რეტრო მანქანები ავტომოყვარულებს ძალიან უყვართ, რადგან ის კლასიკასთან, მოგონებებთან, წარსულ ესთეტიკასთან და გარკვეულწილად, ისტორიასთან ასოცირდება ხოლმე. თუმცა ნოსტალგიის გარდა არის კიდევ მეორე ფაქტორი – ტექნოლოგია. როგორც ირკვევა, რეტრო მანქანებს ხშირად გასაოცრად თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია აქვთ. ჩვენ დავინტერესდით, რომელი ბრენდებია მათ რიცხვში.
ICON Ford Bronco
თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კლასიკური მანქანების სიაში პირველი ICON Ford Bronco გვახსენდება. ICON4x4-ზე მოდელი ცნობილი გახდა კლასიკური Land Rovers-ისა და Jeep-ის ძრავების აღდგენით. ლეგენდარული გვიანი 60-იანი წლების ვინტაჟური SUV უმაღლესი მანევრირებით, ფერდობებზე სტაბილური მოძრაობითა და მაღალი გამავლობით გამოირჩევა.
რაც შეეხება ტექნიკურ პაკეტს, მასში შედის 10-დინამიკიანი B&O აუდიო სისტემა, HD რადიო, ავტოფარეხის კარის უნივერსალური გაღება და უსადენო დატენვის პადები.
Oldsmobile Incas-ის კონცეფცია
Italdesign-ის მიერ შემუშავებული 1986 წლის Oldsmobile Incas-ს ინსტრუმენტების მრავალეკრანიანი პანელი ჰქონდა. მისი საჭე ვიდეოთამაშის ჯოისტიკს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ მანქანას. განათება, აუდიო, საკრუიზო და ავტომატური ტრანსმისიის კონტროლი – ყველა ეს ფუნქცია მის ამ ორიგინალურ საჭეზე იყო განთავსებული. მანქანას ხშირად ადარებდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პერსონაჟს, რომელიც დროს ბევრით უსწრებს.
Lamborghini Athon-ის კონცეფცია
მეოცე საუკუნის 80-იანი წლებისთვის ნამდვილად სენსაცია იყო ის ციფრული მოწყობილობები, რომლებიც ამ მანქანის ინტერიერში მოიძებნებოდა. ელექტრონული წამკითხავები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მანქანის მომხმარებელზე ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და დღემდე ახდენს. არა იმიტომ, რომ თანამედროვე მანქანებს მსგავსი ტექნოლოგია არ აქვთ, არამედ თავისი რეტრო ესთეტიკის გამო.
Nissan CUE-X კონცეფცია
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელიც 80-იანი წლებიდან არის, მისმა ციფრულმა ეკრანების დაფამ მრავალ გამოცდას გაუძლო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ავტომოყვარულებში. ცენტრალურ კონსოლში ფერადი ეკრანი უზრუნველყოფდა წვდომას GPS ნავიგაციაზე, კლიმატის კონტროლზე და შასის ინფორმაციაზეც კი, რაც 21-ე საუკუნეშიც არ არის ყველა თანამედროვე ავტომობილის სტანდარტი.
Peugeot Quasar-ის კონცეფცია
ეს Sci-Fi ინტერიერი ფოტოს შემხედვარე ყველა ადამიანს თვალს მოჭრის. მასზე ელექტრონიკის კომპანია Clarion-მა იმუშავა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მასიური ეკრანების განვითარებაზე. როგორც სურათზეა ნაჩვენები, 1984 წლის მოდელს ფერადი ცენტრალური ეკრანი ჰქონდა ნავიგაციით. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ იგი აგზავნიდა და იღებდა telex შეტყობინებებს.
Mazda MX-03 კონცეფცია
ამ მანქანის საჭე რეაქტიული გამანადგურებლის დისტანციურ პულტს უფრო ჰგავს, ვიდრე მანქანისას. მას გამორჩეული დისპლეი და საბორტო ტელეფონიც კი ჰქონდა, რაც 1985 წლის გამოშვების მანქანისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
Citroen Karin-ის კონცეფცია
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, Citroen Karin გახლავთ. მას ჰქონდა ავანგარდული ინტერიერი, რომლის ცენტრშიც ფუნქციური ეკრანი იყო განთავსებული. ეკრანის გვერდით ნახავდით ციფრულ სიჩქარის საზომსა და ტაქომეტრს.
ეს არის ის ცნობილი ავტომობილები, რომლებმაც თავის დროზე წარუშლელი კვალი დატოვეს თანამედროვე ტექნოლოგიის შემოღებით და არა მხოლოდ მაშინ, დღესაც ავტომოყვარულების რჩეულ სიაში იწონებენ თავს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი