90-იანელებს განსაკუთრებით კარგად გვახსოვს მუსიკის მოსმენა ე.წ. „მაგნიტოფონში”, ასევე, პოლაროდით გადაღებული ფოტოს რამდენიმე წამში მიღება, რაც დროთა განმავლობაში ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა და ერთ დიდ ნოსტალგიად აქცია.
თუმცა დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება ძველი გაჯეტების იმ განსაკუთრებულ ხიბლს, რომლის გამეორებაც სმარტფონებსა და ლეპტოპებს არ შეუძლიათ. კომპანიებიც აქტიურად მიჰყვებიან ამ ტენდენციას და ნოსტალგიურ დიზაინს თანამედროვე ფუნქციებს უხამებენ.
გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო რეტროინსპირირებულ მოწყობილობას, რომლებიც დღეს ბაზარზეა:
ციფრული საბეჭდი მანქანები

smart typewriter-ები მხოლოდ აუცილებელ ფუნქციებს მოიცავს: მომხმარებელი, კლავიატურა და ტექსტი.
Freewrite ($699): Freewrite-ის დიზაინი კლასიკური საბეჭდი მანქანებითაა შთაგონებული და მინიმალისტური წერის გამოცდილებას გთავაზობთ. მოწყობილობას აქვს პატარა ეკრანი და სასიამოვნოდ დასაჭერი კლავიშები. თუ ტექსტის რედაქტირება დაგჭირდებათ, დოკუმენტები ავტომატურად სინქრონიზდება ღრუბელში და მათი ექსპორტი ნებისმიერ პროგრამაშია შესაძლებელი.
მაგნიტოფონები, კასეტები და ვინილები

მაგნიტოფონის სტილი ხელახლა ბრუნდება, როგორც დიზაინის გამორჩეული ელემენტი და ფუნქციური აუდიომოწყობილობა. თანამედროვე ვერსიებში კლასიკური დიდი ღილაკები, კასეტის ჩამწერი და დიდი დინამიკები ისეთ თანამედროვე ფუნქციებს ერწყმის, როგორიცაა Bluetooth და დამტენი ელემენტი.
ვინილის საკრავები კი კვლავ პოპულარულია და მელომანებისთვის ნამდვილად ძვირფას საჩუქარს წარმოადგენს.
ერთ-ერთი მაგალითია “We Are Rewind” ($525): კლასიკური მაგნიტოფონის თანამედროვე ვერსიაა. მოწყობილობაში შენარჩუნებულია ძველი მოდელებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები – კასეტის დამკვრელი და ჩამწერი, თუმცა დამატებულია Bluetooth და დამტენი ელემენტი.
სწრაფი ფოტოკამერები

ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წამში მის ხელში დაჭერას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მოლოდინი, აღფრთოვანება და ფირის არასრულყოფილი, მაგრამ უნიკალური ვიზუალი თითოეულ კადრს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე iPhone-ით გადაღებული სწრაფი ფოტო.
ამ საქმეში Polaroid-ის პოპულარობა არასდროს გამქრალა, თუმცა ბრენდი მოწყობილობების განვითარებას აგრძელებს. გასულ წელს (2025) კომპანიამ Polaroid Flip გამოუშვა – რეტროდიზაინის მყისიერი ფოტოკამერა თანამედროვე ფუნქციებით, მათ შორის, ავტოფოკუსითა და აპთან დაკავშირების შესაძლებლობით, რაც კამერის დისტანციურად მართვასაც უზრუნველყოფს.
ტელეფონები

სახლის სტაციონარული ტელეფონებიც ნელ-ნელა ბრუნდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკრანებით გადატვირთული კომუნიკაციისგან დასვენების საშუალებას ეძებენ. ამასთან, ისინი სულ უფრო ხშირად გვხვდება ინტერიერის დეკორის ელემენტის სახითაც და სახლში ერთგვარ გამორჩეულ აქცენტს ქმნის.
Tin Can ($100): გახსოვთ დრო, როცა სკოლის შემდეგ სახლში მისვლისთანავე სტაციონარულ ტელეფონთან გარბოდით და მეგობრებთან საათობით საუბრობდით? სწორედ ეს ნოსტალგიური გამოცდილება გახდა Tin Can-ის ინსპირაცია. ბავშვებისთვის შექმნილი მოწყობილობა სტაციონარულ ტელეფონს ჰგავს, თუმცა სატელეფონო ხაზის ნაცვლად მხოლოდ Wi-Fi სჭირდება. დარეკვა მხოლოდ წინასწარ დაშვებულ კონტაქტებთანაა შესაძლებელი, ხოლო მშობლებს კონტაქტების მართვა სპეციალური აპიდან შეუძლიათ.
არსებობს უფასო პაკეტი, რომელიც Tin Can-ის სხვა მომხმარებლებთან დარეკვის საშუალებას იძლევა, ხოლო ყველა დამტკიცებულ კონტაქტთან დარეკვა თვეში $9.99 ღირს.
როგორც ვხედავთ, ნოსტალგია იმდენად ძლიერი შეგრძნებაა, რომ თავად ტექნიკის მწარმოებლებზეც მოქმედებს და აიძულებს მათ, რეტროსტილის მოწყობილობები გათანამედროვებული სახით შემოგვთავაზონ. საინტერესოა, ჩვენს მკითხველს ამ ოთხიდან რომელი ნივთის ნოსტალგია უფრო აქვს და რომელს შეიძენდა…












