21
Oct
2016

საქართველო კანის ფესტივალის რჩეულია! დიდი გამარჯვება და ახალი ეტაპი ინდუსტრიისთვის

21 Oct 2016

17-18 ოქტომბერს ლონდონში კანის კრეატივის ფესტივალის წარმომადგენელთა რიგით 64-ე შეკრება გაიმართა. ყოველწლიური შეკრების მიზანია ფესტივალის წარმომადგენლების შეკრება მთელი მსოფლიოდან, განვლილი წლის შეჯამება და მომავალი წლის სტრატეგიის შემუშავება.  2016 წელი ძალიან დიდი წარმატების მომტანი გამოდგა საქართველოსთვის. ფესტივალის ჟიურიმ, საქართველოს მიღწევები, ახალგაზრდა ლომების კონკურსის ჩატარების მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს გამარჯვება და რას მოუტანს ინდუსტრიას, ამის შესახებ მარკეტერი ფესტივალის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოში, ლევან ლეფსვერიძეს და აკო ახალაიას ესაუბრა.

representative of the year - Georgia

კანის კრეატივის ფესტივალი უკვე 64 წელია ყოველწლიურად ტარდება კანში, როდესაც ეს ფესტივალი კანის კინოფესტივალს გამოეყო, მას რეკლამის ფეტივალს ეძახდნენ, დღეს კი, ვინაიდან ნამუშევრები, რომლებიც ამ ფესტივალზე ხვდება რეკლამას სცილდება, მას კანის კრეატივის ფესტივალს უწოდებენ. ყველაზე დიდი ჯილდო რაც კრეატიული ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე კომპანიას, სააგენტოს შეუძლია წამოიღოს ამ ფესტივალიდან, არის კანის ლომები, ამიტომაცაა რომ ხშირად, ფესტივალს კანის ლომებს ეძახიან. დღევანდელი მდგომარეობით ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი კრეატიული ინდუსტრიებისთვის, მას მსოფლიო ჩემპიონატს ეძახიან და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ.

საქართველო ამ დიდ ოჯახს სულ რაღაც 2 წელია რაც შეუერთდა. ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება გაგვევლო ყველა ის ეტაპი, რაც სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა გაიარეს, ამიტომ ძალიან დიდი ტემპით მოგვიწია მუშაობა და თითქმის არცერთ ეტაპზე არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. მუშაობამ შედეგი გამოიღო და ამის დადასტურებაა ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ წლევანდელ შეკრებაზე გვხვდა წილად. როგორც იცით, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 89 ქვეყანაში ტარდება ახალგაზრდა ლომების ფესტივალი, სადაც ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

IMG_0319განვითარებულ ქვეყნებს შესარჩევი კონკურსის ჩატარების ათეული წლების გამოცდილება აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ მხარდაჭერაზე, რასაც ისინი იღებენ. სხვადასხვა ქვეყანაში ლოკალურ ფესტივალს ადგილობრივი Facebook, Google, Coca Cola და უმსხვილესი ბრენდები აფინანსებს, ჩვენ კი, ენთუზიაზმით ვატარებთ.

საქართველოს გუნდმა საოცარი შედეგი დადო, რომელიც ცხადია, მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია GITA-ს როლი, რომელმაც დააფინანსა ფესტივლალის ხარჯები, უმნიშვნელოვანესია ის გამარჯვება, რასაც გიორგი ავალიანმა და ანანო მიმინოშვილმა მიაღწიეს, ევრობესთის ფესტივალზე მათ ოქრო მოიპოვეს.  ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა კი კანის ახალგაზრდა ლომების ფესტივალზე, მარკეტინგის კატეგორიაში მოიგეს კონკურსი და საქართველოს ოქროს მედლები მოუტანეს. ამ ყველაფერში განსაკუთრებული ისაა, რომ ეს ხდება ფესტივალის ქვეყანაში შემოსვლიდან მეორე წელს, მაგალითისთვის გეტყვით რომ ფრანგებს 10 წელი დაჭირდათ ერთი ოქროს ასაღებად, ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყანას ჯილდო არასდროს აქვთ მიღებული.  ბევრი კრიტერიუმით შეგვარჩიეს და გვიხარია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა, ცხადია ბევრს აინტერესებს რა შეიცვლება ამ ყველაფრის მერე, ანუ გარდა დარბაზში მყოფი ადამიანების გულისა რა მოვიგეთ და რაში გვეხმარება ასეთი წარმატება:

  1. შესაძლებლობა, რომ საქართველომ Eurobest-ზე გაგზავნოს 2 გუნდი;
  2. კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე შეგვინარჩუნდა არსებული 4 კატეგორია + მოგვცეს დამატებთ ახალი კატეგორია FILM, რომელიც არის ყველაზე პოპულარული კატეგორია მთელს ფესტივალზე;
  3. კანის კრეატიული ფესტივალის სცენა გაიხსნა ქართველი სპიკერებისთვის, თუ აქამდე არც განიხილებოდა ეს ამბავი, დღეს კანი უკვე მზადაა თავის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მიიწვიოს ქართველი სპიკერები;
  4. ქართველებისთვის გაიხსნა ჟიურის ადგილები, ანუ ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა კანს სხვადასხვა კონკურსისთვის ვურჩიოთ ქართველი პროფესიონალები;
  5. თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც დაინტერესებულები არიან გაცვლითი პროგრამით ქართულ და მათ ქვეყანაში არსებულ სააგენტოებს შორის, ანუ ქართველ ახალგაზრდებს ექნებათ უნიკალური შანსი, იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ნახონ, თუ როგორ მუშაობს სხვა ქვეყნის სააგენტო, მიიღონ გამოცდილება, ცოდნა. ადგილობრივად კი ქართული სააგენტოები მიიღებენ უცხოელ გამოცდილ კადრებს, რომლებიც თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას ჩამოიტანენ ქვეყანაში.

გარდა იმ სიხარულისა, რაც ამ გამარჯვებამ მოიტანა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მთელი მსოფლიო გვაკვირდება. ფილიპ ტომასის განცხადებით, რომელიც ფესტივალის პრეზიდენტია, მათ არ ახსოვთ შემთხვევა, ფესტივალზე ახალი ქვეყანა ასე აქტიურად და დასამახსოვრებლად შემოსულიყო. შესაბამისად, უკვე 2017 წლისთვის ჩვენ ისევ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ წარმოდგენის შესანარჩუნებლად, მაგრამ დაგვჭირდება ყველას მხარდაჭერა. არ შეიძლება ეს ფესტივალი უყურადღებოდ დავტოვოთ, ეს არის ჩვენი კარი და გასაღები ქართული ტალანტის წარმოსაჩენად. საქართველოს ხმას მსოფლიო ელოდება!

განხილვა