ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ყავის მაღაზია, რომელსაც ყოველდღე ხედავ, 15 წლის წინ შეიძლება სათამაშოებს ყიდდა, 30 წლის წინ კი სხვა რამეს. ბიზნესი ყოველთვის ვითარდებოდა დროთა განმავლობაში და მეწარმეები, რომლებიც ხსნიან ამ მაღაზიებს, დროთა განმავლობაში ცვლიან ჩვენს ქალაქებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
ეს არის Renault-ის ახალი ვიდეორეკლამის ფაბულა, რომელსაც ჰქვია „მაღაზია”. ვიდეო მოკლემეტრაჟიან ფილმს მოგაგონებთ, მასში ძალიან მოკლედ, მაგრამ ლამაზად და დინამიკურად, პერსონაჟების მთელი ნარატივია ჩატეული. რეჟისორი როდრიგო საავედრაა და მასში ჩვენ ვხედავთ პატარა მაღაზიის ევოლუციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
Pierre & Rose-ის მიერ 1912 წელს გახსნილი სასურსათო მაღაზიიდან, მათი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების მუშაობით, მაღაზია სხვადასხვა დანიშნულების სივრცედ გარდაიქმნება ათწლეულების განმავლობაში. ვიდეოში ვხედავთ, რომ დასაბამიდან თანამედროვე ეპოქამდე ამ ოჯახის გვერდით იყო Renault, რომელიც ასევე ევოლუციას განიცდიდა და ერგებოდა იმ საჭიროებებს, რომლებიც მაღაზიას კონცეფციიდან გამომდინარე ჰქონდა.
რეკლამაში წარმოდგენილია Fourgon Postal (1909), Juvaquatre (1937-1960), Estafette (1959-1980) Master (1980-1997) და New Trafic Van E-Tech Electric-მდე (2022).
როგორიც არ უნდა იყოს მომავალი, პროფესიონალები განაგრძობენ განვითარებას და Renault-ის ფურგონები ყოველთვის განვითარდება მათთან ერთად – ეს არის ამ ფილმის მთავარი აზრი.