ნატალი ვონგის ფერადი ქაღალდებისგან შექმნილი ფიგურები დეტალურად ასახავს რეტრო სათამაშო კონსოლებს, როგორებიცაა Nintendo Gameboy, NES One Console და Sony-ის PlayStation One. „იმის შესწავლა მინდოდა, როგორ იწვევს კლასიკური თამაშები ჩვენში დადებით ემოციებს თუ ბავშვობის მოგონებებთან, ნოსტალგიებთან დაკავშირებულ ასოციაცია“, — აღნიშნავს ნატალი.
მისი თქმით, რეტრო თამაშებს ორმაგი მიმზიდველობა აქვს: პირველ რიგში, კლასიკური გეიმპლეი, რომელიც ძველ თამაშებში გხვდება, როგორებიცაა Super Mario Bros. და Donkey Kong, მარადიულ გამოცდილებად იქცა; მეორეც, თამაში ემოციურად ასოცირდება წარსულის ბედნიერ დღეებთან, რაც მოთამაშეებში დადებით გრძნობებს აღძრავს.
სერიისთვის, რომელსაც არტისტი RetroPlay-ის სახელით გვაცნობს, ქაღალდის სკულპტურების სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენა, რათა სრულყოფილ სახემდე მიეყვანა კონსოლების რეპლიკა. „როდესაც ადამიანები ბავშვობიდან თამაშობენ რაღაცას და წლების შემდეგ მას კვლავ წააწყდებიან, ტვინში სიამოვნების იმპულსები მატულობს. თან პატარაობისას კოლექტიური იდენტობის ნაწილად გვექცა ამ თამაშებში წარმატების მიღწევის სანაცვლოდ ერთგვარი ჯილდოს მიღება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გამოცდილებას“.
გარდა ამისა, ნატალი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მეტად გაიზარდა კლასიკური ვიდეოთამაშების მიმართ ლტოლვა, რასაც გლობალური პანდემიის ხანგრძლივ გავლენებს უკავშირებს. „ეს თამაშები მოთმინებასა და გამძლეობას გვასწავლის, რადგან მოთამაშეებს შეზღუდული რაოდენობის სიცოცხლე აქვთ — შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთონ გადასარჩენად თუ მაქსიმუმის მისაღებად. მოთმინება და სიბრძნე კი ღირებული ცხოვრებისეული გაკვეთილებია“.