კითხვა, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ გარემოს დაცვისა და ნარჩენების შემცირებისთვის, ძალიან აქტუალურია და ხშირად ისმება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრი ტიპის ნარჩენია და მათი მენეჯმენტის უამრავი გადაწყვეტა არსებობს, შესაბამისად, ამ კითხვაზეც პასუხი მრავალგვარია. .
ერთ-ერთი მდგრადი პრაქტიკა, რომელიც ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას უწყობს ხელს, ხელახალი გამოყენების სისტემით (REUSE) არის ცნობილი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ერთხელ გამოყენებული ნივთების მრავალჯერადად გამოყენებას თავდაპირველი დანიშნულებით.
დღესდღეობით საქართველოში ძალიან აქტუალური მიმართულებაა ცირკულარული ეკონომიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა, გამოცდილი პრაქტიკის დანერგვა. გამოცდილ პრაქტიკებს შორის გამორჩეულია შეფუთვების დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, შეფუთვა ჩავაბაროთ და ის იმავე დანიშნულებით კვლავ გამოვიყენოთ.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა, რადგან პროდუქტების უმეტესობა სწორედ მათი წარმოებულია და მათვე უნდა უზრუნველყონ ის, რომ გამოყენებული შეფუთვა უკან დაუბრუნდეს საწარმოს, სანიტარული ნორმების შესაბამისად გაირეცხოს და ხელახლა იქნეს გამოიყენებული. ერთი მხრივ, ნარჩენების პრევენციით, ხოლო, მეორე მხრივ, ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნის შემცირებით, მსგავსი სისტემების დანერგვა შეამცირებს უარყოფით გავლენას გარემოზე და კომპანიები ფინანსურ რესურსსაც დაზოგავენ. გარდა ამისა, აღნიშნული პრაქტიკა გააჩენს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მაგალითს, რაც სხვა მწარმოებლებსაც წაახალისებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაში.
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მომხმარებელი შედის მაღაზიაში და ყიდულობს პროდუქტს, პირობითად, რძეს, მიაქვს სახლში, ბოთლს კი დაცლის შემდეგ სანაგვეზე აგდებს, რაც მას უკვე პლასტმასის ნარჩენად აქცევს და გარემოს აზიანებს.
თუმცა შეგვიძლია, განვიხილოთ უკეთესი სიტუაცია, როცა იგივე მომხმარებელი გამოყენებულ რძის ბოთლს აბარებს სპეციალურ პუნქტებში. შემდეგ ეს ბოთლი გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს: შემოწმებას, გარეცხვას, ეტიკეტირებას და საწარმო მას იგივე დანიშნულებისთვის იყენებს ხელმეორედ. ესაა პროცესი, რომელიც შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს.
შედეგად, იზოგება დრო, ფული და იზრდება ბრენდის ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი.
საერთაშორისო ბრენდებიდან ამ პრაქტიკას უკვე დიდი ხანია არაერთი საწარმო ავრცელებს. მაგალითისთვის საკმარისია, თუნდაც, RECUP-ის, Eco-Cup-ის, Coca-Cola Brazil-ისა და Danone-ის დასახელება. ისინი ცდილობენ, თითქმის 100%-თ შეამცირონ ნარჩენები, აწარმოონ გადამუშავებადი მასალებისგან პროდუქტები და მოგვაწოდონ ხელახალი გამოყენების ახალი მოდელები, რომლებსაც სხვებიც გავიზიარებთ.
მაგალითისთვის, RECUP-ის მრავალჯერადი გამოყენების ჭიქებს გერმანიის ნებისმიერ ყავის მაღაზიაში იპოვით. მომხმარებელი იხდის დეპოზიტს, შეუძლია, თან წაიღოს ჭიქა და შემდგომ სხვა ფილიალში ჩააბაროს ის, გადახდილი დეპოზიტი კი დაუბრუნდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯაჭვში საკმაოდ ბევრი, 10 000-ამდე მაღაზიაა ჩართული.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ Coca-Cola Brazil-ს, სტანდარტულად, ამ ბრენდის ყველა ბოთლის ჩაბარებაა შესაძლებელი, იქნება ეს Fanta, Sprite თუ სხვა. დაბრუნებულ ბოთლებზე კი მომხმარებელს მარკეტებში ფასდაკლება ეკუთვნის მომდევნო შენაძენზე.
Eco-Cup არის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სერვისს უწევს ფესტივალებსა და ღონისძიებებს. ის უზრუნველყოფს ჩასაბარებელ პუნქტებს პლასტმასის ჭიქებისთვის. შესაბამისად, ფესტივალების სტუმრებს შეუძლიათ, ჩააბარონ გამოყენებული ჭიქა და დაიბრუნონ დეპოზიტში გადახდილი თანხა.
საქართველოში ასეთი მიდგომების გავრცელებას აქტიურად უწყობს ხელს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN თავის პარტნიორ კომპანიებთან ერთად. წელს ორგანიზაცია CENN-მა წამოიწყო პროექტი „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია” რომელიც დაეხმარა ბიზნესებს ხელახალი გამოყენების სისტემების კუთხით ცნობიერების ამაღლებაში. პროექტის ფარგლებში, ცნობილი კომპანიები: „კამპა”, „ფაბრიკა” და „ეზო”, ხელახალი გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივად გადმოტანაზე მუშაობენ. ამის შესახებ ჩვენ უკვე გიამბეთ და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ, გადახედოთ სტატიას.
სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით. პროექტის მიზანია, განავითაროს ისეთი ბიზნესმოდელები, რომლებიც დანერგავენ მრავალჯერადი შეფუთვების წარმოებისა და გამოყენების სისტემებს.
[R]