ცოტა ხნის წინ ქალაქში ბანერებზე “უსახელო” ბოთლის გამოსახულება გამოჩნდა. აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვა ვერსიები, კამპანიის დასასრულს წარწერაც გაჩნდა. ახალი ეტიკეტი და ბოთლის ახალი ფორმა “ნატახტარმა” საბოლოოდ “ჩაუშვა” წარმოებაში.
კომპანიის პიარ მენეჯერი ნინო სურმავა ამბობს, რომ მთელი ეს კამპანია ევროპულ დიზაინერულ კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროცესი ითვალისწინებდა ბევრ მნიშვნელოვან დეტალს, მათ შორის ბოთლის ჩამოსასხმელ ხაზზე მორგებას. ნინო სურმავას თქმით მსგავსი პროექტის შესასრულებლად, სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს რესურსი.
რაც შეეხება თავად სიახლის იდეასა და მიზანს.
“კომპანია, რომ წრეწირის სახით წარმოვიდგინოთ, მომხმარებელი მისი ცენტრია. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები. მუდმივად ვატარებთ კვლევებს. კვლევიდან გამოიკვეთა, რომ მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქტის ხარისხი და გემო, თუმცა , თვლიდნენ, რომ შესაცვლელი იყო შეფუთვა. არსებობს კიდევ მეორე მიზეზი, ჩვენი ლიმონათი 20-მდე ქვეყანაში გადის. საექსპორტო ქვეყნებში ის მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი არ არის, საქართველოს სახეა და კონკურენციას უწევს უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშიროსი პროდუქტს. ამიტომ, საერთშორისო სტანდარტების ხარისხია და შეფუთვაა საჭირო”-ამბობს ნინო სურმავა.
“ნატახტარში” ამბობენ, რომ ლიმონათის ფასი არ გაიზრდება. მართალია, ახალ შეფუთვასა და საწარმოო პროცესის ცვლილებას დამატებითი ინვესტიციები დასჭირდა, თუმცა, ნინო სურმავას თქმით ეს პროდუქტის ფასზე არ იმოქმედებს.
“ნატახტარში” მიაჩნიათ, რომ მათი პროდუქტის “სუსტი მხარე” უკვე შეცვლილია. თქვენ როგორ შეაფასებთ ლიმონათის გალახლებულ შეფუთვას?