9
Jul
2019

გადაწყვეტილების მიღების სირთულეები – რევაზ კოპალაძის #აზრები

9 Jul 2019

M2
M2


სოკრატეს ცნობილ გამონათქვამს: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“, – აქვს გაგრძელება: „მაგრამ სხვებმა ესეც არ იციან“. ადამიანები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ კარიერაზე, ცხოვრების ხარისხსა და სხვა ადამიანების ბედ-იღბალზე. რა იწვევს არასწორ გადაწყვეტილებებს? ჩვენ, როგორც წესი, დამნაშავედ მივიჩნევთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომლის დროსაც მივიღეთ უხარისხო ინფორმაცია, სათანადოდ არ შევაფასეთ სხვადასხვა ალტერნატივა, არ გავითვალისწინეთ გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეები ან „მოგვატყუეს“ და ა.შ. სინამდვილეში გადაწყვეტილების ხარისხი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩვენი ტვინის მუშაობის თავისებურებებზე, რომლებიც ქმნის სტერეოტიპებს/შაბლონებს და ხელს უშლის სწორი/ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნული საკითხისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა 1972 წელს, როდესაც დანიელ კანემანმა და ამოს ტვერსკიმ „კონიუნქციის შეცდომა“ აღმოაჩინეს. ამაში მათ დაეხმარა შემდეგი ამოცანა: „ლინდა 31 წლისაა, გაუთხოვარი, გულღია და ჭკვიანი. უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა; სტუდენტობისას ბევრ დროს უთმობდა ადამიანის უფლებებს და დისკრიმინაციასთან ბრძოლას“. ამ წინაპირობების გათვალისწინებით მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს ეკითხებოდნენ: „რა უფრო შესაძლებელია – ის, რომ ლინდა მუშაობდეს ბანკში მოლარედ თუ ის, რომ ლინდა მუშაობდეს ბანკში მოლარედ და, ამასთანავე, იყოს ფემინისტი აქტივისტი?“ თითქმის ყველა მეორე ვარიანტს ირჩევდა, არადა, ალბათობის თეორიის თანახმად, პირველი ვარიანტი უფრო ალბათურია (შესაძლებელია), ვინაიდან ერთეულ მოვლენას (ბანკის მოლარე) უფრო დიდი შანსი აქვს იყოს სიმართლე, ვიდრე ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენას ერთად აღებულს (ბანკის მოლარე ^ ფემინისტი აქტივისტი).

არის უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანის აზროვნების თავისებურებამ შესაძლოა კანონზომიერი შეცდომა გამოიწვიოს. ერთი მათგანია, მაგალითად, დადასტურების ხაფანგი (confirmation bias): ხედავ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც გინდა. ადამიანი მიდრეკილია, მოიძიოს მხოლოდ ის ინფორმაცია ან უკვე არსებულ მონაცემებს გაუკეთოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც დაადასტურებს მის რწმენას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და უგულებელყოს ის, რაც ეწინააღმდეგება მის აზროვნებაში არსებულ შაბლონს. მაგალითად, ბებიაჩემს სწამდა, რომ ცაციობა ნიჭიერების ნიშანია და ძალიან უხაროდა, როცა გაიგებდა მორიგი ცნობილი ნიჭიერი ცაციას შესახებ – ეს მას რწმენას განუმტკიცებდა. თქმა არ უნდა, რომ არსებობს უამრავი უნიჭო ცაცია და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი წერს მარჯვენა ხელით, მაგრამ ბებიაჩემი ამ ინფორმაციას უგულებელყოფდა და წარმოიდგინეთ მისი იმედგაცრუება, როცა გაიგო, რომ მისი არც ერთი შვილიშვილი არ გამოვიდა ცაცია.

2016 წელს კალიფორნიელმა ნეირობიოლოგმა სემ ჰარისმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ჯგუფი მოათავსეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის სკანერში და წასაკითხად მისცეს ტექსტი, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგებოდა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ტექსტის კითხვისას ექსპერიმენტის მონაწილეებს გაუაქტიურდათ ტვინის ის უბნები, რომლებიც აქტიურდება ფიზიკური საფრთხის დროს. ამრიგად, ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებებს და რწმენას, ტვინის ხვეულები ფიზიკური განადგურების საფრთხეს უკავშირებენ.

ჩვენი ტვინის ამ „ნაკლოვანებების“ აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა მათი ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ტვინის ფუნქციასთან მიმართებით სიტყვა „ნაკლოვანება“ პირობითია, ვინაიდან სინამდვილის კოგნიტიური გამრუდების მთავარი მიზეზია ტვინის მისწრაფება, დაზოგოს თავისი რესურსები. ტვინი ამარტივებს და კუმშავს ინფორმაციას, როცა ის მოცულობითი და რთულია ან უკვე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მისი გადამუშავება დამატებით რესურსს მოითხოვს. როდესაც გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები, აზროვნების შეცდომები ეფექტურად ამარტივებს ამოცანას ან განუსაზღვრელობის მდგომარეობაში ასრულებს სტრესისგან დაცვის და გარემოსთან ადაპტაციის ფუნქციას.

აზროვნების კიდევ ერთი გავრცელებული ხაფანგი, რომელიც საგრძნობლად აფერხებს კრიტიკულ აზროვნებას, არის მეხსიერებიდან ინფორმაციის გამოძახება/გახსენება (availability bias): განსაზღვრული მოვლენების შეფასებისას ადამიანი მიდრეკილია, გააზვიადოს მის მეხსიერებაში უკვე არსებული ინფორმაციისა და გამოცდილების მნიშვნელობა. მაგალითად, უმრავლესობას ჰგონია, რომ ზვიგენის თავდასხმისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე თუნდაც ძროხის თავდასხმისგან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აშშ-ში წლის განმავლობაში ზვიგენის თავდასხმის მიზეზით შესაძლოა ერთი ადამიანიც კი არ დაიღუპოს, მაშინ როცა ძროხა საშუალოდ ოც ადამიანს კლავს. რატომ გვაქვს ზვიგენზე ასეთი ცუდი წარმოდგენა? საქმე ის არის, რომ ჩვენ არასდროს წაგვიკითხავს სათავგადასავლო წიგნი და არ გვინახავს ფილმი, რომელშიც ტრაგიკული სიუჟეტის ქვაკუთხედი ძროხის თავდასხმა იქნებოდა, განსხვავებით ზვიგენისგან. გამოდის, რომ, რაც მკაფიოდ გვამახსოვრდება, გარკვეულწილად, ემოციური კონტექსტის შემცველია და, შესაბამისად, ხელს უშლის ახალი მოვლენის რაციონალურ შეფასებას.

ამის კიდევ ერთი მაგალითია მწეველის არგუმენტი, რომ მას წაუკითხავს ადამიანის შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლე ეწეოდა, მაგრამ 115 წლამდე ბედნიერად იცხოვრა. თამბაქოს მომხმარებელი უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ ასეთი ადამიანი შესაძლოა მხოლოდ ერთი იყო.

აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხაფანგია სიხშირის ილუზია (frequency illusion). როდესაც ახალი ინფორმაცია განმეორებით გვესმის, გვეჩვენება, რომ ყველგან მისი კვალია, რომ ის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება (Baader-Meinhof phenomenon).

ამ ფენომენს ხშირად უწევენ ექსპლუატაციას პოლიტიკოსები. თუ პოლიტიკოსი, რომელსაც ვენდობით, გვარწმუნებს, რომ ქვეყანა იქცევა, გარეთ გამოსულები ყველგან, ყოველ დეტალში, დაქცევის სავალალო ნიშნებს ვხედავთ და პირიქით, თუ ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა ვითარდება, ჩვენ მიდრეკილი ვართ, სწორედ აღმავლობის ნიშნები შევამჩნიოთ. ცხადზე უცხადესია, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის რეალობის ობიექტურ შეფასებას.

იმავე დანიელ კანემანმა და ამოს ტვერსკიმ აღმოაჩინეს, რომ „მოგება და წაგება“ სულაც არ ყოფილან ძმები (Loss aversion). მაგალითად, ტოტალიზატორში მოგებას ფულთან ერთად ერთგვარი სიამოვნება და სიხარულიც მოაქვს, მაშინ როცა წაგების შემთხვევაში უკმაყოფილებას და ტკივილს განიცდით. კვლევამ აჩვენა, რომ წაგებით გამოწვეული უკმაყოფილება განცდის სიძლიერით, სულ მცირე, ორჯერ აღემატება მოგებით გამოწვეულ სიხარულს. ადამიანები უფრო მეტად ზარალის თავიდან აცილებისკენ ისწრაფვიან, ვიდრე მოგებისკენ და სწორედ ეს დამოკიდებულება განაპირობებს მათ ქცევას გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ მოსაზრების დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ დიალოგი დოსტოევსკის ნაწარმოებიდან „მოთამაშე“:

„— Скажите, вы не намерены бросить игру?

— О, черт с ней! Тотчас же брошу, только бы…

— Только бы теперь отыграться? Так я и думал; не договаpивайте — знаю, — вы это сказали нечаянно, следственно, сказали правду“.

აღნიშნული დიალოგი ბიზნესის ენაზე რომ ვთარგმნოთ, აი, რას მივიღებთ: არსებობს უამრავი პროექტი, რომელთა შეჩერება და კომერციულ წამოწყებაზე უარის თქმა გაცილებით რაციონალურია, ვიდრე დამატებითი ინვესტიციის განხორციელება; მიუხედავად ამისა, გრძელდება წარუმატებლობაში ფულის ხარჯვა კომპანიის საბოლოო გაკოტრებამდე. მენეჯმენტის ისტორია ამის უამრავ მაგალითს იცნობს.

ერთ-ერთი კვლევის მონაწილეებს გადასცეს 50 დოლარი და სთხოვეს,აერჩიათ ორიდან ერთი შესაძლებლობა:

  • შეენარჩუნებინათ 30 დოლარი ან
  • ეთამაშათ ამ ფულით 50/50 შანსით და დაეკარგათ ან შეენარჩუნებინათ 50 დოლარი.

შედეგი? ექსპერიმენტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ზარალის თავიდან აცილების პრინციპით ემოქმედათ. თამაში მხოლოდ მესამედმა გადაწყვიტა.

ექსპერიმენტი გაგრძელდა და მონაწილეებს მისცეს იდენტური შედეგის მქონე შესაძლებლობა, ოღონდ კითხვა დაისვა სხვაგვარად:

  • დაეკარგათ 20 დოლარი თუ
  • ეთამაშათ ამ ფულით 50/50 შანსით და დაეკარგათ ან შეენარჩუნებინათ 50 დოლარი.

გამოკითხულთა უდიდესმა უმრავლესობამ თამაში აირჩია.

საკითხი ბიოლოგიური ხასიათისაა. საქმე ის არის, რომ ორგანიზმებს, რომლებიც ხიფათის თავიდან აცილებისკენ ისწრაფოდნენ, მეტი შანსი ჰქონდათ, შთამომავლობისთვის გადაეცათ თავიანთი გენები, ამიტომ დროთა განმავლობაში დაკარგვის თავიდან აცილების პერსპექტივა უფრო ძლიერი მოტივატორი გახდა, ვიდრე სარგებლის დაპირება.

თუ მიგაჩნიათ, რომ არ ხართ ამ სტერეოტიპების ტყვე, რომ თქვენ ეს არ გეხებათ, დააკვირდით საკუთარ თავს ნარდის თამაშის დროს: როცა მაღალი ქულა გჭირდებათ, ჩვეულებრივზე მეტხანს ინტენსიურად არხევთ მუჭში კამათლებს და დაფაზე ახეთქებთ, ხოლო როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი ქულით წინ წასვლა გინდათ, ნაზად შეარხევთ და ფრთხილად გააგორებთ. ეს კონტროლის ილუზიაა.

განხილვა