თუკი ადრე ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად ტურისტები აუცილებლად საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, დღესდღეობით ვითარება შეიცვალა – ქართული კერძები აღარ აღიქმება მხოლოდ რეგიონულ კულინარიად და თანდათან გლობალურ გასტრონომიულ ბრენდად ყალიბდება, რომელსაც გამორჩეული იდენტობა, ღვინის კულტურა და თანამედროვე ინტერპრეტაციები აქვს.
ამის ნათელი მაგალითია ლონდონის პრესტიჟულ უბანში გახსნილი რესტორანი “daka-daka”, რომელიც გემრიელ კერძებსა და ქართული ღვინის სახეობებს აერთიანებს. მართალია, ჯერ ლონდონში, ადგილზე სტუმრობის პატივი არ გვქონია, მაგრამ ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ბევრ გამოხმაურებასა და შეფასებას შევხვდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც კი არაა, რაც რესტორანი არსებობს, მის შესახებ ცნობილი გამოცემა The Guardian-იც წერს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართველ მკითხველსაც გავაცნოთ.

პროექტის შესახებ
DakaDaka ლონდონის Mayfair-ის უბანში, Heddon Street-ზე მდებარეობს და თანამედროვე ქართული სამზარეულოს სრულიად ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს სტუმრებს. რესტორანი აერთიანებს ღია ცეცხლზე მომზადებულ კერძებს, ქართულ ტრადიციულ არომატებსა და ნატურალურ ღვინოს, რაც საბოლოოდ, ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც ერთდროულად ქართულიცაა და საერთაშორისო სტანდარტებზეც არის მორგებული.
პროექტის უკან ორი ცნობილი სახელი დგას – გიორგი მინდიაშვილი და მიც ვორა. მათ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მანამდე ისეთ საერთაშორისო პროექტებზე უმუშავიათ, როგორიც The Hoxton-ის სასტუმროები და სხვადასხვა პრემიუმკლასის რესტორანია. გიორგი მინდიაშვილი, ასევე, საქართველოში კარგად ცნობილი Communal Hotel Collection-ის დამფუძნებელია. თავად DakaDaka არის Berkeley Square Hospitality-ს, სტუმარმასპინძლობის კომპანიის პირველი პროექტი ლონდონში.

თუ შემთხვევით ლონდონის ცენტრალურ უბანში მოხვდი, იცოდე, რა დაგხვდება DakaDaka-ში
DakaDaka-ს მენიუ ქართულ სამზარეულოს თანამედროვე ხედვით აცოცხლებს. ღია სამზარეულოს ცენტრში ნახშირის გრილი და შეშის ღუმელია განთავსებული, რაც, ალბათ, ქართული კერძების „სწორად” მომზადებისთვის კიდევ ერთი მნიშვბელოვანი ატრიბუტია. სტუმრებს აქ შეხვდებათ როგორც კლასიკური ქართული კერძების ახალი ვერსიები, ისე ნაკლებად ცნობილი გემოები. მაგალითად, მენიუშია ხინკალი ტრიუფელითა და ყველით, ღორის ხორცით მომზადებული აფხაზურა, ბადრიჯანი მზესუმზირის ტაჰინით, ლობიო აჯიკის ჩილი ჩიპსით და სხვადასხვა ტიპის ხაჭაპური. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღია ცეცხლზე მომზადებას, რაც კერძებს განსხვავებულ არომატსა და ხასიათს აძლევს.


რესტორნის კიდევ ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინოა. ღვინის განყოფილებას ცნობილი სომელიე ჰონი სპენსერი ხელმძღვანელობს და მასში 100-ზე მეტი ღვინოა წარმოდგენილი, მათ შორის, ქართული ნატურალური ღვინოები ისეთი მწარმოებლებისგან, როგორებიცაა Pheasant’s Tears და Archil Guniava. DakaDaka ცდილობს, სტუმრებს მხოლოდ კერძები კი არა, ქართული სუფრის კულტურაც გააცნოს, სადაც ღვინო და გასტრონომია ერთ მთლიან გამოცდილებად აღიქმება.

შემქმნელებს არ დავიწყებიათ ქართული ჭაჭის ინტეგრირებაც. იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც კოქტეილების დაგემოვნება უყვართ, ჭაჭის ბაზაზე დამზადებულ სასმელებს სთავაზობენ: Pomegranate Negroni, Plum Margarita და Seabuckthorn Sour.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ინტერიერიც. სივრცე ორ სართულზეა განთავსებული და მასში ქართული ფოლკლორული ელემენტები თანამედროვე ლონდონურ დიზაინთანაა შერწყმული. ინტერიერში გამოყენებულია ქართული კირქვა, ხელნაკეთი თიხა, ბუნებრივად შეღებილი ტექსტილი და ხის დეკორატიული ელემენტები. კედლებს კი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებით შთაგონებული დეტალები ამშვენებს.

DakaDaka-ს წარმატება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოსთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ეს აღარ არის მხოლოდ ხაჭაპურისა და ხინკლის ისტორია – დღეს ქართული გასტრონომია თანამედროვე ფორმით, ახალი ხედვითა და საერთაშორისო ხარისხით გადის გლობალურ ბაზარზე. სწორედ ამიტომ, მსგავსი პროექტები არ ნიშნავს მხოლოდ რიგითი რესტორნის გახსნას, ეს არის ქართული კულტურის თანამედროვე წარმომადგენლობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ გასტრონომიულ სივრცეებში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












