ცოტა ხნის წინ, აჟიოტაჟის ეპიცენტრში მოექცა ვებგვერდი Rentahuman.ai – პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შრომა პირდაპირი მნიშვნელობით მიჰყიდონ AI აგენტებს. პროექტი კრიპტო-პროგრამისტმა ალექსანდრე ლიტეპლომ შექმნა და ის ამაყად პოზიციონირებს, როგორც „AI-სთვის განკუთვნილი ფიზიკური სამყაროს ფენა“. საიტი ხმაურის გარეშე გაუშვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ლიტეპლომ პლატფორმის აგრესიული პრომოუშენი დაიწყო X-ში, ხილვადობა მომენტალურად გაიზარდა. ამ დროისთვის, საიტზე 81 000-ზე მეტი „გაქირავებადი ადამიანია“ დარეგისტრირებული, რომლებიც მზად არიან, ბოტებს ფასიანი სერვისი შესთავაზონ. დავალებები ჯერჯერობით საკმაოდ ბანალურია – ამანათების აღება, პლაკატების დაჭერა ან თუნდაც ყვავილების მიტანა კომპანია Anthropic-ის ოფისში.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: არის თუ არა Rent-A-Human დახვეწილი სატირა, თუ ჩვენ თვალწინ შრომის ახალი ბაზარი იბადება? ნიშნები უფრო მეორე ვარიანტზე მიუთითებს, თუმცა კრიპტო-კულტურის სპეციფიკური იუმორის გათვალისწინებით, ეჭვები ლეგიტიმურია. გამოცემა Gizmodo-ს შეფასებით, ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა Meatspace და სლოგანი „რობოტებს თქვენი სხეული სჭირდებათ“, ნაკლებად ჰგავს ხუმრობას.
პლატფორმა ნაწილია AI აგენტების სწრაფად მზარდი ეკოსისტემისა, რომელიც ბოლო კვირებში განსაკუთრებით გააქტიურდა. ეს ეკოსისტემა ძირითადად ღია კოდის მქონე ასისტენტის, OpenClaw-ის გარშემო ტრიალებს. Rent-a-Human და მსგავსი პროექტები იქმნება ძალიან სწრაფად, ვაიბ კოდინგის მეთოდით, სადაც შემქმნელები ღიად აღიარებენ, რომ უშვებენ კოდს სრულფასოვანი შემოწმების გარეშე და ბაგების გასასწორებლად მოგვიანებით ისევ AI-ს იყენებენ.
მუშაობს კი ეს ყველაფერი რეალურად? მიუხედავად იმისა, რომ ათობით ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, აქტიური საფულეების რაოდენობა მცირეა. კიდევ უფრო დიდია დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის: 81 000 ადამიანზე მხოლოდ 82 აქტიური AI აგენტი მოდის.
გარდა ამისა, პლატფორმა მოითხოვს კრიპტო-საფულეების დაკავშირებას და ანგარიშსწორებაც სრულად კრიპტოვალუტაში ხდება. ეს ფაქტი უკვე აჩენს საგანგაშო ნიშნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ანონიმური ბოტებისთვის რეალური დავალებების შესრულებას, ყოველგვარი ვერიფიკაციის გარეშე. საიტის დიზაინი ზედმეტ ნდობას ითხოვს ორივე მხარისგან, თუმცა ადამიანი-შემსრულებელი პრაქტიკულად დაუცველია: დავალებებს დებენ ბოტები (ან მათი ოპერატორები), რომელთა იდენტიფიცირება რთულია, ხოლო გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
ბუნებრივია, კრიპტო-ენთუზიასტები აღფრთოვანებულნი არიან. ისინი ამას ხედავენ ნაბიჯად ავტონომიური ეკონომიკისკენ, სადაც ბოტები პირდაპირ ვაჭრობენ ადამიანებთან. თუმცა, ინდუსტრიის არცთუ ისე სანდო რეპუტაციის ფონზე, სიფრთხილე აუცილებელია.
წყარო: Mashable











