2024 წლის S&P 500 კომპანიების კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ორგანიზაცია აქციების ფასების ვარდნის შემდეგ, ოფისში დაბრუნების ვალდებულებას აწესებს, იმ იმედით, რომ ოფისში მუშაობა პროდუქტიულობას გაზრდის. თუმცა, ექსპერტები ამ სტრატეგიის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. ოფისში დაბრუნების მთავარ არგუმენტებად კომპანიები ხშირად ასახელებენ თანამშრომლობის, ინოვაციისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. რეალობა კი განსხვავებულია – ეს შედეგები არ მიიღწევა მხოლოდ იმით, რომ ადამიანები ერთ შენობაში შეიკრიბებიან. ის, თუ სად მუშაობენ თანამშრომლები გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ის, თუ როგორაა ორგანიზებული მათი სამუშაო პროცესი.
ავსტრალიის პროდუქტიულობის კომისიის კვლევამ აჩვენა, რომ ჰიბრიდული მუშაობა პროდუქტიულობას არ ამცირებს. პრობლემა ტექნოლოგიებსა და სისტემებში ინვესტიციის ნაკლებობაა, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანებს უკეთესი შედეგები ეჩვენებინათ. მოძველებული ინფრასტრუქტურა და არაეფექტური პროცესები ვერ გაუმჯობესდება მხოლოდ იმით, რომ ყველა თანამშრომელი ოფისში დაბრუნდება.
ოფისში დაბრუნების ხარჯები მნიშვნელოვანია. ისეთ ქალაქებში როგორიც ატლანტაა, თანამშრომლებს შესაძლოა დღეში 2-3 საათი მგზავრობაში დაეკარგოთ. ეს დრო შეიძლებოდა დახარჯულიყო ფოკუსირებულ მუშაობაზე, კრეატიულ აზროვნებაზე ან დასვენებაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე. ოფისში მისვლის შემდეგაც კი, ბევრი თანამშრომელი იმავე მოძველებული ხელსაწყოებითა და არაეფექტური პროცესებით აგრძელებს მუშაობას, რაც პროდუქტიულობას ვერ ზრდის, ზოგჯერ კი პირიქით – ამცირებს კიდეც.
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც კვირაში ორ დღეს სახლიდან მუშაობენ, ისევე პროდუქტიულები არიან, როგორც სრულ განაკვეთზე ოფისში მომუშავე კოლეგები, ამასთან 33%-ით ნაკლებად სავარაუდოა მათი სამსახურიდან წასვლა. სხვა კვლევებით დადგინდა, რომ დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობა ამცირებს „ბიულეტენის დღეებით“ სარგებლობას, ყურადღების გაფანტვას და ზრდის კმაყოფილებას.
გასაღები სამუშაოს მიზანმიმართულ დაგეგმვაშია. თუ ორგანიზაციებს მეტი თანამშრომლობა სურთ, მან შეიძლება ურჩიოს მათ განაახლონ თანამშრომლობის ინსტრუმენტები, შეცვალონ შეხვედრების ფორმატი იდეების გენერირებისთვის უკეთესი სივრცის შესაქმნელად და პირისპირ დრო გამოიყენონ ისეთი მაღალი ღირებულების მქონე აქტივობებისთვის, როგორიცაა მენტორინგი და ურთიერთობების გაღრმავება. იგი ოფისების წინააღმდეგი არაა, არამედ თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომის მომხრეა – ისეთი გარემოს შექმნის, სადაც ადამიანებს საუკეთესოდ მუშაობის საშუალება ექნებათ, მიუხედავად ამ სამუშაოს ლოკაციისა.
სამუშაო მოქნილობის შესახებ დისკუსიები ხშირად ფოკუსირდება იმაზე, სად მუშაობენ ადამიანები, მაშინ როცა „სად“ გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე „როგორ“ და „რატომ“. მისი აზრით, ოფისში დაბრუნების ვალდებულება მიზნისა და ემპათიის გარეშე რისკავს კულტურის დაზიანებას, ნდობის შერყევას და ჩართულობის შემცირებას. ადამიანები სწრაფად ამჩნევენ შეუსაბამობას ოფიციალურად დასახელებულ მიზეზებსა და რეალობას შორის, განსაკუთრებით მაშინ, როცა „თანამშრომლობისთვის“ მოსული თანამშრომლები მთელ დღეს ვიდეო ზარებში ატარებენ.
სინამდვილეში, არც ოფისი და არც დისტანციური მუშაობა არაა პრობლემის წყარო. გამოსავალი უკეთესი მიდგომა მიზნების განსაზღვრა და თითოეული მუშაობის რეჟიმის დანიშნულების მაქსიმიზაციაა: ოფისები პირისპირ კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის, დისტანციური მუშაობა კი ფოკუსირებული შრომისა და მოქნილი კეთილდღეობისთვის.
გამოსავალი ყველას კვირაში 5 დღით ოფისში დაბრუნება არ არის. მომავალი მოქნილობაშია და მისი კომპანიისთვის საუკეთესოდ მუშაობს ჰიბრიდული მოდელი, სადაც ოფისის დროს მიზანმიმართულად იყენებენ თანამშრომლობისთვის, დაგეგმვისთვის და გუნდური კავშირების გასაღრმავებლად, თანამშრომლებს კი აძლევენ ავტონომიას ფოკუსირებული სამუშაოსთვის დისტანციურად, როცა ეს მიზანშეწონილია.
ოფისში დაბრუნების პოლიტიკა არასწორი მიდგომაა გრძელვადიანი ბიზნეს წარმატებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება თანამშრომლებს უგზავნის სიგნალს, რომ მათ არ ენდობიან, რომ ისინი უბრალოდ „მანქანის ნაწილები“ არიან და რომ სამუშაო და მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი წვლილი. ეს მიდგომა დრამატულად ამცირებს ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას ორგანიზაციაში.
როდესაც ადამიანები გრძნობენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნდობას, მათი ტვინი უკეთესადაა აღჭურვილი კრიტიკული აზროვნებისთვის, პრობლემების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტური თანამშრომლობისთვის. სწორედ ესაა, რაც რეალურ ღირებულებას და მოგებას ქმნის. ოფისში დაბრუნების იძულება კი სტრესს უზრდის ლოიალურ თანამშრომლებს და საუკეთესო კადრებს უბიძგებს სხვაგან მოძებნონ სამუშაო.
კომპანიები ხშირად ვერ აცნობიერებენ ოფისში დაბრუნების მანდატების რეალურ ფინანსურ ტვირთს. Resell Calendar-ის COO, რაიან მაკდონალდი აღნიშნავს, რომ საოფისე სივრცე უმეტესი ბიზნესებისთვის ერთ-ერთი უდიდესი ფიქსირებული ხარჯია და შეადგენს საოპერაციო ხარჯების 10-20%-ს. ოფისში დაბრუნების მოთხოვნისას კომპანიებს სჭირდებათ საკმარისი სივრცე (150-200 კვადრატული ფუტი თანამშრომელზე), ელექტროენერგია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, IT უსაფრთხოების სისტემები და სხვა საჭიროებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს. ეს ინვესტიციები პირდაპირ ეწინააღმდეგება შემოსავლის გენერირებისთვის საჭირო აქტივობებს, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, მარკეტინგი და ახალი კლიენტების მოზიდვა.
ამასთან, ოფისამდე და შემდეგ – სახლისკენ მგზავრობა 2-დან 10 საათამდე დამატებით დროს აკარგვინებს ადამიანებს კვირაში, რაც შეიძლებოდა უფრო პროდუქტიულად გამოყენებულიყო. განსაკუთრებით პრობლემურია ეს მომუშავე მშობლებისთვის, რომლებსაც უწევთ ბავშვზე ზრუნვისა და სამსახურის დაბალანსება. წამყვანმა სპეციალისტებმა იციან, რომ დღეს აღარ უწევთ მოქნილობაზე უარის თქმა კარიერული შესაძლებლობების გამო, რადგან დისტანციური მუშაობა ორივეს საშუალებას აძლევს.
სხვადასხვა ექსპერტის აზრები გვიჩვენებს, რომ ოფისში დაბრუნება არ არის უნივერსალური გამოსავალი პროდუქტიულობის გამოწვევებისთვის. უფრო ეფექტური მიდგომაა ფოკუსირება შედეგებზე და არა ფიზიკურ დასწრებაზე, მკაფიო მიზნების დასახვა, თანამშრომლების გაძლიერება და მიზანმიმართული პირისპირ შეხვედრების ორგანიზება. ეს ბალანსი ინარჩუნებს მაღალ ჩართულობას ნდობის დაზარალების გარეშე და წარმოადგენს უფრო მდგრად მიდგომას თანამედროვე სამუშაო გარემოში პროდუქტიულობის გასაზრდელად.
წყარო: Fastcompany












