in

როგორ შევქმნათ პასუხისმგებლიანი AI პროგრამა

როდესაც კომპანიები რესურსებს უთმობენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ბევრი მათგანი აცნობიერებს, რომ სჭირდება სტრატეგია რისკების სამართავად. პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა (RAI) არა მხოლოდ ქმნის უსაფრთხოების ზღუდეს კონკრეტული ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებისა და მათი მართვის გუნდებისთვის, არამედ განსაზღვრავს საწარმოს მასშტაბით პოლიტიკას, მართვის სტრუქტურებს, როლებს, პასუხისმგებლობებს, პროცესებსა და სხვა ელემენტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიან გამოყენებას შესაძლებელს ხდის.

სანამ ხელმძღვანელები მზად იქნებიან RAI პროგრამაში რესურსების ჩასადებად, მათ სჭირდებათ დარწმუნება, მუშაობს თუ არა საერთოდ ხელოვნური ინტელექტი მათი დასახული მიზნებისთვის. შემდეგ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილება ნამდვილად მუშაობს და რეალური უკუგება შესაძლებელია, ის რისკები, რომლებიც გვერდზე გადადეს, გადაუდებელ პრობლემებად იქცევა. ასეთ დროს ხელმძღვანელები ჩქარობენ RAI პროგრამების დანერგვას გააზრების გარეშე.

განსაზღვრეთ, როგორია თქვენი RAI პროგრამის სტრატეგიული მიზნები

მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა ითვლება წარმატებად თქვენი RAI პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში. გსურთ იყოთ საუკეთესო დონეზე? უბრალოდ დააკმაყოფილოთ არსებული მარეგულირებელი მოთხოვნები? იყოთ მზად მოსალოდნელი ან მომავალი რეგულაციებისთვის? ამ კითხვებზე პასუხებს დიდი გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ მოხდება RAI პროგრამის გაშვება – მაგალითად, როგორ შეიმუშავებთ რისკების შეფასებას, როგორ გააუმჯობესებთ სამუშაო პროცესებს, როგორ ჩაატარებთ შიდა აუდიტს და ა.შ.

ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ წარმართონ თავიანთი RAI პროგრამების ოპერაციონალიზაცია სხვადასხვა ბაზარზე, რა ზღვრები/ნიშნულებია შესაფერისი თითოეულ ბაზარზე, რა რესურსების ჩადება სურთ პროგრამაში და რომელი დაინტერესებული მხარეები დაექვემდებარებიან იმავე სტანდარტებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ როგორ გაუშვებთ თქვენს პროგრამას მრავალ ბაზარზე, განსაზღვრავს, თუ რა საწარმოს მასშტაბის პროცედურებსა და მეტრიკებს აირჩევთ მომავალში. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ პროგრამის ერთნაირად გაშვებას ყველა ბაზარზე, მაშინ შეგიძლიათ გქონდეთ თანმიმდევრული პროცედურები და მეტრიკები ამ ბაზრებზე. მეორე მხრივ, თუ პროგრამა განსხვავდება ბაზრის მიხედვით (მაგალითად, როგორც GDPR-ის დაცვა ევროკავშირში, მაგრამ არა აშშ-ში), მაშინ შესაფერისია განსხვავებული პროცედურები და წარმატების მეტრიკები.

არის თუ არა თქვენი RAI ღირებულებები ნათლად დაკავშირებული პროცედურებთან?

ბევრ ორგანიზაციას აქვს RAI-ის განაცხადი. თითქმის ყველა მათგანი აერთიანებს ვალდებულებას ისეთი მაღალი დონის კონცეფციების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, პრივატულობა, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და ანგარიშვალდებულება. პრობლემა ისაა, რომ, ამ დონეზე აბსტრაქტულად გამოხატული, ღირებულებების დანერგვა შეუძლებელია. ამის გამოსავალია ამ ღირებულებების პროცედურებთან დაკავშირება.

ზოგჯერ არ არის ნათელი, რას ნიშნავს ეს ღირებულებები პრაქტიკაში, რადგან ისეთი სიტყვები, როგორიცაა „უსაფრთხოება“ და „სამართლიანობა“, სავარაუდოდ სხვადასხვა რამეს ნიშნავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის ორგანიზაციის მასშტაბით. მაღალი დონის ღირებულებებზე შეთანხმება, რომლებსაც სხვადასხვა შინაარსი აქვს ადამიანისთვის, ქმნის შიდა შეთანხმების ილუზიას. ეს ილუზია ქრება, როდესაც ორგანიზაციები ცდილობენ პროგრამების დანერგვას შეუთანხმებელ თანამშრომლებს შორის.

შეიმუშავეთ თუ არა RAI მეტრიკები (KPI და OKR)?

ორგანიზაციები საკმაოდ ჩამორჩებიან, მეტრიკების შემუშავების კუთხით RAI პროგრამის გაშვების, შესაბამისობისა და გავლენის გაზომვისას. თუმცა ეს აუცილებელია, როდესაც ვსაუბრობთ პროგრამის დანერგვაზე ათასობით ან ათიათასობით თანამშრომელს შორის (ზოგ შემთხვევაში 100,000+), ათობით ქვეყანასა და ასობით ბაზარზე.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება RAI პროგრამის მეტრიკებსა და კონკრეტული ხელოვნური ინტელექტის მოდელების ან გადაწყვეტილებების მეტრიკებს შორის. საჭიროა არა მხოლოდ მოდელების გაზომვა – RAI პროგრამა უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ შესაბამისობისა და გაუმჯობესების მიზნებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ მეტრიკების დადგენა, რომლებიც თვალყურს ადევნებენ RAI პროგრამის გაშვებასა და გავლენას, ასევე იმას, თუ რამდენად და როგორ იცავენ თანამშრომლები მას.

რა უნდა გაიზომოს მეტრიკებით:

* რამდენად იცნობენ თანამშრომლები RAI პროგრამას, მათ შორის პოლიტიკასა და პროცედურებს, რომლებიც მათ როლს უკავშირდება
* როგორ იცავს თითოეული თანამშრომელი RAI პროგრამას, მათ შორის სიტუაციებში, სადაც თავად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ან ზედამხედველობს სხვის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას
* როგორ განაპირობებს RAI პროგრამა სასურველ გავლენას
* რამდენად წარმატებულია RAI პროგრამის გაუმჯობესების მცდელობები

RAI მეტრიკების შემუშავება ისევე კომპლექსურია, როგორც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი მაღალი დონის გადაწყვეტილებები მოიცავს:

* რისი გაზომვა ღირს და რა მეტრიკები იქნება გამოყენებული?
* ვინ არის პასუხისმგებელი მათ შეგროვებასა და შეფასებაზე?
* რა სიხშირით მოხდება მეტრიკების შეგროვება?
* რა არის შესაბამისი გაზომვის სამიზნეები, ნიშნულები და ზღვრები?
* რა ტემპით მოხდება მეტრიკების დანერგვა? მაგალითად, ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის გაუმჯობესების მეტრიკების შეგროვება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროგრამა უკვე მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერია გასაზომი.

წყარო: HBR



KFC მომხმარებლებს შესაფუთი ქაღალდის ალოკვას სთავაზობს

Mercedes-მა ლეგენდარულ ლუის ჰემილტონს გამოსამშვიდობებელი კამპანია მიუძღვნა