in

როგორ დავეხმაროთ დისტანციურ თანამშრომელს გადაწვის დროს

Gallup-ის პროგნოზის მიხედვით, მომუშავე ადამიანებიდან, ყველა განიცდის პროფესიულ გადაწვას კარიერის რომელიმე ეტაპზე. ზოგიერთი შეფასებით, თითქმის ყოველი მეორე მათგანი რეგულარულად გადის ამ რთულ პერიოდს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებსა და მეცნიერებს მოტივაცია აქვთ ებრძოლონ გადაწვას, მისი გამოვლენა რთულია. თანამშრომლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ამ მდგომარეობაში არიან და ხშირად ურევენ ნორმალურ სამუშაო სტრესში ან სულაც, სამუშაო წნეხთან ბუნებრივ ადაპტაციად აღიქვამენ. მაშინაც კი, როდესაც აცნობიერებენ, თანამშრომლებს ხშირად ერიდებათ მის შესახებ საუბარი, ფიქრობენ, რომ ეს მათივე ბრალია, ან დარდობენ, რომ შეიძლება სუსტად აღიქვან. თანამედროვე სამუშაო პირობები, განსაკუთრებით ჰიბრიდული მუშაობა, სახლიდან მუშაობა, ამცირებს მენეჯერების შესაძლებლობას გამოავლინონ გადაწვა თავიანთ გუნდებში.

საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური გზები, რომლითაც მენეჯერებს შეუძლიათ უკეთ გამოავლინონ გადაწვის ნიშნები თავიანთ გუნდებში, მაშინაც კი, როდესაც მათ არ აქვთ ხშირი ფიზიკური სიახლოვე გუნდის წევრებთან. მართლაც, ქცევითი და კომუნიკაციური სიგნალების მეტი ყურადღებით შესწავლით, მენეჯერებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავიანთი უნარი და დროულად შენიშნონ გადაწვა დისტანციურ თანამშრომლებში.

დააკვირდით ჩართულობის დონის ცვლილებებს

როგორც არ უნდა გამოვლინდეს გადაწვა, ის ტიპურად შეცვლის თანამშრომლის ჩვეულ ქცევით მოდელებს. თანამშრომლები, რომლებიც ადრე აქტიურები იყვნენ, შეიძლება გახდნენ უფრო პასიურები ან ჩაკეტილები.

მეტა-ანალიტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩართულობის შემცირება ხშირად წინ უსწრებს გადაწვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკავშირდება გარე დაუსრულებელ წნეხს.

ყურადღება მიაქციეთ, რამდენად აქტიურად მონაწილეობენ თანამშრომლები ვირტუალურ შეხვედრებში. ენთუზიაზმის უეცარი დაცემა, დისკუსიებში ნაკლები წვლილის შეტანა, თვალით კონტაქტის თავიდან არიდება, ან კამერების გამორთვა (განსაკუთრებით, თუ ჩვეულებრივ ასე არ იქცევიან) შეიძლება იყოს გადაწვის ნიშნები.

სამუშაოს შესრულება და ვადები

ეძებეთ შესრულების დონის დაცემის, გაცდენილი ვადების, ან მათ სამუშაოში შეცდომების გაზრდილი რაოდენობის ნიმუშები. თუ თანამშრომელი, რომელიც ჩვეულებრივ კარგად ასრულებს სამუშაოს, იწყებს მოლოდინების დაკმაყოფილებასთან ბრძოლას, ეს შეიძლება იყოს გადაწვის სიგნალი, განსაკუთრებით სხვა ნიშნებთან კომბინაციაში.

აღსანიშნავია, რომ გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ადამიანების განცდა, რომ მათ არ აქვთ საჭირო რესურსები, თავისუფლება ან დრო თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად. ამიტომ, უბრალოდ იკითხეთ, რამდენად გრძნობენ ადამიანები მხარდაჭერას – გრძნობენ თუ არა, რომ აქვთ პირობები წარმატებისა და განვითარებისთვის.

ეძებეთ დაღლილობის ან გამოფიტვის ნიშნები

თანამშრომლები, რომლებიც გადაწვის მდგომარეობაში არიან, შეიძლება დაღლილად ან გაფანტულად გამოიყურებოდნენ ვირტუალური შეხვედრების დროს. მათ შეიძლება ხშირად დაამთქნარონ, გამოავლინონ დაბალი ენერგია, ან მენტალურად დისტანცირებულად ჩანდნენ. ისეთი ფრაზების გადაჭარბებული გამოყენება, როგორიცაა „ძალიან დაკავებული ვარ“ ან „უბრალოდ, გამოფიტული ვარ“ შეიძლება იყოს გადაწვის მკაფიო სიმპტომები.

დააკვირდით კომუნიკაციის პატერნს

კომუნიკაციის ცვლილებები, როგორიცაა შემცირებული რეაგირება ელფოსტაზე ან ჩატებზე, ან უფრო მოკლე და ნაკლებად გააზრებული პასუხები, შეიძლება გადაწვაზე მიუთითებდეს. თანამშრომლები, რომლებიც ნაკლებად იფიქრებენ ახალ იდეებს, თავს იკავებენ გუნდური დისკუსიებისგან, ან აცდენენ შეხვედრებს, შეიძლება იყვნენ გადაწვის პრობლემის წინაშე იდგნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რას ამბობენ ადამიანები, როგორ ამბობენ და როგორ გამოიყურებიან, განსაკუთრებით მათ ნორმალურ საბაზისო მდგომარეობასთან შედარებით.

შეხვდით და გადაამოწმეთ ეს ვარაუდი პირისპირ

რეგულარული გადამოწმება თანამშრომლებთან მნიშვნელოვანია გადაწვის გამოსავლენად. მენეჯერები ამ ფაქტორს ემპათიით უნდა მიუდგნენ. ვირტუალურ გარემოში, ღია კითხვების დასმა, როგორიცაა „როგორ გრძნობთ თავს, ასეთ სამუშაო პირობებში?“ ან „არის რამე, რაც გთრგუნავთ?“ შეიძლება მენეჯერებს თანამშრომლების ემოციური და მენტალური მდგომარეობის შეფასებაში დაეხმაროთ.

რა თქმა უნდა, მენეჯერების უნარი გამოავლინონ გადაწვის ნიშნები თავიანთ თანამშრომლებში  საკუთარი ემოციური ინტელექტის (EQ) პირდაპირპროპორციული იქნება. მაღალი EQ-ის მქონე მენეჯერები ბუნებრივად კარგად აღიქვამენ სიტუაციას და უფრო მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანების ქცევითი ცვლილებების მიმართ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გადაწვის ნიშნებს შეამჩნევთ დისტანციურ თანამშრომელში

იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად ხედავთ პრობლემას, ეს მხოლოდ სამუშაოს ნახევარია. მთავარი, პრობლემის მოგვარებაა:

გადააფასეთ სამუშაო დატვირთვა და პრიორიტეტები

იმუშავეთ თანამშრომელთან ერთად იმ დავალებების იდენტიფიცირებისთვის, რომელთა დელეგირება, გადავადება ან გამარტივება შესაძლებელია. ფოკუსირდით არა-არსებითი პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე დაუყოვნებელი წნეხის შესამსუბუქებლად.

ხელი შეუწყვეთ მათ ფსიქიკურ აღდგენას

წაახალისეთ თანამშრომელი აიღოს შვებულება ან დააწესოს სამუშაო საზღვრები. დარწმუნდით, რომ გრძნობენ მხარდაჭერას საღამოებში, შაბათ-კვირას და შვებულების დროს განტვირთვაში.

ხელი შეუწყვეთ ღია კომუნიკაციას

შექმენით უსაფრთხო სივრცე თანამშრომლისთვის, სადაც შეძლებს გაგიზიაროთ თავისი გრძნობები განსჯის შიშის გარეშე. უზრუნველყავით მუდმივი მხარდაჭერა თქვენი პირისპირ შეხვედრების დროს.

წაახალისეთ მოქნილი სამუშაო პირობები

შესთავაზეთ კორექტირებები, როგორიცაა დისტანციური მუშაობა, მოქნილი საათები, ან შემცირებული განრიგი, რომ დაეხმაროთ თანამშრომელს ბალანსის აღდგენაში.

წყარო: HBR



ფრილანსერობას აპირებთ? — აი, რა უნდა იცოდეთ

სნუპ დოგი და ტომ ბრედი ერთმანეთს Super Bowl LIX-ის რეკლამაში დაუპირისპირდნენ