რამდენიმე ბოლოდროინდელი ექსპერიმენტის შედეგები ცხადყოფს, რომ ისეთი ძველმოდური საშუალება, როგორიც კომუნიკაციის სატელეფონო საუბრით დამყარებაა, გარკვეულ შემთხვევებში, ტექსტურ შეტყობინებებსა და ვიდეოჩართვებზე მეტად ეფექტურია. ეფექტურობაში კი იგულისხმება საუბარში ჩართული ადამიანების მიერ, ერთმანეთის გაგება და ერთმანეთთან კავშირი.
ტექსტუალური ურთიერთობა მარტივი საშუალებაა და კომუნიკაციის ეს ფორმა ადრესატს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, მინაწერზე რეაგირება თავისუფალ დროს მოახდინოს. სწორედ ამიტომ, დღეს, საზოგადოების უმეტესობისთვის კომუნიკაციის ეს ფორმა უფრო მისაღებადაც განიხილება. თუმცა გიფიქრიათ, რატომ იკავებენ ადამიანები თავს სატელეფონო ზარებისგან? ხომ არის შემთხვევები, როცა მიწერას დარეკვა გვირჩევნია?
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები შესაძლებლობას გვაძლევს, ინფორმაცია სხვებთან ტექსტის, ხმისა და აუდიო-ვიზუალური გამოსახულების საშუალებით გვქონდეს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაცია, ასევე, გულისხმობს სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებას, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერებისთვის, ჯანმრთელობისა და ბიზნესის შეუფერხებლად წარმართვისთვისაც კი, სხვებთან დაკავშირება მოითხოვს იმის გადაწყვეტას, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ.
აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ, მთავარია ხმის მნიშვნელობა. მაგალითად, ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს, დაკავშირებოდნენ ძველ მეგობარს, რომელთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ ჰქონდათ, თუმცა კი მისი აღდგენა სურდათ. ამ ადამიანებმა წარმოიდგინეს კომუნიკაციის პროცესი ორივე შემთხვევაში, თუ როგორ იგრძნობდნენ თავს თუ ისინი მეგობარს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ან ტელეფონით დაეკონტაქტებოდნენ. შედეგები არაერთგვაროვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ფიქრობდნენ, ამ შემთხვევაში, სატელეფონო საუბარი უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ამ დამოკიდებულებას უხერხულობის სავარაუდო შეგრძნებასაც უმატებდნენ და შედეგად, საბოლოოდ, უმრავლესობამ თქვა, რომ დარეკვას მიწერას ამჯობინებდნენ.
საკომუნიკაციო საშუალებები შემთხვევითად შეირჩა მონაწილეებზე და როგორც სავარაუდო იყო, სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისინი მეტ კმაყოფილებასა და კავშირს გრძნობდნენ მეგობართან, ვიდრე მიმოწერისას. ეს ნიშნავს, რომ უხერხული ურთიერთობის შიშმა შეიძლება, ურთიერთობის დამყარების პროცესში, არასწორი საკომუნიკაციო საშუალება აგვარჩევინოს.
ელ.ფოსტა და სატელეფონო ზარები ახლა ზოგიერთისთვის ძველ ტექნოლოგიად შეიძლება გამოიყურებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც COVID-19-ის პანდემიამ ვიდეოკონფერენცია მრავალი ადამიანის ყოველდღიურ ნაწილად აქცია. მაგრამ „ძველმოდურ“ სატელეფონო ზარზე ვიდეოს დამატება შეიძლება, საერთოდაც არ ასრულებდეს კომუნიკაციის პროცესში მეტი ჩართულობისა და ეფექტური კავშირის დამყარების ფუნქციას. ამას კი, მეორე ექსპერიმენტი ადასტურებს.
ამ შემთხვევაში, ადამიანებს სთხოვეს, უცხო პიროვნებასთან დაკავშირება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად (მაგ., არის რაიმე, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით?). მათ შეეძლოთ, რეალურ დროში, ე.წ. Live Chat-ის აუდიოს გამოყენებით, ან ვიდეოჩართვით საუბარი. მონაწილეებმა საუბრის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგაც, თავიანთი განცდები გააზიარეს, რაც იმ საკომუნიკაციო საშუალებასთან იყო დაკავშირებული, რომელიც მათ უცხო ადამიანთან კავშირის დასამყარებლად შეხვდათ. ინტერაქციის დაწყებამდე, მათ ვერ ივარაუდეს, რამდენად სასიამოვნოდ ან უხერხულად ჩაივლიდა საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ადრესატის ხმის გაგონება ბევრად სასარგებლო აღმოჩნდა.
თავის მხრივ, ვიდეოჩათმა უფრო ეფექტური კავშირი ვერ უზრუნველყო. აღმოჩნდა, რომ კავშირის გრძნობა არ წარმოიშობა სხვა ადამიანის ხილვის შედეგად, არამედ სხვისი ხმის მოსმენით. და ეს შეესაბამება რამდენიმე სხვა დასკვნასაც, რომელიც მიანიშნებს, რომ ადამიანის ხმა ნამდვილად არის სიგნალი, რომელიც გაგებასა და კავშირს უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ ექსპერიმენტული შედეგები კონტექსტს მოარგოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა გქონდეთ ტელეფონი და უნდა ესაუბროთ თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს. ტექსტზე დაფუძნებული ურთიერთქმედება ზოგჯერ უფრო მარტივი და ეფექტურია და საშუალებას აძლევს ადრესატებს, რეაგირება მოახდინონ თავისუფალ დროს. თუ მარტივ შეტყობინებას, სწრაფ განახლებას ან დანართს გაგზავნით, ელ.ფოსტა და ტექსტები მოსახერხებელი გზაა. თუმცა საქმე როცა დიალოგთან გვაქვს, ემოციური კავშირის დამყარებასთან, ვფიქრობთ, აჯობებს, სხვებთან საუბრისთვის ცოტა მეტი დრო გამოყოთ, ვიდრე თქვენ ამის სურვილი შეიძლება, გქონდეთ. რადგან სატელეფონო საუბრისგან თავის არიდება, ხშირად უხერხულობასთანაა დაკავშირებული და უხერხულობას ნუ გახდით ამ ეფექტური საკომუნიკაციო საშუალების გამოუყენებლობის წინაპირობად. იმიტომ, რომ სატელეფონო საუბარი, ადრესატამდე, პირდაპირი გაგებით, თქვენი ხმის მიწვდენა და პირიქით, შეიძლება, სხვადასხვა ამოცანის უფრო მარტივად გადაჭრაში დაგეხმაროთ.
წყარო: HBR










