in

ქართველი სპეციალისტები დისტანციურად მუშაობაზე გიყვებიან

„იმუშავე საიდანაც გინდა“ – ალბათ ეს სწორედ ის სამი სიტყვაა, რომელიც თავგადასავლებისმოყვარულ დასაქმებულ ადამიანებს ყველაზე მეტად გვიყვარს. დისტანციურად მუშაობა ნიშნავს სრულიად თავიდან აღმოაჩინო საკუთარი თავი. მუშაობის ეს სტილი გეხმარება გაიგო, როგორ იმუშავებდი, თუკი ვერავინ დაინახავდა, რას როგორ აკეთებ.  ასეთ დროს, ყველა შენი კუნთი სხვანაირ მობილიზაციას გადის და ბევრად ძლიერ კონცენტრაციას საჭიროებს, ვიდრე ოდესმე. მნიშვნელოვნად ვითარდება წარმოსახვის უნარიც, რათა მანძილი სწორი კომუნიკაციის შემაფერხებელ ფაქტორად არ იქცეს. დისტანციურად მუშაობის ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ თავისუფლების ის ნაწილია, რომელიც პირადი დროის სასიამოვნოდ გატარებაში გვეხმარება და არ გვაქვს საჭიროება, დაველოდოთ შაბათ-კვირას ან შვებულებას, რომ გადავცხოვრდეთ ზღვისპირეთში, მთის კურორტზე, ტოსკანაში თუ დიდ ბრიტანეთში. დღეს, რესპონდენტები გვიამბობენ, როგორია დისტანციურად მუშაობისა და გუნდის მართვის მათი გამოდილება. ჩვენს შეკითხვებს თიბისის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილი, Leavingstone-ის სინიორ ექაუნთ მენეჯერი ნინი სარალიძე და რე|ბანკის საცალო მარკეტინგის უფროსი დიანა თიგიშვილი პასუხობენ.

M: რითაა შენთვის საინტერესო დისტანციურად მუშაობა?

ნინი სარალიძე

ნინი სარალიძე: „ამ ეტაპზე, დისტანციურად ვმუშაობ იტალიიდან და ვერც წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს უფრო საინტერესო ლოკაცია, ვიდრე ხელოვნების, რენესანსის და მოდის ქვეყანაა. ზოგადად, ჩემთვის გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულია და რადგან ჩვენი სამუშაო სპეციფიკა იძლეოდა ამის საშუალებას. პირველი რაც გავაკეთე, გადმოვინაცვლე ტოსკანის მზის ქვეშ, ბერტოლუჩისეულ სილამაზეში დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ.“

მაშო სამადაშვილი:დისტანციურმა მუშაობამ დიდი თავისუფლება მომცა. შემეძლო რომ ხან ერთ ადგილას ვყოფილიყავი, ხან მეორეგან. 7 თვის განმავლობაში ვიმუშავე ბათუმიდან. შეგრძნება მქონდა რომ თან შვებულებაში ვიყავი და თან ვმუშაობდი. ამან საკუთარ თავთან მუშაობა მასწავლა.

მაშო სამადაშვილი

მე არ შემიძლია  ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა – მაგალითად სანაპიროდან ან მთის წვერიდან, რადგან გარკვეული სამუშაო გარემო მჭირდება. თავად ვადგენდი ჩემს რუტინას – როდის მემუშავა და როდის – აღარ. თავიდან, გამიჯვნა ძალიან გამიჭირდა. მერე დავიწესე, რომ სამუშაო დროის მერე აღარ მემუშავა, თუ რამე სასწრაფო არ ხდებოდა. ამან ძალიან დაალაგა ჩემი დღის განრიგი და „საბას“ ორი დაჯილდოებაც ასეთ რეჟიმში ჩავატარეთ. ახლა, როდესაც უკვე თბილისში ვარ ზაფხულის პერიოდში დავიწყე გასვლა თითო თითო კვირით. სექტემბერში ბრიტანეთში მივდივარ სასწავლებლად სამი თვით იქაც ასეთი გეგმა მაქვს რომ ვიმუშაო და თან ვისწავლო. მთავარი გამოწვევა კი არის დროის განსხვავება. ოფისზე მიჯაჭვულობა არ ნიშნავს საქმის კეთებას. პირადად ჩემთვის, სამუშაოს მოცულობა არ შეცვლილა და დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოფისში ვიქნებოდი თუ სახლში, თუმცა დისტანციურად მუშაობამ საკუთარ თავთან სიმშვიდე მოიტანა.“

M: როგორია მენეჯმენტი ჰიბრიდული მოდელისას, დისტანციურ რეჟიმში?

დიანა თიგიშვილი

დიანა თიგიშვილი: „ჩვენ ძალიან მოქნილად გადავეწყვეთ ამ სისტემაზე. ისედაც ძალიან ბევრს ვკონტაქტობდით გუნდის შიგნით, ოფისშივე, დისტანციური არხებით, ამიტომ შედარებით მარტივი იყო მორგება. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ დისტანციური მუშაობისას საქმეს ძალიან ამარტივებს გუნდი, რომელსაც აქვს თვითმენეჯმენტის კარგი შეგრძნება. ამ პერიოდში კიდევ უფრო კომფორტული გახდა ასეთ კოოპერაციულ გუნდთან მუშაობა. გუნდის ყოველ წევრს აქვს თავისი ჩექლისთი. რა თქმა უნდა, მიწევს ხოლმე პროგრესის გადამოწმება, მაგრამ ეს მუდმივ რეჟიმში არ ხდება. გარდა ამისა გუნდი არ არის დიდი, სულ ექვსინი ვართ და ესეც ამარტივებს საქმეს, რადგან ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.

ყოველი პროექტის დასაწყისში ვათანხმებთ სიას, თუ რა არის გასაკეთებელი და ვინაწილებთ საქმეს, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი. იმისთვის, რომ საქმე გავამარტივოთ, ყოველი დღის დასაწყისში და შეძლებისდაგვარად, ბოლოს, ვაკეთებთ  პატარა სტატუს აფდეითებს: ვინ სად ვართ, დღეს რა გეგმა გვაქვს და დღის ბოლოს უკვე ავღნიშნავთ  რა გაკეთდა, რომ მენეჯერიც მიხვდეს უკვე საქმის რა ნაწილია შესრულებული და რა გადავა შემდეგი დღისთვის. დღის ბოლოს ჩემი თანამშრომლების გაგზავნილ ყველა მეილს, სადაც მიმოწერაში ვარ, დეტალურად ვეცნობი, რომ დავრწმუნდე, ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. ვცდილობ, ვიყო ყველა მიმდინარე თსაქმის კურსში და არ გამეპაროს შეცდომები.“

M: როგორ ახერხებ საქმეზე კონცენტრაციას ან თვითმოტივირებას?

ნინი სარალიძე: „პანდემიიდან მოყოლებული, დისტანციურად ვმუშაობთ, უკვე 2 წელზე მეტია და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმად იქცა. თუმცა, თავიდან ამ გამოწვევის წინაშე დავდექი, ალბათ როგორც ყველა, და ცოტა რთული იყო თან სახლში ყოფნა, თან სამსახურზე კონცენტრირება, თანაც ისე რომ work-life ბალანსი შემენარჩუნებინა, თუმცა დროსთან ერთად ესეც დალაგდა. ახლა უკვე ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სამუშაო საათებში ავტომატურად, ვიცი რომ სასმახურში ვარ და საქმეზე ვარ კონცენტრირებული.“

მაშო სამადაშვილი:როგორც კი ქალაქგარეთ გასვლის შესაძლებლობას დავინახავ, მომენტით ვსარგებლობ. ვცდილობ, ფიზიკური შეხვედრები მოვაქციო ერთ კვირაში თუ მეორე კვირას გასვლას ვაპირებ. კოლეგებიც ვეხმარებით ერთმანეთს. ისე ვგეგმავთ ყველაფერს, რომ ყველასთვის მოსახერხებელი იყოს.

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ვთიშავ ლეპტოპს, თუ რამე სასწარფო საქმე არ არის და ვცდილობ გავიდე, მეგობრები ვნახო, წავიკითხო, შევიცვალო გარემო… ეს ძალიან მკაცრად მაქვს გამიჯნული, რომ ტვინი მიხვდეს, სამუშაო საათები დასრულდა და იმავე რუტინაში არ გაიღვიძოს. ამის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა.

თვითგანწყობა და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს მოწყობა მნიშვნელოვანია.  შემოიკრიბო გარშემო ხალხი, რომელთან ყოფნაც ძალიან გიხარია. მეტი ჰაერი, სიმწვანე და კომფორტული ატმოსფერო. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ადამიანები ქალაქიდან გავიდნენ. ახალი შთაბეჭდილებები შთაგონებისთვის მნიშვნელოვანია.

მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა სახლიდან მუშაობა, მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვანაირად მოხდა.  ყველას ვურჩევდი, რომ ეცადათ, რადგან ბევრ ძალიან საინტერესო რაღაცას აღმოაჩენენ საკუთარ თავში. მთავარია, ერთმანეთისგან გამიჯნო პირადი და სამუშაო დრო.“

M: როგორ ახერხებ გუნდთან გამართულ კომუნიკაციას, დისტანციურად?

დიანა თიგიშვილი:სპეციფიკიდან გამომდინარე ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ჩვენთვის რთული არცერთი არარის, რადგან ძირითადად მეილებით გვაქვს კომუნიკაცია. პროექტებიც სულ მიმოწერის რეჟიმში კეთდება და ძირითადად, ონლაინ ვართ ჩართული. რაც მთავარია, გუნდის თითოეულმა წევრმა აიღო თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა. ახლა ისიც გვეხმარება რომ გვაქვს ჰიბრიდული რეჟიმი, სამი დღე ოფისში და ორი დღე ონლაინ. თუმცა გვაქვს წესი,რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიყოთ ოფისში. თუმცა მენეჯერთან შეთანხმებით შეგვიძლია ვიმუშაოთ ონლაინ.“

M: შენი გამოცდილებით, როგორი ადამიანებისთვის უფროა საინტერესო დისტანციურად მუშაობა?

ნინი სარალიძე: „სარეკლამო სააგენტო ზუსტად ის ადგილია, რასთანაც ვფიქრობ, დისტანციური მუშაობა ჰარმონიაში ძაან კარგად მოდის. ეს სფერო ითხოვს მუდმივ სიახლეებს, ინსპირაციას, რასაც ადამიანები წიგნების და ფილმების გარდა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობით და ახალი კულტურების გაცნობით იღებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში მომუშავე ხალხისთვის, დისტანციური მუშაობის გამოყენება რაღაც ეტაპზე მაინც, საუკეთესო გაგებით მნიშვნელოვნად ცვლის სამსახურისადმი დამოკიდებულებას  და სამუშაო რუტინასაც მრავალფეროვანს ხდის.“


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

BIIMO Augmented Reality NFT და ციფრული ქუჩის ხელოვნება

ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ უფრო ბედნიერები