in

MoMA-ში 90-იანების პეიჯერი დაბრუნდა

სმარტფონებისა და ჭკვიანი საათების ეპოქაში პეიჯერი თითქმის სრულად დარჩა 90-იანების მოგონებად, ან იმ ნივთად, რომელსაც ექიმები ძველ სერიალებში ატარებდნენ. თუმცა MoMA Design Store-მა ეს თითქმის დავიწყებული მოწყობილობა თანამედროვე ფუნქციით დააბრუნა.

BOG
BOG

Retro Beeper Portable Power Bank გარეგნულად კლასიკურ პეიჯერს ჰგავს, გამჭვირვალე კორპუსით, რომელიც შიდა მექანიზმებსაც აჩენს. ზომით დაახლოებით საკრედიტო ბარათის ტოლია, ოდნავ სქელი, და მისი ქამარზე მიმაგრება ან გასაღებების საკიდად ტარებაც შეიძლება.

შიგნით კი ჩვეულებრივი პეიჯერის ნაცვლად პორტატიული ბატარეაა. მოწყობილობას USB-C და USB-A პორტები აქვს და iPhone 15-ის დაახლოებით ორჯერ სრულად დამუხტვა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში ლეპტოპს ან ტაბლეტსაც მიაწვდის დამატებით ენერგიას. პატარა ეკრანი დარჩენილ მუხტს აჩვენებს, თავად power bank-ის სრულად დამუხტვას კი დაახლოებით ორი საათი სჭირდება.

თუმცა დიზაინი ერთადერთი რეტრო დეტალი არ არის. Retro Beeper-ს სხვა ასეთივე მოწყობილობებთან შეტყობინებების გაგზავნა და მიღებაც შეუძლია. სისტემა რეალური პეიჯერის მსგავსად რადიოსიგნალს იყენებს და 86 წინასწარ ჩაწერილი ფრაზა აქვს, მათ შორის „Hello!“ და „Call me back“. შეტყობინების მიღებისას მოწყობილობა დამახასიათებელ ხმასაც გამოსცემს.

ამ ფუნქციით power bank უფრო თამაშობად და ნოსტალგიურ ობიექტად იქცევა. ის შეგნებულად გვახსენებს იმ პერიოდს, როცა მოწყობილობებს ერთი კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ და მათი გამოყენებაც ბევრად მარტივი იყო.

Retro Beeper იმ დროს გამოჩნდა, როცა რეტრო ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ისევ იზრდება. ვინილის ფირფიტები, კასეტები, ფირიანი კამერები და ძველი სტილის აუდიომოწყობილობები სულ უფრო ხშირად ბრუნდება როგორც დიზაინის, ისე ყოველდღიური მოხმარების ნაწილად.

MoMA Design Store-შიც პეიჯერი ერთგვარ „რეტრო ტექნოლოგიების“ სექციაშია მოთავსებული, სადაც პატარა Kodak-ის კამერებსა და Bluetooth boombox-ებსაც შეხვდებით.

ასეთი პროდუქტი ორი ტიპის მომხმარებელს იზიდავს. ერთისთვის საკუთარი წარსულის მოგონებაა, მეორისთვის კი – დღევანდელი მუდმივად დაკავშირებული ციფრული გარემოდან მცირე პაუზის შესაძლებლობა.

ამ ინტერესში ნოსტალგიაზე მეტი ჩანს. მუდმივი შეტყობინებების, AI-სა და ეკრანებით სავსე ყოველდღიურობის ფონზე მარტივი მოწყობილობები ისევ მიმზიდველი ხდება. Retro Beeper სწორედ ამ განწყობაზე თამაშობს: ფორმა წარსულიდან აქვს, ფუნქცია კი სრულიად დღევანდელი.

ემოციები, როგორც მთავარი პროდუქტი – როგორ აფართოებს Crystal Hotel & SPA სტუმარმასპინძლობის საზღვრებს

FLOHIO — ლონდონური რეპის ენერგია „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის” სცენაზე