COVID-19-ის გამო, აზიელები არაერთხელ გამხდარან სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნეები. კორონავირუსი რასიზმის გაღვივების საფუძველი აღმოჩნდა და ეს მწვავედ იწვნია, მათ შორის, Goodby Silverstein & Partners-ის კრეატიულმა დირექტორმა, მარია ლიმ.
მისი დედა და ძმა, სან-ფრანცისკოში, სასურსათო მაღაზიასა და პარკში, აზიელობის გამო, გარკვეული ადამიანების მხრიდან, ვერბალური შეურაცხყოფის ობიექტებად იქცნენ.
და მიუხედავად იმისა, რომ წესით, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა ადამიანი და რას საქმიანობს, მაინც აღვნიშნავთ, რომ მარია ლის ძმა ექიმია და COVID-19-ის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, 28 საათიან ცვლაში მუშაობდა.
კორონავირუსის პანდემიამ, აზიელები, მსოფლიოს მასშტაბით, რასიზმის სამიზნეებად აქცია. ამას პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამაც შეუწყო ხელი, რომელმაც COVID-19-ს „ჩინური ვირუსი“ უწოდა. Twitter-ზე სიძულვილის ენა ჩინეთის წინააღმდეგ, 900%-ზე მეტი იყო და გამოქვეყნებული ანგარიშებით დასტურდებოდა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გარდა, ბოიკოტი სხვადასხვა ჩინურ ბიზნესსაც გამოუცხადეს.
აშკარა გახდა, რომ კორონავირუსი ჩვენს ყოველდღიურობაზე კი არ ახდენდა მხოლოდ გავლენას, ის შიშსა და შფოთს ზრდიდა აზიელების მიმართ. როგორ აღმოვჩნდით ამ მანკიერი დაავადების, რასიზმის წინაშე?
მარია ლი GS&P -ის აზიელ და არააზიელ კოლეგებს შეხვდა, მათ თავიანთ გამოცდილებაზე და იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეეძლოთ პრობლემასთან გამკლავება და შედეგად, დაიწყო კამპანია Respond2Racism – პასუხი რასიზმს, რომლის ფარგლებშიც, „ტვიტერის“ ბოტი შეიქმნა – რასიზმზე მოპასუხე პირველი ბოტი, რომელიც უკუკავშირს ავტომატურად აძლევს COVID-19-ით შთაგონებულ ტვიტებს.
ბილი ლიაო, Goodbye-ს ჩინელი არტ დირექტორი ამბობდა, რომ იმ ექიმებისა თუ, ბიზნესის მფლობელი ადამიანების სელფ-ვიდეოები, სადაც ისინი თავიანთ გამოცდილებას მოგვიყვებოდნენ, როგორ იბრძოდნენ COVID-19-ის დროს, მათ მიმართ ემპათიას გაზრდიდა და სიძულვილის ენის ავტორს, იძულებულს გახდიდა, ამ ადამიანებისთვის თვალებში ჩაეხედა.