Retain-ს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. ის ბიზნესებს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს სასურველი კომპანიისთვის უკუკავშირის დატოვება შეუძლია. პრინციპი მარტივია – Retain-ის QR კოდები პარტნიორი კომპანიების ფილიალებშია განთავსებული, მომხმარებელი მას ასკანერებს და ტოვებს უკუკავშირს, რომელიც პირდაპირ იმ კომპანიის სათავო ოფისში ხვდება. შესაბამისად, Retain-ის სერვისის დახმარებით, მას შეუძლია პირდაპირ დაეკონტაქტოს კლიენტებს და ნახოს მათი შეფასება. ეს სისტემა Retain-ს უკვე 10 თვეა, დაარსების დღიდან დანერგილი აქვს და წარმატებით ამუშავებს. QR კოდები 150 კომპანიის 1700-ამდე ფილიალშია განთავსებული და ბიზნესებს მომხმარებლის „ხმის” გაგონებას უმარტივებს.
დღეს კიდევ ერთ სიახლეზე უნდა გესაუბროთ, რომელიც Retain-მა თავის სერვისებს დაამატა. 2023 წლის 8 დეკემბრიდან ევროკავშირმა შემოიღო ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ღვინის მწარმოებლებმა ბოთლზე დამატებითი ინფორმაცია უნდა დაიტანონ პროდუქტის შემადგენლობის, ალკოჰოლური შემცველობის, ალერგენებისა და კვებითი ღირებულების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს მონაცემი საკმაოდ ვრცელია და შეიძლება ეტიკეტზე არ დაეტიოს, ევროკავშირის დადგენილებით, QR კოდის გამოყენებაც დასაშვებია.
Retain-ს ღვინის კომპანიებთან აქამდეც ჰქონდა თანამშრომლობა. უკუკავშირის სისტემის ფარგლებში, ის ჯერ კიდევ აგვისტოდან თანამშრომლობდა მეღვინეებთან და საშუალებას აძლევდა მათ, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან მიეღოთ მომხმარებლის შეფასება. მომხმარებლები მწარმოებელს უტოვებენ შეფასებას ღვინოზე, სურვილისამებრ, ფოტოს ატვირთვაც შეუძლიათ და საკონტაქტო ინფორმაციის დატოვებაც. ახლა, როდესაც ევროკავშირის დადგენილების შესახებ გახდა ცნობილი, Retain-მა გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა მეღვინეებისთვის, რადგან QR კოდების გენერირება მათთვის ახალი გამოწვევაა და ბევრი მათგანი მოუმზადებელი შეხვდა ამ სიახლეს. გარდა იმისა, რომ Retain-ის შეთავაზება ღვინის მწარმოებლებს საქმეს უმარტივებს და დროს უზოგავს, სერვისიც ფასიც სიმბოლურია და ყველა სხვა ალტერნატივასთან შედარებით დაბალი.
ლევან ჯაბუა, Retain-ის ხელმძღვანელი:
„ახალ რეგულაციასთან ერთად დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა – 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ წარმოებულ ღვინოზე, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ლაბორატორიულად დამტკიცებული ინფორმაცია ამ ღვინის შესახებ.
მეღვინეებს, რომლებსაც საკმაოდ ბევრი საქმე და ძალიან ცოტა დრო აქვთ, დამატებითი საფიქრალი გაუჩნდათ. იმისთვის, რომ პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანონ, QR-იანი ეტიკეტები უნდა გამოიყენონ, რაც მათთვის არც ისე მარტივი პროცესია. გადავწყვიტეთ, მათთვის მიგვეცა საშუალება, მშვიდად განაგრძონ ღვინის წარმოება, QR კოდების გენერირებას კი ჩვენს თავზე ავიღებთ, რადგან ამ საქმეში უკვე საკმაო გამოცდილება გვაქვს. უკუკავშირის სისტემის ფარგლებში, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიისთვის ვაკეთებთ, ღვინის მწარმოებლებთანაც ვთანამშრომლობთ. ეს მათ ეხმარება, გაიცნონ თავიანთი მომხმარებელი, მოუსმინონ მის შეფასებას და სამომავლოდ, გაზარდონ გაყიდვები.
ახლა კი, როცა EU-ის რეგულაცია ამოქმედდა, შევქმენით სპეციალური ფორმა, რომელიც მორგებულია ამ მოთხოვნებს და ინტეგრირებულია QR კოდში”.
აღნიშნული სერვისის მისაღებად, მეღვინეებს Retain-თან დაკავშირება ნებისმიერ სოციალურ ქსელსა და საკონტაქტო არხში შეუძლიათ, იქნება ეს ტელეფონის ნომერი თუ ელფოსტა. რეგულაციის გამოსვლის შემდეგ კომპანიას უკვე არაერთი მეღვინე დაუკავშირდა და QR კოდის მეშვეობით თავის პროდუქტზე ინფორმაცია დაიტანა. ლევან ჯაბუა იმასაც გვიხსნის, რომ მწარმოებლის მთავარი საზრუნავი კარგი და ხარისხიანი ღვინის დამზადებაა და ის არ უნდა ხარჯავდეს დროს ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე, როგორიც QR კოდის გენერატორის შექმნა ან უკვე მზა შაბლონების მოძიებაა. გარდა ამისა, მზა შაბლონი შეიძლება იყოს დროებითი ან არ იძლეოდეს ინფორმაციის შეცვლის შესაძლებლობას. Retain-ის მიერ გენერირებული QR კი საშუალებას აძლევს მეღვინეს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ინფორმაცია ისე, რომ ბოთლიდან ეტიკეტის მოხსნა და თავიდან დაკვრა არ იქნება საჭირო.
„მეღვინეებისგან მხოლოდ და მხოლოდ რეგულაციით დადგენილი ინფორმაციის მოწოდება გვჭირდება. ეს უნდა იყოს: ბრენდის სახელი, ლაბორატორიული კვლევის პასუხი და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები, რომლებიც ჩვენ შეგვყავს სისტემაში, ვაგენერირებთ კოდს და ვუგზავნით მეღვინეს. შემდეგ ის ბეჭდავს ამ კოდს და ბოთლზე აწებებს. მნიშვნელოვანია, ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს QR-ები უვადო და დინამიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იმ ფორმაში, სადაც ეს ინფორმაციაა შეყვანილი, რაღაც შეიცვალა, ის ჩვეულებრივ განახლდება და ახალი ეტიკეტი არ იქნება საჭირო, ასევე QR-ებს არ გაუვა ვადა და ნებისმიერ დროს იმუშავებს”, – გვიხსნის ლევან ჯაბუა.
ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტირება ქართველი მცირე თუ დიდი მეღვინეებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესია. შესაბამისად, მეღვინეების ინტერესია, რომ მოერგონ ყველა რეგულაციას, რომლებსაც ის აწესებს. QR კოდის ეს სისტემა საქართველოში რეგისტრირებულ 2000-ზე მეტ მწარმოებელს საშუალებას აძლევს, მეტი იფიქრონ თავად პროდუქტის წარმოებაზე და ტექნიკური საკითხების მოგვარება Retain-ს მიანდონ, რომელიც მეღვინეებს ეტიკეტზე სრულყოფილი ინფორმაციის მქონე QR-კოდების დატანის სერვისს სთავაზობს.
[R]