in

როგორ მოვამზადოთ ეფექტური სოცმედია რეპორტი

თქვენ იცით, რომ კომპანია აუცილებლად უნდა განათავსოთ სოციალურ ქსელში, მაგრამ რამდენად კარგად მუშაობს ის კამპანიები თუ კონტენტი, რომელსაც უშვებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სოციალური მედიის რეპორტს შეუძლია. ეს არის ანგარიშის მომზადება, თქვენი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელსაც სტრატეგიული, მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებთ.

რა არის სოცმედია რეპორტი

ეს არის დეტალური, არხებად დაყოფილი ანალიზი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენი გამომწერების ზრდა სოციალურ ქსელებში, რომელია ყველაზე წარმატებული პოსტები, როგორია ჩართულობის მაჩვენებელი და ა.შ. რეპორტები საშუალებას გაძლევთ, შეაფასოთ თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის წარმატება. აგრეთვე, გეხმარებათ იმის გარკვევაში, რა არ მუშაობს, მიუხედავად ძალისხმევისა. ეს ინფორმაცია კი ბრენდის ზრდის საუკეთესო გზების მოსაძიებლად გამოგადგებათ.

რეკომენდაციები კარგი რეპორტის მოსამზადებლად

აუდიტორია

რეპორტი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვინ არის აუდიტორია. მაგალითად, შიდა მარკეტინგის გუნდს, რომელიც განიხილავს ყოველთვიურ ანგარიშებს სოციალური მედიის მუშაობის შესახებ, შესაძლოა ნაკლები განმარტებითი ტექსტი დასჭირდეს. თუმცა, როცა რეპორტი კეთდება დამკვეთი კომპანიისთვის, ის მეტ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

პუნქტები

შეაჯამეთ და მონიშნეთ პრეზენტაციაში ის პუნქტები, რომლებიც ძირითადია თქვენ მიერ მომზადებულ რეპორტში. ის შეიძლება გამოიყურებოდეს ასე:

  • პოსტებზე ჩართულობა LinkedIn-ზე 32%-ით შემცირდა ამ თვეში
  • Facebook-ზე დაწკაპუნების მაჩვენებელი 127%-ით გაიზარდა
  • ჩართულობა დაეცა 47%-ით 18-35 წლის ახალგაზრდებში 

…და ა.შ.

მიუთითეთ მიზნები და ვადები

რეპორტის მომზადებისას მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, რა მიზანი გქონდათ კონკრეტულ ვადაში და შესრულდა თუ არა ეს მიზანი. თუ ვერ შესრულდა, მიზეზებიც უნდა ვაჩვენოთ. 

ვადების განსაზღვრაც აუცილებელია, რათა აუდიტორიას აჩვენოთ, რა პერიოდს ეხება თქვენ მიერ მომზადებული რეპორტი.

გამოიყენეთ შედარებები

რეპორტში ერთ სლაიდად მაინც აუცილებლად ჩართეთ წინა პერიოდის მაჩვენებლებიც და გამოიყენეთ ის შესადარებლად ახლანდელ მდგომარეობასთან მიმართებით. თუ წინა თვეშიც გქონდათ რეპორტი, შეგიძლიათ, პირდაპირ ამ ფაილიდან ამოიღოთ ინფორმაცია და სლაიდზე გვერდიგვერდ დააყენოთ.

შეადარეთ სხვადასხვა სოციალური ქსელები

საიდუმლო არ არის, რომ Instagram არ ჰგავს LinkedIn-ს, ეს უკანასკნელი არ ჰგავს Facebook-ს და ა.შ. როგორც ეს არხები განსხვავდება, ისე განასხვავეთ რეპორტიც. სად უფრო მეტი მომხმარებელი გყავთ და რატომ – ამის დადგენა კომპანიის წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოგადი მუშაობისთვის, არამედ ციფრული რეკლამის ბიუჯეტის გამოთვლის დროსაც.

დემოგრაფიის განახლება

რეპორტის მომზადებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენ იღებთ სრულიად განსხვავებულ დემოგრაფიულ მონაცემებს არხის მიხედვით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი სტრატეგიის შეუსაბამობით ან იმ ფაქტით, რომ კონკრეტული სოციალური მედიის არხები უფრო პოპულარულია კონკრეტულ დემოგრაფიულ მონაცემებში. მაგალითად, Instagram-ის აუდიტორია უფრო ახალგაზრდაა ვიდრე Facebook-ის. ეს მონაცემიც აუცილებლად უნდა ჩაჯდეს პრეზენტაციაში.

რა ტიპის კონტენტს იყენებდით

სოცმედია მენეჯერმა რეპორტის მეშვეობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთსა და გუნდს, თუ რა ტიპის კონტენტი გამოიყენებოდა რეპორტისთვის შერჩეულ ვადებში. ამ ანალიზის მიზანია, დაადგინოს, როგორ შინაარსს აქვს ყველაზე დიდი გავლენა თქვენი ბრენდისთვის. სოციალური მედიის ანგარიშები უნდა ასახავდეს, თუ რა განსხვავებაა ფოტოს, ვიდეოს, ტექსტური ტიპის კონტენტს შორის და რომელი იწვევს მეტ ჩართულობას.

შეაჯამეთ თქვენი ანგარიში და შესთავაზეთ სამოქმედო გეგმა

თქვენი რეპორტის ბოლო ნაწილი უნდა იყოს იმის მოკლე შეჯამება, რაც მანამდე დეტალურად განიხილეთ. სოციალური მედიის საუკეთესო რეპორტები მოიცავს ინსაითზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც ასახავს, ​​თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით.

შესთავაზეთ რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ აქტიურობა სოციალურ მედიაში. რა თქმა უნდა, დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.

 

„მესამე ცერი“ — 3D ტექნოლოგიით შექმნილი თითი

Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის