ჯერ ის ვთქვათ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს… შესაძლოა, პროექტში რაღაც გააფუჭოთ ისე, რომ მომხმარებელი დაკარგოთ ან კონფიდენციალური ინფორმაცია გაგზავნოთ არასწორად. მიუხედავად შეცდომის ბუნებისა, გამოსავალი აქ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაა — „იყავით კონკრეტული და პირდაპირი იმის შესახებ, რაც მოხდა. ისაუბრეთ ფაქტებით, აღიარეთ შეცდომა და, თუ საჭიროა, მოიბოდიშეთ“.
ოღონდ ამას „ვწუხვარ, მაგრამ“ ფორმულირებას ნუ მისცემთ, რადგან გულწრფელობას დაკარგავს. თუმცა ბოდიშსაც ძალიან ბევრჯერ ნუ მოიხდით, რადგან ასე უკვე მის შინაარსს დააყენებთ ეჭვქვეშ… ახლა კი ზუსტად იმაზე მოგიყვებით, რაც სამსახურში შეცდომის დაშვების შემდგომ რეპუტაციის აღდგენაში დაგეხმარებათ:
არ გააუარესოთ
ადრე თუ გვიან ყველა შეცდომა გამოვლინდება. ამიტომ, სიტუაციის იგნორირება და იმის იმედი, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა, სიტუაციას გააუარესებს:
„თქვენ რისკის წინაშე დგებით, შეიქმნით მატყუარა და დაუდევარი ადამიანის რეპუტაციას. ასე არც საკუთარი შრომით და არც ქმედებებით იამაყებთ, რამაც შესაძლოა, იმაზე ბევრად უარესად გაგრძნობინოთ თავი, ვიდრე შეცდომების აღიარებამ“, — აცხადებს ლორა კრენდალი, წიგნის Working With Humans: Tools You Didn’t Know You Needed for Conversations You Never Expected to Have-ის ავტორი.
არც ისეთი ამბები შეთხზათ, რომელშიც უკეთ წარმოჩინდებით და არც ისეთი დაპირებები გასცეთ, რომლებსაც ვერ შეასრულებთ…
გამოასწორეთ
ხოლო, მას შემდეგ, რაც შეცდომას ნათელს მოჰფენთ, გამოსწორების დრო დგება. სწრაფი ქმედება კი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. გაესაუბრეთ სანდო კოლეგას ან უფროსს, რათა გაიგოთ, რამდენად ცუდადაა საქმე. მიიღეთ რჩევები ნდობის აღსადგენად. გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მართოთ სიტუაცია და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. შესაძლოა, ხელმძღვანელს ამისთვის რელევანტურ მხარეებთან დასჭირდეს მოლაპარაკება ან თავადაც მოგიწიოთ რამდენიმე ზარის განხორციელება.
ისწავლეთ
იმასაც ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობა რეპუტაციაზე საკმარის ყურადღებას არ ამახვილებს, არადა დღევანდელ საზოგადოებაში თითის გაშვერა ძალიან მარტივია. საუკეთესო გზად აქ წინსვლას გვთავაზობენ, სწავლისადმი ერთგულებას, რაც თქვენი რეპუტაციის ნაწილად იქცევა — „როცა კოლეგები ხედავენ, რომ თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ ქმედებებზე და ყურადღებასაც ამახვილებთ, სანდო ადამიანის იმიჯს იქმნით“.
თუმცა რეპუტაციას სწორი განზრახვა და კომუნიკაცია სჭირდება, შესაძლოა, სხვებისგან ცოტა გაილანძღოთ კიდეც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ სანდო ადამიანი ხართ — ნდობის გარეშე თქვენ არც მნიშვნელოვან დავალებებს მოგცემენ და არც ჯანსაღ ურთიერთობებში ჩართვის საშუალებას.
ამგვარად, არასდროსაა გვიანი რეპუტაციის გამოსწორებაზე ფიქრი, ცვლილება და საკუთარი თავის გაუმჯობესება. ხომ გახსოვთ, ყველაფერი საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებით იწყება, რაც სხვებისკენ თითის გაშვერას გამორიცხავს…