18
Jun
2019

სტოიციზმი და წითელი ღვინო ანტიდეპრესანტების ნაცვლად – რევაზ კოპალაძის #აზრები

18 Jun 2019

M2
M2


თანამედროვე ადამიანი, თუ პედრო ალმოდოვარს დავესესხებით, „ნერვული კრიზისის ზღვარზე“ იმყოფება. ჩვენი შფოთვის მიზეზების ჩამონათვალი უსასრულოა: უმუშევრობა და ზღვა საქმე, უფულობა და სიმდიდრე, მარტოობა და მრავალშვილიანობა ერთნაირად ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს. ცხოვრების ჩვეული რიტმიდან უმნიშვნელო გადახვევაც კი ღრმა დეპრესიის საფუძველი ხდება. ალბათ ამიტომაც ყვავის ანტიდეპრესანტებისა და ტრანკვილიზატორების ფარმაცევტული ბიზნესი. სხვათა შორის, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტ დამამშვიდებელს მოიხმარს. დღეს ყველაზე უკეთ სტრესსა და დეპრესიასთან ბრძოლაზე დაწერილი წიგნები იყიდება, ხოლო სამსახურში დაქირავებისას რთულ სიტუაციებში სიმშვიდისა და საღი აზრის შენარჩუნების უნარს მოითხოვენ. ეჭვი გამიჩნდა, რომ ევოლუციურმა პროცესმა ადამიანი უფრო დააჩაჩანაკა, ვიდრე გააძლიერა.

ამასწინათ ფეხი ვიღრძე და რამდენიმე დღე მომიწია წოლა. წინამდებარე სტატიის თემაც ამან შთამაგონა და ახლავე მოგიყვებით, როგორ:

ეს ამბავი პარასკევს შემემთხვა სადარბაზოში და, სახლამდე ძლივძლივობით მიბობღებულმა, მთელი დღე ნერვიულობაში გავატარე. ვნერვიულობდი ყველაფერზე, ორშაბათისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრებით დაწყებული, წუთისოფლის უკუღმართობით დამთავრებული. ყველასთან თანაგრძნობას ვეძებდი და ყველა წინადადებას იმით ვიწყებდი, რომ „ქვა აღმართში მომეწია“. გული სევდით მევსებოდა, როცა ჩემი საძინებლის ფანჯრის ქვემოდან ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სიცილ-კისკისი მესმოდა და ცრემლს ვერ ვიკავებდი, როცა ფეისბუქზე ვინმე დუბაის პლაჟზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებდა.

ფსიქოსომატიკამ გლობალური უსამართლობის განცდამდე მიმიყვანა და ის-ის იყო, ჩემს ორგანიზმს ბრძანება უნდა გაეცა, „მოკვდიო“, როცა ერთი ამბავი გამახსენდა: 1961 წელს ანტარქტიდაზე მე-6 საბჭოთა ექსპედიციის შემადგენლობაში მყოფმა ერთადერთმა ექიმმა ლეონიდ როგოზოვმა საკუთარი ხელით ამოიჭრა აპენდიქსი – გასაგები მიზეზების გამო, უნარკოზოდ.

ამის გახსენებაზე, ცოტა არ იყოს, დავირცხვინე და შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა. შედარებით დამშვიდებულს, გამახსენდა, რომ ძველ საბერძნეთში არსებობდა ფილოსოფიური მოძღვრება – სტოიციზმი, რომლის მიმდევრები ცდილობდნენ, ისე გაეწვრთნათ თავი, რომ წუთისოფლის ავ-კარგს მათი სულიერი წონასწორობა არ დაერღვია.

მეორე დღესვე გადავქექე სახლში ყველა წიგნი, რომელშიც კი შეიძლებოდა სტოიკოსები ყოფილიყვნენ ნახსენები და შთამბეჭდავ ისტორიას წავაწყდი:

სტოიციზმის სათავეებთან იდგა ადამიანი, სახელად ძენონი. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ 98 წლისა გარდაცვლილა (სიცოცხლის იმდროინდელი საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ეს წარმოუდგენლად ბევრი იყო), თანაც არა თავისი სიკვდილით. გადმოცემის თანახმად, ძენონი ტირანის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე ყოფილა. შეთქმულება ნაადრევად გამომჟღავნებულა, ძენონი დაუჭერიათ და ტირანთან მიუყვანიათ. ფილოსოფოსს მისთვის პირდაპირ უთქვამს, შენ და შენი გარემოცვა სახელმწიფოს მტრები და ჭირი ხართო, მერე კი ენის წვერი მოუკვნეტია და ტირანისთვის სახეში შეუფურთხებია. ძენონი წამებით მოკლეს. არსებობს სხვა გადმოცემაც: ძენონს ტირანისთვის უთხოვია, ნება მომეცი, საიდუმლო ჩუმად გითხრა ყურშიო, ნებართვის მიღების შემდეგ დახრილა მის თავთან, ყურში კბილები ჩაუვლია და ასე დაუჭერია, რითაც თავისი მომხრეებისთვის მისი მოკვლის საშუალება მიუცია. ერთი სიტყვით, დიდი მებრძოლი კაცი ყოფილა. მასვე ეკუთვნის სტოიციზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – კონტროლის დიქოტომია, რამაც ალბათ გააძლებინა კიდეც 98 წლამდე და ამ ასაკში ასეთი შემართება შეუნარჩუნა.

რას ნიშნავს კონტროლის დიქოტომია, ვნახოთ მისივე მეტაფორულ მაგალითზე:

„ეს ამბავი სანაოსნოდ გამგზავრებას ჰგავს. რა შეგვიძლია ჩვენ? – შევარჩიოთ კაპიტანი, მეზღვაურები, დავთქვათ გამგზავრების დღე და საათი… აი, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. მაგრამ მე ამასთან რა მესაქმება? ჩემი საქმე ხომ გაკეთებულია. ქარიშხალი კი მე არ მემორჩილება. ამიტომ, თუ გამგზავრებას ვერ ვახერხებთ, ვსხედვართ და თავს ვიგვემთ, ვნერვიულობთ და წარამარა გარეთ ვიხედებით: რომელი ქარია? – ჩრდილოეთისა; როდის ჩადგება? – მაშინ, როცა ეოლოსს მოუნდება (ეოლოსი – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ნახევრად ღმერთი, ქარების მბრძანებელი, ოდისევსის ძმაკაცი)“.

როგორც მაგალითიდან ჩანს, კონტროლის სტოიკური დიქოტომია ნიშნავს შემდეგს: ამქვეყნად ზოგი რამ ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და კონტროლს ექვემდებარება, ზოგი კი ჩვენი გავლენისა და შესაძლებლობების მიღმაა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვისახავთ მიზანს: წავიდეთ სანაოსნოდ; ვირჩევთ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზას – ვქირაობთ საუკეთესო მეზღვაურებს. მაგრამ არის მოვლენები, რომლებიც ჩვენი კონტროლის სფეროს სცდება და რომლებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოვახდენთ. მაგალითად, ვერ ჩავაცხრობთ ქარიშხალს და ვერ შევუცვლით ქარს მიმართულებას.

სტოიკური მოძღვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ, ვფიქრობდეთ და ვდარდობდეთ ისეთ რამეებზე, რაც საერთოდ არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. არადა, საჭიროა მთელი ძალისხმევის იმისკენ მიმართვა, რაზეც გავლენის მოხდენა ძალგვიძს. სხვათა შორის, ადამიანის ეს მიდრეკილება ძალიან კარგად ჩანს სამსახურში: ის, ვინც რაღაცით უკმაყოფილოა, თავისი უკმაყოფილების მიზეზს ყოველთვის სადღაც სხვაგან ეძებს: გენერალურ დირექტორში, სათავო ოფისში, უშუალო ხელმძღვანელში, ბიუროკრატიულ პროცედურებში და ა.შ., მაგრამ არასდროს – საკუთარ თავში. არადა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარეშე ფაქტორებით უკმაყოფილება სავსებით სამართლიანიც იყოს, თუ ადამიანი მხოლოდ იმის გაუმჯობესებას ეცდება, რისიც ხელეწიფება, დიდი ალბათობით, გარეშე პრობლემებზე ფიქრისთვის ვერც კი მოიცლის.

ასე და ამგვარად, სტოიკოსების პირველი გაკვეთილი გვასწავლის, ძალისხმევა მხოლოდ იქ დავხარჯოთ, სადაც რამის შეცვლა შეგვიძლია, დანარჩენი კი ბედს მივანდოთ. ჩემი აზრით, ეს მიდგომა საუკეთესო საშუალებაა დროისა და ნერვების დასაზოგად.

ამ თემაზე კიდევ ერთი მეტაფორა ციცერონს ეკუთვნის: ავიღოთ მშვილდოსანი, რომელსაც უნდა, ისარი მიზანს მოახვედროს. არის რაღაცები, რაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული: ვარჯიშის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, მშვილდის გამართულობის შემოწმება, მიზნის შეფასება და მანძილის განსაზღვრა, სროლის მომენტის არჩევა… სხვა სიტყვებით, კეთილსინდისიერი მშვილდოსანი აკეთებს ყველაფერს, რაც ხელეწიფება, იმ მომენტამდე, სანამ ისარი ლარს მოსწყდება. მაგრამ მოხვდება თუ არა ის მიზანს, ეს მასზე აღარ არის დამოკიდებული. ათასი რამ შეიძლება მოხდეს: უეცრად ქარი ამოვარდეს, მიზანსა და მშვილდოსანს შორის დაბრკოლება გაჩნდეს, მაგალითად, თუ მიზანი მტრის ჯარისკაცია, მან შეიძლება ადგილი იცვალოს და ა.შ. ამიტომ ციცერონი ასკვნის: „ისრის მიზანში მოხვედრა არჩევანის საგანია და არა სურვილისა“. ერთი შეხედვით, გაუგებარი დასკვნაა. მოდი, ვცადოთ მისი გაგება: სტოიკოსი მშვილდოსანი აკეთებს გაცნობიერებულ არჩევანს – შეეცადოს, ისარი მიზანს მოახვედროს და ამისთვის იღონებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული. ამასთანავე, ის წარუმატებლობისთვისაც მზადაა, რადგან აღიარებს, რომ მისი ძალისხმევის შედეგი მხოლოდ მის კონტროლს არ ემორჩილება: წარმატების ფორმულა შეიცავს დამოუკიდებელ ცვლადებსაც, როგორც, პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ.

სტოიკური კონტროლის დიქოტომია ცხოვრების ყველა სფეროს მიესადაგება. დავუშვათ, სამსახურში დაწინაურებას მოელით. მიგაჩნიათ, რომ ეს დაწინაურება დამსახურებულია, ვინაიდან უკვე მრავალი წელია, კომპანიაში მუშაობთ და ყოველთვის კარგი შედეგი გქონდათ, თანაც კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარება მოახერხეთ. დაწინაურების თაობაზე საბოლოო პასუხს ერთ კვირაში მიიღებთ. ცხოვრებისადმი სტოიკური დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ, ეს კვირა აუღელვებლად გაატაროთ და მშვიდად მოისმინოთ პასუხი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამ შემთხვევაში სიმშვიდე არანაირად არ უკავშირდება თავდაჯერებას, რადგან გესმით, რომ შედეგი ბევრ „ცვლად სიდიდეზეა“ დამოკიდებული, რომლებზეც გავლენას ვერ მოახდენთ, მათ შორის – კომპანიის შიდა პოლიტიკაზე, მენეჯერის კეთილგანწყობასა და ღირსეული კონკურენტების არსებობაზე. არა, თქვენ მშვიდად ხართ იმიტომ, რომ იღონეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ. სამწუხაროდ, სამყარო ჩვენს სურვილებს არ ემორჩილება. კომპანიის ხელმძღვანელობა, კოლეგები, აქციონერები და კლიენტებიც ამ სამყაროს ნაწილები არიან. ჰოდა, რა საჭიროა ნერვიულობა და ღამეების თენება პასუხის მოლოდინში? იგივე შეიძლება ითქვასზ ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ მოვლენაზე (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) – სამსახურში მისაღებად საჭირო გასაუბრებაზე: თქვენ შეგიძლიათ, ზედმიწევნით მოემზადოთ შეხვედრისთვის, მაგრამ გასაუბრების შედეგი იმდენ გარეშე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენთ, რომ ამის გამო ნერვიულობა, მით უმეტეს – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, სტოიკოსებს სიცილადაც არ ეყოფოდათ (მუდამ მემახსოვრება, როგორ მოიკვნიტა ენა ძენონმა).

ადამიანური სიმტკიცის სტოიკურ მაგალითებს ნამდვილად დიდი ძალა აქვს. 67 წლის აგრიპინეს ნერონმა სამშობლოს ღალატი დასწამა – რა თქმა უნდა, ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია. აი, როგორ აღწერს ამ ამბავს მემატიანე: „- შენ სენატში გასამართლებენ. – დაე, მოწყალე იყოს ბედისწერა! თუმცა უკვე ხუთი საათია, წამოდი, ვივარჯიშოთ“ (წარმოიდგინეთ, როგორია სპორტდარბაზში წასვლა სასამართლოს განაჩენის მოლოდინში). ვარჯიშს რომ მორჩა, მივიდნენ და უთხრეს: „- შენ დამნაშავედ გცნეს. – განდევნა მომისაჯეს თუ სიკვდილი? – იკითხა სტოიკოსმა. – განდევნა. – და ქონება? – კონფისკაციას არ ექვემდებარება. – ესე იგი ჩემს მამულში ვისაუზმებთ“.

თანამედროვე ადამიანს დაუჯერებელი და ყალბი მოეჩვენება აგრიპინეს რეაქცია, მაგრამ სტოიციზმის ძალაც სწორედ ამაშია: აღიარო ფუნდამენტური ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ ჩვენს ქცევას და არა მის შედეგს, რაც საშუალებას გვაძლევს, უდრტვინველად შევეგებოთ მომხდარს. სხვათა შორის, ნერონმა გაასამართლა აგრიპინეს მეგობარი, ისიც სტოიკოსი – პუბლიუს პეტი და „სიკვდილის თავისუფალი არჩევანი“ (ლათინურად – liberum mortis arbitrium) მიუსაჯა, რაც დაუყოვნებლივ თვითმკლელობას ნიშნავდა. პეტს სენატის წერილმა სახლში, მეგობრებთან ერთად მოლხენის დროს მიუსწრო. ის აუღელვებლად გამოეთხოვა თანამეინახეებს, საძინებელში განმარტოვდა, ვენები გადაიჭრა და სანამ სულს დალევდა, ფილოსოფიურ საკითხებზე ეკამათებოდა მეგობარს, რომელიც მის მოსანახულებლად შევიდა ოთახში.

ამ ისტორიების კითხვისას შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს, როგორი სტრესი განგვიცდია სკამზე ელეგანტურად ჩამოჯდომისას შარვლის უკანა ჯიბეში ჩადებული აიფონის ტკაცუნზე ან მანქანის რადიატორიდან გასხმული ანტიფრიზის დანახვაზე, როგორ მოგვშლია ნერვები ჩახლილი ერბოკვერცხის კეთებისას გახეთქილი კვერცხის გულის გამო და ვინ მოთვლის ზღვაში ქვიშას ან ცაზე ვარსკვლავებს…

საბოლოო ჯამში, სტოიკური მოძღვრება ძალიან პრაგმატულია. მისი უპირველესი ამოცანაა, გვასწავლოს საკუთარი ბრაზისა და შფოთვის მართვა. აი, რა ამბავს იხსენებს ერთი სტოიკოსი:

„რკინის სანათი მქონდა. ამასწინათ ფანჯარასთან ხმაური მომესმა და იქით გავიქეცი. ვხედავ – სანათი მოუპარავთ. დავასკვენი, რომ სანათის ქურდს ქურდობისკენ რაღაც განსაკუთრებულმა მიზეზმა უბიძგა. რა ვქნა? ხვალ წავალ და ახალ სანათს ვიყიდი, ოღონდ თიხისას. კარგავენ იმას, რასაც ფლობენ… სანათი იმიტომ დავკარგე, რომ ქურდმა სიფხიზლეში მაჯობა. მაგრამ მან ხომ ამაში მეტისმეტად ძვირი გადაიხადა: ქურდი გახდა“.

ნაღრძობი ფეხის გადამკიდეს, ამ ამბავზე საფიქრალად საკმარისზე მეტი დრო მქონდა. პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება, რომ სტოიკოსი არც სინანულს განიცდის და არც ბრაზს – მომხდარს მშვიდად ეკიდება. გარდა ამისა, გამოაქვს რამდენიმე პრაქტიკული დასკვნა: დანაკარგის ანაზღაურება შესაძლებელია („ხვალ სხვა სანათს ვიყიდი“), ხოლო მომავალში იმავეს თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, უფრო იაფფასიანი სანათი შეიძინოს (რკინის ნაცვლად თიხის), ვინაიდან სიფხიზლეში ქურდის ჯობნა სცადო, ფუჭი საქმეა. შემდეგ სტოიკოსი მომხდარის ღრმა შინაარსს აანალიზებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ქურდს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი ამოძრავებდა, თუკი მიიჩნია, რომ სანათი ამად ღირდა. თუმცა საბოლოოდ ქურდის მსჯელობას არ ეთანხმება: მან მიიღო რკინის სანათი, მაგრამ სანაცვლოდ დაკარგა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ – პატიოსნება.

ახალი ცოდნით შეიარაღებულმა, ნერვიულობას თავი დავანებე. ნაცვლად ამისა, შევისწავლე ნაღრძობი ფეხისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები და ყოველდღე ზედმიწევნით ვასრულებდი, რამაც რეაბილიტაციის დრო გაანახევრა. გარდა ამისა, წავიკითხე წიგნები სტოიციზმზე და თქვენც გაგიზიარეთ. მომხდარს ვეღარაფერს ვუშველიდი, მაგრამ მისი უარყოფითი შედეგების შემსუბუქება შევძელი – ფეხიც სწრაფად მოვირჩინე და დროც მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენე. ძენონი, აგრიპინე და ციცერონი ჩემგან აღარ გამოვა, მაგრამ ხელიდან გავარდნილი და ძირს დაცემული ნახევრად ჩაუწვავი სიგარეტი ნერვებს ასე აღარ მომიშლის.

განხილვა