- როდის უკეთ ვიღებ უკუკავშირს, როცა ჩემი მენეჯერი პირისპირ მაწვდის მას?
- მაქვს კონკრეტული ღირებულებები, რომლებიც მამოძრავებს საქმეში?
ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი არჩევანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ და ნათლად გაიაზროთ ღირებულებები, რომლებიც წარმართავს თქვენს სამუშაოს. როდესაც ეს ინფორმაცია გექნებათ, გაუზიარეთ თქვენს მენეჯერს. წინასწარ აცნობეთ, რომ გსურთ განიხილოთ თქვენი სამუშაო სტილი, რათა გადაჭრათ ნებისმიერი შეუსაბამობა თქვენს მიდგომებს შორის დავალებებისა თუ პროექტების მიმართ.
თავად გამოდის პირისპირ შეხვედრების ინიხიატივით, თუ ამას თქვენი მენეჯერი არ აკეთებს
მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი მენეჯერი შეთანხმდებით თქვენს სამუშაო სტილზე, თავად აიღეთ კომუნიკაციის ვალდებულება. მაშინაც კი, თუ გირჩევნიათ უფრო ავტონომიურად იმუშაოთ პროექტებზე, გირჩევთ დაგეგმოთ რეგულარული პირისპირ შეხვედრა თქვენს უფროსთან. ეს შეხვედრები არ უნდა იყოს რამდენიმესაათიანი საუბრები ან ფორმალური უკუკავშირის სესიები. ისინი შეიძლება იყოს სწრაფი 15-30 წუთიანი შემოწმებები. ამ ყველაფრის მიზანია გქონდეთ რეგულარული პირისპირ შეხვედრა თქვენს უფროსთან, იყოთ ერთ აზრზე.
ასევე უნდა დატოვოთ ადგილი მიღებული დადებითი უკუკავშირის ხსენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თქვენი მიღწევების გაზიარება შეიძლება უხერხულად მოგეჩვენოთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა თქვენი კარგი სამუშაოს წინა პლანზე შესანარჩუნებლად. გახსოვდეთ, თქვენს უფროსს ბევრი თავსატეხი აქვს და შეიძლება არ იყოს გათვითცნობიერებული თქვენს პატარ-პატარა ან დიდ გამარჯვებებში. თქვენ არ ხართ ოფისში, სადაც შეგიძლიათ თქვენი პროექტების შესახებ არაფორმალურად ისაუბროთ სადილის დროს, ამიტომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.
დაამყარეთ ურთიერთობები თქვენი მენეჯერის კოლეგებთან
თქვენი მენეჯერი თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ერთადერთი. მის კოლეგებს შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ თქვენი ხილვადობის შენარჩუნებაში, როდესაც არ ხართ ოთახში – და რადგან დისტანციურად მუშაობთ, სავარაუდოდ ხშირად არ იქნებით „ოთახში“.
თქვენი უფროსის პარალელურ ლიდერებს ასევე შეუძლიათ შემოგთავაზონ უნიკალური შესაძლებლობები, რომლებსაც პასიური მენეჯერი შეიძლება გამოტოვებს ან არ მიიჩნევს დაუყოვნებელ პრიორიტეტად. ეს მოიცავს დეპარტამენტთაშორის თანამშრომლობას, კომპანიის საქმიანობის უფრო ფართო ხედვას და შანსს გაზარდოთ თქვენი გავლენა და ზემოქმედება უშუალო გუნდის მიღმა.
როგორ განვავითაროთ ეს ურთიერთობები?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არ გადააბიჯოთ საზღვრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა იყოთ გამჭვირვალე თქვენს მენეჯერთან. პირისპირ შეხვედრის დროს აცნობეთ მას, რომ დაინტერესებული ხართ სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან კონტაქტით, რათა უკეთ გაიგოთ, როგორ მუშაობს ორგანიზაცია. ჰკითხეთ, ხომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ კონკრეტულ იმ ადამიანებს შეხვდებით არაფორმალურ გარემოში, ვისთანაც გსურთ კონტაქტი.
თუ მიიღებთ „თანხმობას“, შეუდექით საქმეს, მაგრამ იყავით მიზანმიმართული თქვენს კონტაქტებში. იფიქრეთ იმაზე, ვისი სამუშაო შთაგაგონებთ ან ვის ექნება დადებითი გავლენა თქვენს საქმეზე. შემდეგ მოემზადეთ შეხვედრისთვის კითხვებით. გამოიყენეთ დრო სხვა ლიდერის როლის, გამოწვევებისა და კომპანიის მისიის შესახებ მათი შეხედულებების შესასწავლად. ასევე მზად უნდა იყოთ საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო მიზნების შესახებ სასაუბროდ.
ეს არის პირველი ნაბიჯი პოზიტიური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და მაღალ თანამდებობის პირებს შორის კარგი რეპუტაციის დასამკვიდრებლად. თუ რეგულარულად გამოიყენებთ ნეთვორქინგს, შეიძენთ მოკავშირეებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა მთელს ორგანიზაციაში და როდესაც საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება თანამშრომლობისთვის, უპირატესობა გექნებათ მათ მოსაპოვებლად.
წყარო: HBR