in

ელექტრო ტექნიკური კომპანია Retco თავისუფალ, პროგრესულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებს!

Retco რუსთავის ელექტრო ტექნიკური კომპანიაა, რომელიც ბიზნეს ობიექტებს ელექტროენერგიის მისაღებად საჭირო ყველა კომპონენტს სთავაზობს – ტექნიკურ ეკონომიკური გადაწყვეტილება, ელექტრომოწყობილობების შერჩევა, მონტაჟი, აბონენტად რეგისტრირება, საგარანტიო და პოსტ საგარანტიო მომსახურება. „რეტკო“ 12 წელია ბაზარზეა და როგორც დამფუძნებელი და CEO ზურაბ კაპანაძე ამბობს, განვითარების ამ ეტაპზე აუცილებელია მისი სისტემურ კომპანიად გარდაქმნა. ამისთვის ადგილობრივ ნიჭიერ, თავისუფალ, „სმარტ“, პროგრესულ, თანამედროვე და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

BOG
BOG

ზურა კაპანაძე: კომპანია Retco შეიქმნა 12 წლის წინ. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც არ მიგვიღია კომპანიის მართვის პროფესიული განათლება, არ გვიმუშავია სისტემურ კომპანიებში. თავიდან ბოლომდე გააზრებულიც კი არ გვქონდა, როგორ მუშაობს სისტემური კომპანიის სტრუქტურა. განვითარების ამ ეტაპზე მივხვდით, რომ არ შეიძლება, მუდმივად კომპანიის ცხოვრებით იცხოვრო, საჭიროა, უბრალოდ სისტემური კომპანია შექმნა, ანუ დანერგო ისეთი სტრუქტურა, სადაც მენეჯმენტი მართავს და არც ერთი კონკრეტული ადამიანი, მათ შორის CEO-ც არ არის მთავარი და შეუცვლელი ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი გზა და მასში მომუშავე ყველა ადამიანს, მათ შორის მეც, CEO-სა და დამფუძნებელს უნდა მქონდეს ჩემი დამოუკიდებელი გზა. კომპანია არის ცალკე აღებული ინდივიდი, რომელსაც თავისი განვითარების ეტაპები აქვს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სისტემური კომპანია. პროცესში კი მივხვდით, რომ ჩვენი ახლანდელი კადრებით, ამას ვერ შევძლებთ და საჭიროა გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერება. სხვა ქალაქიდან რუსთავში ყოველ დღე სიარული, დროისა და ენერგიის დახარჯვა სერიოზული დემოტივატორია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს ქალაქში მოვძებნოთ ახალი თანამშრომლები. რუსთავს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, რაც ჩვენ გვჭირდება – გაიზარდა თაობა, რომელიც არის პროგრესული, მოტივირებული, „სმარტი“, თანამედროვე. ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან თავის თანატოლებს მხოლოდ ჩვენს რეგიონში კი არა, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ვფიქრობ, შეუძლებელია, წარმატებული კომპანია არათავისუფალ გარემოში, არათავისუფალმა ხალხმა შექმნას. ასეთ ადამიანებს, აქ, ყოველ დღე ვხდები და ზუსტად მათი დახმარებით ვაპირებ ჩვენი კომპანიის განვითარებას. ეს ხალხი, როგორც წესი, ყოველ საღამოს, რუსთავის პარკში იყრის თავს. სწორედ ამიტომ დავგეგმეთ აქ აქცია, რომელიც საკუთრი ძალებით და იდეით განვახორციელეთ.

ვის ეძებს კომპანია ?

კომპანიაში ძირითადი გათვლა გვაქვს ახალგაზრდებზე. ზუსტად ამ მიზნით, უკვე რამდენიმე წელია, მთელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ტექნიკური სასწავლებლებიდან მოგვყავს ახალი კადრები და თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ვუტარებთ. ამიტომ ვისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენი კომპანია და რუსთავში ყოფნა, აქ ცხოვრება, ზუსტად ასეთ ადამიანებს ვეძებთ. ბუნებრივია, დღეს ყველაფერი ციფრულდება და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ამის უგულებელყოფა არ გვინდა, რომ ყველამ გინდა თუ არა, რუსთავში უნდა იცხოვროს. არის პროფესიები, რომელიც შეიძლება იყოს „ფართ თაიმ“ და დისტანციურად, მაგრამ არის პოზიციები და განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სადაც აუცილებელი იქნება მუდმივად ფიზიკურად აქ ყოფნა. ჩვენი კომპანია რუსთავიდან ქალაქგარეთ არის, 3 ჰექტარი ტერიტორია გაქვს. სწორედ ამიტომ, ძირითადად მაინც, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვეძებთ ახალგაზრდებს, ვინც რუსთავში ცხოვრებასა და აქ მუშაობაზე იქნება თანახმა.

რას სთავაზობთ ამ კადრებს? 

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდებს ძალიან დასავლური, თანამედროვე, კულტურის კომპანიის შესაქმენლად, სადაც ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა არის მთავარი. მე არ მჯერა, რომ ტონის აწევით, დასჯის მეთოდებით შესაძლებელია წარმატების მიღწევა, მით უმეტეს – კომპანიაში. პროფესიულ განვითარებას აბსოლუტურად სხვა გამოწვევების ახლავს პიროვნული განვითარების კუთხით. ბოლომდე პროფესიულ განვითარებაზე კონცენტრირება ჩემთვის, როდესაც 44 წლის ვარ, რთულია. შესაბამისად, ვთვლი, რომ კომპანიის ახლებურად განვითარებას ჩემი ფაქტორიც აფერხებს. ზუსტად ამიტომ მინდა, კომპანია ღია იყოს ახალი ენერგიისთვის, სადაც ყველა ადამიანისთვის იქნება ნათელი, რომ ჩვენთან არ არსებობს არც ერთი პოზიცია, მათ შორის არც CEO-ს პოზიცია, რომელზეც ვერ იოცნებებენ. ძალიან დიდი სიამოვნებით გავიწეოდი ოპერაციული საქმიანობიდან, თუ ჩავთვლი, რომ კომპანია ამის საშუალებას მაძლევს.

ანუ, თუნდაც, ნაკლებად გამოცდილ, ახალგაზრდა ადამიანებს ჰპირდებით თავისუფალ გარემოს, სადაც თქვენზე მეტი ენერგიით გააგრძელებენ საქმიანობას? 

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სისტემური კომპანიის ანა-ბანას ახლა სწავლობს. ამიტომ, მათთვის, ვისაც ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენი კომპანია საინტერესოც არ იქნება. ამ აქციის ფარგლებში, ჩვენ ვეძებთ HR, მარკეტერს და CEO-ს ასისტენტს. თუმცა, სხვა ვაკანსიებიც გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში,გვინდა დასავლური სისტემა დავნერგოთ, სადაც მიმდინარე შეხვედრების დანიშვნასა და დაგეგმვის გარდა, ასისტენტი CEO-ს სხვა აქტივობებშიც დაეხმარება. მაგალითად, ჩვენი თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება, დოკუმენტების დამუშავება, შორტ ლისტებად გაკეთება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი საქმეების გაკეთება, რაც CEO-ს ყოველდღიურად დაუზოგავს დროს, რომ მან სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შეძლოს კონცენტრირება. ჩვენი წარმოდგენით, CEO-ს ასისტენტი არის ადამიანი, რომელიც კომპანიის ყველა დეპარტამენტს უყურებს, ის კომპანიას CEO-ს გადასახედიდან უყურებს. ეს ძალიან ზრდის ადამიანებს. პროფესიული  განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ჩვენნაირ პატარა კომპანიაში, მკაცრად არარეგლამენტირებულ გარემოში მუშაობა. კომპანიაში, სადაც ახალგაზრდებს თავისუფლებას აძლევენ, შეუძლებელია, არ იყოს საინტერესო. ყოველდღიური მოქმედებით უნდა აჩვენო, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა. პირიქით, უნდა უთხრა: განვითარდი, იყავი მოტივირებული. არ ვიზიარებ იმ მოგონილ დოგმებს, რომ არ შეიძლება დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყოს 40 წელზე პატარა, ან თანამშრომლები ბატონობით უნდა მიმართავდნენ ერთმანეთს.

მოდით, ახლა უშუალოდ კომპანიის შესახებ ვისაუბროთ . . . 

Retco არის ელექტრო ტექნიკური კომპანია. ანუ დამკვეთს ყველა იმ კომპონენტს ვთავაზობთ, რაც ახალ აბონენტს სჭირდება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მაგალითად, ახალაშენებულ ქარხანას ესაჭიროება, რომ ელექტროენერგია ჰქონდეს. პირველი ეტაპი არის სწორი ტექნიკური გადაწყვეტილების შერჩევა – რა სიმძლავრის, როგორი მოწყობილობებით უნდა დაკომპლექტდეს ქსელი, როგორ უნდა აშენდეს და ა.შ. ამისთვის გვაქს საპროექტო მიმართულება და სწორედ ამ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუმცა, არა მხოლოდ ტექნიკური, ეს არის ტექნიკურ-ეკონომიკური შეთავაზება, ტექნიკურად გამართული და მაქსიმალურად ეკონომიური, რომ არ მოხდეს დამკვეთის ან აბონენტის ფულადი რესურსის გადახარჯვა. ჩვენ, ერთის მხრივ უნდა შევთავაზოთ ტექნიკურად გამართული სისტემა, მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად გვესმის რა მდგომარეობაშია დღეს ეკონომიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიზნესგარემო ჩვენთან არის განვითარების სხვა ეტაპზე, ვიდრე დასავლურ ქვეყნებში და იმ ხარისხის მომსახურება უნდა შევთავაზოთ, რისი გადამხდელუნარიანობაც აქვს ქართულ ბიზნესს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვწევთ სტანდარტს იმაზე დაბლა, რაც უსაფრთხო, გამართული, მაღალი ხარისხის მომსახურებას გულისხმობს. პროექტირებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების შემდეგ მოდის მოწყობილობის შერჩევა – ჩვენ გვაქვს ქარხნულად ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების წარმოების პრაქტიკა. პირველი რამდენიმე წელი უკრაინელი სპეციალისტებისგან ვიღებდით ამ ცოდნას. მოწყობილობების წარმოებისას, ბუნებრივია, ვიცავთ ძალიან მაღალ სტანდარტებს. შემდგომ მოდის წარმოებული პროდუქციის ადგილზე მონტაჟი, მისი გაშვება და ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის, ობიექტის, აბონენტად ჩაბარება. შემდგომი ეტაპები კი არის საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე უკრაინელ და თურქ მწარმოებლებს სერიოზული კონკურენცია გავუწიეთ და თითქმის, აღარ გვხვდებიან ადგილობრივ ტენდერებში ისინი.

კიდევ რა უპირატესობა აქვს Retco-ს? რატომ უნდა აირჩიოს თქვენი კომპანია მომხმარებელმა და მეორეს მხრივ იმ ახალგაზრდებმა, ვისაც ახლა თანამშრომლობისთვის ეძებთ? 

ჩვენი ძლიერი მხარე არის მაინც იმ ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ინჟინრების გუნდი, რომელსაც ჩვენ ვზრდით და ძალიან დიდ რესურსს ვდებთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული განვითარება, არამედ არის მენეჯერული „სქილები“, ემოციური ინტელექტი და ბევრი სხვა. ჩვენ არ გვეშინია, რომ ჩვენგან ვინმე წავა, პირიქით, ჩვენგან წასული ადამიანებით, ვინც დღეს „ენერგო პროში“, სახელმწიფო ენერგო სისტემაში და სემეკში მუშაობენ, ვამაყობთ, რადგან ამ პროფესიული წარმატების გზაზე ჩვენც მოვიაზრებით. არ გვეშინია ისეთი კომპანიის აშენება, სადაც ადამიანი გაიზარდება პროფესიულად და მეტი განვითარებისთვის სხვა მასშტაბი დასჭირდება. ჩვენი მთავარი ძალა იმ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც მუდმივად განვითარების რეჟიმში არიან.

თქვენი ძირითადი დამკვეთები ვინ არიან? 

Retco არის B2B კომპანია, ჩვენი დამკვეთი არის ბიზნესი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრო მეურნეობა, ქვესადგური, ტრანსფორმატორი, საკაბელო ტრასები. ანუ კომპანია, რომელიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს – წარმოებები, დიდი სასტუმრო კომპლექსები, სასათბურე მეურნეობები. ჩვენი იდეალური კლიენტები არიან კომპანიები, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რა არის გამართული ელექტრო მეურნეობა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს გაუმართავ სისტემას და ავარიულად ელექტროენერგიის გათიშვას.

ისევ ახალი კადრებისა და სისტემური კომპანიის შექმნას რომ დავუბრუნდეთ, რას მოგიტანთ ეს სიახლე? 

პირველ რიგში, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რომელიც ახლა ასე ძალიან გვჭირდება. არის კიდევ ერთი ფაქტორი – წარმატებული რუსთაველებისთვის ძირითადი საქმიანობის ადგილი მაინც თბილისია, ჯერ სამუშაოდ  დადიან, ბოლოს კი საცხოვრებლადაც დედაქალაქში გადადიან. ფაქტობრივად, რუსთავი იმ ძალისგან ცარიელდება, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რეალობა შეცვალოს. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ნიჭიერი, თავისუფალი, „სმარტი“, პროგრესული, თანამედროვე და მოტივირებული ახალგაზრდებითვის ვიყოთ საინტერესო, ბაზარზე სხვა კომპანიებიც გაჩნდება, ვინც ასეთ ახალგაზრდებს დაასაქმებს. ეს იქნება ერთი აგური იმისთვის, რომ რუსთავი ისეთ სიმაღლეზე იყოს, როგორსაც იმსახურებს. მართლა დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ათეული წლების განმავლობაში იყო ინდუსტრიულად ძალიან აქტიური – მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური მრეწველობა, ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ელექტროქარხანა – აქ ყველაფერი იყო. მგონია, რომ თანამედროვე დასავლური ტიპის ქალაქის შექმნა რუსთავში შესაძლებელია, ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს შევიტანთ და იმედია, სხვა კომპანიებიც გამოგვყვებიან.

დარწმუნებული ხართ, რომ თავისუფალ, მოტივირებულ, პროგრესულ ახალგაზრდებს დააინტერესებთ თქვენთან თანამშრომლობა? 

ჩემთვის სისტემური კომპანიის აშენება ყველაზე დიდი გამოწვევაა პროფესიული კუთხით. ძალიან ცოტა რამ შეიძლება გამოგივიდეს მაშინ, როდესაც არ მიგიღია პროფესიული განათლება (კომპანიის მართვის) არ გიმუშავია სისტემურ კომპანიაში და საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობ. ამიტომ, მგონია, რომ პირველი განვითარების შემაფერხებელი მე ვარ. ჩემ ამოცანას ვხედავ, რომ დროულად გავიდე კომპანიის ყოველდღიური მმართველობიდან და შანსი მივცე იმ ადამიანებს, რომლებსაც უგროვდებათ სისტემური მართვის გამოცდილება. ჩვენ დავეხმარებით სწავლებებით, ტრენინგებით – ხშირად ვიწვევთ (მომავალშიც გავაგრძელებთ) საერთაშორისო ბიზნეს კონსულტანტებს. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, ბევრჯერ მოგვიწია უკან დაბრუნება, იმისი აღმოჩენა, რომ თავიდან უფრო მარტივად ვუყურებდით რაღაცებს, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. HR-ის შემთხვევაში ყველა რეკრუტინგული კომპანია ვცადეთ და ვერ ვიპოვეთ. ძალიან რთულია, პირობითად, თბილისში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს, დააინტერესო რუსთავში მუშაობით. აუცილებლად გამოვა? არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის კინო რომ სხვა არხზე გადართო, ეს არის საქმე, რომელიც ჩვენი მოსაგვარებელია. ეს არ გამოვა? სხვა რამეს მოვიფიქრებთ, ავიყვანთ HR-ის პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდას და გამოვზრდით. ვიცი, რომ ყველა პარამეტრით ზუსტად ისეთი ვერ იქნება 2 წლის შემდეგ ჩვენი კომპანია, როგორც, ვთქვათ, ახლა ვხედავთ მის მომავალს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერი და სისტემური იქნება, ვიდრე დღეს არის.

პ.ს. Retco-ს შესახებ დეტალური და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, რეზიუმეები კი გააგზავნოთ მისამართზე: [email protected]

 

[R]

არ გაჩერდე და ყველა გაიგებს! – 10 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოზიდულია!

უნარები, რომლებიც გუნდის წევრებისთვის სამაგალითო ლიდერს აქვს