3
Oct
2019

რატომ სჭირდებათ გადამზადება ახალ კურსდამთავრებულებს?

3 Oct 2019

2018 წლის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 35%-ს, სულ მცირე, კოლეჯის ოთხწლიანი განათლება მაინც აქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების ქონა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა, ბაკალავრის ხარისხი ვერ უზრუნველყოფს იმ აუცილებელი და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რაც სამსახურებში ყოველდღიურად არის საჭირო. აკადემიური ხარისხი უბრალოდ, ვერ ეწევა სამუშაო გარემოში მიმდინარე დინამიკას. ბევრი სტუდენტი ეუფლება პროფესიას, რომელიც აღარ არსებობს. ბევრსაც არ აქვს სასურველი სამსახურისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევები. და ეს კონტრასტი სულ უფრო იზრდება. ეს უფრო პრობლემატური ხდება, თუკი ამოცანები ავტომატიზებულია. ავტომატიზაცია ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულებს უფრო საპასუხისმგებლო საქმეების კეთება უწევთ კარიერის დასაწყისშივე, რაკი ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს ავტომატიზების პრინციპით აკეთებენ მანქანები. გარდა ზემოხსენებულისა, ეს გარემოება იწვევს იმასაც, რომ კურსდამთავრებულებს უკეთესი მომზადება ესაჭიროებათ ამ ყველაფრისთვის: სულ უფრო მეტი დამსაქმებელი ითხოვს წერის, მოსმენისა და კომუნიკაციის გამორჩეულ უნარებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი კურსდამთავრებულები უკეთ არიან მომზადებულები ახალი უნარების ასათვისებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 30 წლამდე ახალგაზრდები უფრო მეტი შფოთით გამოირჩევიან. ისიც საინტერესოა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად კონცენტრირებულები, მიზანდასახულები, საკუთარ თავსა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათ კარგად უწყიან, რომ თავიანთი კარიერა დამოკიდებულია მრავალი საქმის შესრულებასა და მოტივაციაზე, ასევე კომპანიისა და ინდუსტრიის სიძლიერეზე.

მიდგომა, რომლის საშუალებითაც ეს კოჰორტა პრობლემებს უმკლავდება გონივრულ და იტერაციულ უნარებს ეფუძნება, საჭიროებების მკაფიო შეგრძნებას. მათ უკვე მიღებული აქვთ განათლების საფუძველი, ამდენად ახალი უნარების შესაძენად მძიმე და მრავალწლიანი შრომა არ დასჭირდებათ. ამის ნაცვლად, სამსახურში ახალმისულებს შეუძლიათ კვალიფიკაცია სპეციალური ონლაინ პროგრამების საშუალებით აიმაღლონ.

გადამზადება და უნარების მუდმივი გაუმჯობესება გარდაუვალი აუცილებლობაა ყველა ასაკის მუშაკისთვის და ეს სულ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს მომავალში. მაშ, რა უნდა ქნან მათ, ვინც უნივერსიტეტი ახლახან დაასრულეს, თუმცა, მაინც უწევთ დაეწიონ იმ განვითარებას, რაც შრომის ბაზარმა განიცადა, სანამ ისინი აკადემიურ სამყაროში ცხოვრობდნენ? დაფიქრდით, რა უნარების შეძენა დაგჭირდებათ უახლოესი 18 თვის განმავლობაში და შემდეგ:

განსაზღვრეთ ის საბაზო და მნიშვნელოვანი უნარები, რაც საქმეში გჭირდებათ. შეგიძლიათ ისწავლოთ და ამგვარად ამოავსოთ არსებული სიცარიელე. ასეთ აუცილებელ უნარებს შორისაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და სწავლის სისწრაფე. ეს უკანასკნელი ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რადგან პირდაპირ მიუთითებს ადამიანის ინტერესიანობასა და მოტივაციაზე. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი კარიერისთვის სასარგებლო უნარების შეძენა.

ასევე, განსაზღვრეთ ის მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარები, რაც საქმეში გჭირდებათ, მაგალითად, მონაცემთა მეცნიერება და ანალიზი. შემდეგ კი ამ უნარებზე კონცენტრირდით. კონცენტრირდით ამ საბაზო უნარებზე, რაც კარიერის გზაზე წინსვლაში დაგეხმარებათ. მაგალითად, მონაცემთა ანალიტიკური უნარები, რაც მარკეტინგში გჭირდებათ, ერთნაირად გამოგადგებათ ელექტრონულ კომერციასა და პროდუქტის განვითარებაშიც. ამასთან, გაიაზრეთ, რა ისწავლეთ აქამდე და რა გაქვთ სასწავლი. ამგვარად, საკუთარ უნარებსა და ძლიერ მხარეებზე გაცილებით მარტივად ისაუბრებთ.

გამოიკვლიეთ, განსაზღვრეთ და ისწავლეთ. საამისო რესურსები კი ძალიან ბევრია, მათ შორის საკმაოდ ბიუჯეტურიც. გამოიყენეთ ტექნოლოგიები, ციფრული პლატფორმები. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტექნოლოგიას იყენებთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას სწავლობთ. კოლეჯისგან განსხვავებით, აქ ინფორმაციის ფლობა არ კმარა.
იყავით მზად, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღების უნარზეც და ეს პირველივე დღიდან გააკეთეთ. შესაძლოა, გაგიმართლოთ და გყავდეთ კიდეც მენტორი, რომელიც ამავდროულად, თქვენი ხელმძღვანელია და საქმის სწავლასა და განვითარებაში გახმარებათ. თუმცა, იცოდეთ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თქვენს კარიერაზე თავად თქვენ გაკისრიათ.

და რა ქნან მათ, ვისაც ვერ გადაუწყვეტავს, კოლეჯში ისწავლოს თუ უნივერსიტეტში? დიახ, დღეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრს ჰგონია, რომ უმაღლესი განათლება გარდაუვალი საჭიროებაა. ეს მოსაზრება სოციუმში ღრმად არის ჩაბეჭდილი. მაგრამ ეს გზა ყველასთვის არაა. პრაქტიკით შესწავლა და განათლების ამგვარად მიღებაც შესაძლებელია და ზოგიერთი მსხვილი კომპანია ამას თანამშრომლებს სთავაზობს. მეორე ვარიანტია, საწყის ეტაპზე, დაიწყოთ მუშაობა, განათლების დონეს კი უფასო ონლაინ კურსების საშუალებით მიხედოთ. არის მესამე ვარიანტიც – ჩააბაროთ კოლეჯში და დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი სამუშაო გამოცდილება.

ბევრი კომპანია გადამზადებას კონკურენტულ უპირატესობად და საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვის საშუალებად განიხილავს. ახალი კურსდამთავრებულები თავად წყვეტენ, სად იმუშაონ და უპირატესობას ანიჭებენ იმ ადგილს, სადაც უკეთ განვითარდებიან. ამგვარად, პასუხისმგებლობის მქონე კურსდამთავრებულების გარდა, არსებობენ გონიერი დამსაქმებლები, რომლებსაც ამ გარემოების სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ.

ზოგიერთი დამსაქმებელი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას ხვდება სტუდენტებს და ასაქმებენ მათ, ვისაც სწავლა და მუშაობა სწყურიათ. ამგვარად, დონე მნიშვნელოვნად იზრდება. შესთავაზეთ ახალ თანამშრომლებს სწავლის ახალი რესურსები. მიეცით ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება, ახალი უნარების შესაძენად, ურჩიეთ მასალა, დაეხმარეთ მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში. ეტაპობრივად, ასეთი მიდგომა გლობალური სამუშაო გარემოსა და ადამიანური რესურსების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

წაახალისეთ თანამშრომლები ისწავლონ თავიანთი თანატოლებისგან. ისინი არ უნდა უცდიდნენ რაიმე სასწავლო კურსის დაწყებას, ახლის შესასწავლად. აუმაღლეთ მოტივაცია, ისწავლონ გამოცდილი კოლეგებისგან. იცნობთ ვინმეს, ვინც თქვენთვის საჭირო სფეროში ერკვევა? ჰკითხეთ, სთხოვეთ გაგიზიაროთ გამოცდილება. დაიქირავეთ თანამშრომლები მათი ცნობისმოყვარეობისა და ათვისების უნარის მიხედვით. ჰკითხეთ კანდიდატებს, რა ისწავლეს გასულ კვირას, გასულ თვეს და ამგვარად, უკეთ ჩაიხედეთ მათ ცნობისმოყვარეობაში.

დარწმუნდით, რომ ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეხმარებიან სწრაფ განვითარებაში. შესთავაზეთ მათ გარემო, სადაც თანამშრომლები სწავლის პროცესს კომფორტულად ჩათვლიან და საქმეში ჩაეფლობიან. დაეხმარეთ მათ, ყოველდღიური სწავლა ჩვევად აქციონ და ცოტა დრო რეგულარულად დაუთმონ რაღაც ახლის შესწავლას. ურჩიეთ წიგნი, სტატია, პოდკასტი ან ნებისმიერი რამ, რაც მათ უწყვეტ სწავლას შთააგონებს.

რეკვალიფიკაცია და ახალი უნარების შეძენა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე რეკრუტინგი. უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ნაკლებდანახარჯიანია რეკვალიფიკაცია, ახალი თანამშრომლების აყვანასთან შედარებით.

ახალ კურსდამთავრებულებს აქვთ მუშაობის დიდი სურვილი. თუმცა, მათ ძალიან სჭირდებათ გონება გადააწყონ სამსახურზე, მოერგონ არსებულ მიდგომებს, ტექნოლოგიებს და კარიერის განვითარება ამგვარად შეძლონ. დამსაქმებლებს კი შეუძლიათ უზრუნველყონ “ზურგის ქარი”, რომელიც მათ ახალი და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში დაეხმარებათ.

წყარო: HBR



განხილვა