16
Apr
2019

სამსახური დაკარგე? – რევაზ კოპალაძის #აზრები

16 Apr 2019

M2


ამ შინაარსის უამრავი სტატია შემხვედრია, მაგრამ, როგორც წესი, არ მომწონებია. მათი კითხვისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს ეცოდები და გონივრული და ინსპირაციული აზრების მიღმა ცდილობს, დაგამშვიდოს უმუშევარი მკითხველი, რაც კიდევ უფრო უსუსურად გაგრძნობინებს თავს და კითხვის დასასრულს თვალზე მომდგარ ცრემლს მთქნარებით ამართლებ, მერე კი ძმაკაცებთან ერთად დასალევად მიდიხარ.

სამსახურის დაკარგვა ნამდვილად დიდი პრობლემაა და შეუძლია, ძლიერი სტრესი გამოიწვიოს. საინტერესოა, რამდენად მომზადებულები ვხვდებით ამ გარემოებას და რა შეიძლება ვიღონოთ ნეგატიური შედეგის შესამსუბუქებლად.

დღევანდელ „პოზიტიური განცდის“ საზოგადოებაში, სადაც ყველა ბედნიერად უნდა გამოიყურებოდეს, განურჩევლად იმისა, ნამდვილად ბედნიერია თუ არა, ძალიან პოპულარული გახდა კონცეფცია, რომ ნებისმიერი პრობლემა ამავე დროს შესაძლებლობაცაა. ამ ფრაზას გაიგონებთ ცნობილი მენეჯერების საჯარო გამოსვლებში და ამოიკითხავთ „ბესტსელერებში“. ეს მოსაზრება განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია მაშინ, როცა მის კულტივაციას ახდენენ ადამიანები, რომლებსაც ასმილიონიანი ბონუსის გარეშე შიმშილით ამოხდებოდათ სული.

ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ და მეტი არაფერი.

სამსახურის დაკარგვა, გარკვეული თვალსაზრისით, სიკვდილს ჰგავს. ლევ ტოლსტოის აქვს ძალიან კარგი მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“, რომელშიც აღწერილია პატარა კარიერისტის ცხოვრება – შესაბამისი წვრილმანი პრობლემებით, „მეშჩანური“ ყოფით და ბინის საბედისწერო რემონტით. მთავარი გმირი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანია, სამსახურით და კომფორტის სურვილით შეპყრობილი. მის ძალისხმევას ნელ-ნელა მოაქვს შედეგი – ცხოვრება სულ უფრო სტაბილური ხდება, მაგრამ მოულოდნელად, სწორედ მაშინ, როცა ახალგარემონტებულ ბინაში ხელოსანს აჩვენებს, როგორ ჩამოკიდოს ფარდები, მთავარი პერსონაჟი კიბიდან ვარდება, შავდება და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ კვდება.

მოთხრობას ერთი, მკაფიო და მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს: რა ცუდად ვიცით ის, რაც, ამავე დროს, ვიცით ყველაზე კარგად. ყველამ ვიცით, რომ ადამიანები ადრე თუ გვიან იხოცებიან, მაგრამ ყოველთვის გვგონია, რომ ეს ვიღაც სხვას მოსდის. „И, сделав это рассуждение, Петр Иванович успокоился и с интересом стал расспрашивать подробности о кончине Ивана Ильича, как будто смерть была такое приключение, которое свойственно только Ивану Ильичу, но совсем не свойственно ему“.

სამსახურის დაკარგვაც ყველას სხვისი განსაცდელი ჰგონია, რომელიც მას არასდროს შეემთხვევა. როდესაც სამსახურიდან კოლეგას ათავისუფლებენ, გულის რომელიღაც ბნელ კუნჭულში ყველას უხარია, რომ გაათავისუფლეს სხვა და არა ის – სწორედ ისე, როგორც პანაშვიდზე, საპატიო წრის დარტყმის დროს. სამსახურის დაკარგვისა სიკვდილივით გვეშინია და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც მიზნად ვისახავთ და რისთვისაც ღირს ცხოვრება, როგორც წესი, სამსახურს ვუკავშირებთ. აღიარება და სოციალური სტატუსი, კეთილდღეობა, სიამოვნების მიღება, თვითრეალიზაცია თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, მთლიანად სამსახურთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სამსახურის დაკარგვას, როგორც სიკვდილს, ვერასდროს ვაპროეცირებთ საკუთარ თავზე. სამუშაო ადგილთან ცხოვრების საზრისის ასეთი მჭიდრო კავშირი, ფაქტობრივად, აათკეცებს მისი დაკარგვით გამოწვეულ ბუნებრივ სტრესს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი ცნობილი ფსიქოლოგის სიტყვები: სტრესი ის კი არ არის, რაც თქვენს თავს ხდება, არამედ ის, როგორც აღიქვამთ მომხდარს.

ფსიქოლოგებმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: ადამიანები სხდებოდნენ საგანგებოდ ექსპერიმენტისთვის შექმნილ მოწყობილობასთან და მანამდე აჭერდნენ მასზე განლაგებულ ღილაკებს, სანამ არ აინთებოდა ნათურა, რაც ქულის მიღებას ნიშნავდა. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილენი, ცხადია, ცდილობდნენ ქულების მოპოვებას კომბინაციის გამეორებით, მაგრამ ნათურა აღარ ინთებოდა და ისინიც უფრო რთული კომბინაციების მოსინჯვას იწყებდნენ, ვთქვათ, სამჯერ აჭერდნენ ერთსა და იმავე ღილაკს, ერთხელ – მის გვერდით განთავსებულს, ხუთი წამი ჩერდებოდნენ ასე და – „ძიიინ“, ნათურა ინთებოდა! მერე ამ კომბინაციებმაც შეწყვიტა შედეგის მოტანა. ექსპერიმენტის მონაწილეები დაფიქრდნენ: იქნებ საქმე ღილაკებში კი არა, იმაში იყო, როგორ ისხდნენ? ან როგორ აჭერდნენ ღილაკებს? ან როგორ ეწყოთ ფეხები? „ძიიინ“! – კიდევ ერთი ქულა.

10-15 წუთში ექსპერიმენტის მონაწილეები, როგორც წესი, პოულობდნენ კომბინაციას, რომელსაც, მათი აზრით, მაქსიმალური ქულა მოჰქონდა, თუმცა ის ძალიან უცნაური იყო: უნდა დამდგარიყავით ცალ ფეხზე, თითები დაგეჭირათ ღილაკების გრძელი თანმიმდევრობისთვის და, ამასთანავე, გაგეხედათ კონკრეტული მიმართულებით. სინამდვილეში კანონზომიერება არ არსებობდა. იყო მხოლოდ ნათურა, რომელიც შემთხვევით ინთებოდა და გამოსცემდა ხმას, თუმცა ექსპერიმენტის მონაწილეებს სჯეროდათ, რომ ქულები მათ საკუთარმა კრეატიულობამ და გამჭრიახობამ მოუტანა.

რა არის ამ ექსპერიმენტის არსი (რა თქმა უნდა, გარდა სადიზმის გარკვეული ელემენტისა)? ის გვაჩვენებს, რა ადვილად და სწრაფად ვიჯერებთ სისულელეს. ექსპერიმენტის თითოეულმა მონაწილემ ირწმუნა, რომ იპოვა იდეალური კომბინაცია, რომელსაც მხოლოდ მისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. გარდა ამისა, ჩვენი ტვინი არის მანქანა, რომელიც განუწყვეტლივ და ყველაფერში ეძებს საზრისს – ასოციაციებისა და აზრების ერთმანეთთან დაკავშირების გზით. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც მორიგ სისულელეს დავიჯერებთ, ჩვენი ტვინი მიდრეკილია, დაიცვას ეს მოსაზრება და არ გადათქვას სხვა აზრის სასარგებლოდ.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? ადამიანს სჭირდება ცხოვრების საზრისი ანუ ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, მაგრამ საზრისი ფილოსოფიური კატეგორიაა და ყოველთვის ყალიბდება განსაზღვრული ღირებულებებისა და შესაბამისი მსოფლმხედველობის საფუძველზე, რომლებიც შეიძლება ისეთივე სისულელე აღმოჩნდეს, როგორიც ნათურის ასანთებად ცალ ფეხზე დგომა და მარცხნივ ყურებაა. ზედაპირული მსოფლმხედველობა და ცუდი ფასეულობები გვასუსტებს ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე, სამსახურის დაკარგვა კი ძალიან სერიოზული გამოწვევაა როგორც ფსიქოლოგიური, ისე მორალური თვალსაზრისითაც, ხოლო კარგი ფასეულობები და მათ საფუძველზე შექმნილი ცხოვრების საზრისი გვიქმნის იმუნიტეტს სირთულეების გადასალახად. მაგალითად: თუ ჩემი ერთადერთი ფასეულობა მატერიალურ მდგომარეობაზე დაფუძნებული სოციალური სტატუსია, რომელიც სხვისთვის თვალების დასათხრელად მინდა, სამსახურის დაკარგვა შეიძლება პლანეტარული მნიშვნელობის კატასტროფად მექცეს, ხოლო თუ ჩემი ფასეულობა თვითგანვითარებაა, უმუშევრობის პერიოდს ისე გამოვიყენებ: შევიძენ ახალ უნარებს, დავხელოვნდები საკუთარ პროფესიაში და ა.შ., – რომ უკეთესი სამსახურის შოვნის მეტი შანსი მქონდეს.

კარგი ფასეულობები:

1) დაფუძნებულია რეალობაზე;

2) სოციალურად კონსტრუქციულია;

3) უშუალოა და ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.

ცუდი ფასეულობები:

1) მოწყვეტილია რეალობას;

2) სოციალურად დესტრუქციულია;

3) დამოკიდებულია სხვაზე და არაკონტროლირებადია.

პატიოსნება კარგი ფასეულობაა, ვინაიდან მასზე სრული კონტროლი გვაქვს. ის ასახავს რეალობას და სასარგებლოა გარშემო მყოფთათვის. ცუდი ფასეულობის მაგალითია პოპულარობა. თუ სწორედ ის აქციეთ საზრისის ქვაკუთხედად და კრიტერიუმად აირჩიეთ, მაგალითად, პარასკევ საღამოს „ბასიანზე“ ყველაზე უკეთ ცეკვავდეთ და გამოიყურებოდეთ, მასთან დაკავშირებული მოვლენების უმრავლესობა თქვენზე საერთოდ არ იქნება დამოკიდებული: თქვენ არ იცით, კიდევ ვინ მოვა და რამდენად მომხიბლავი ან კარგი მოცეკვავე იქნება. ამასთანავე, თქვენი შეფასებები სუბიექტურია: შესაძლოა, გეგონოთ, რომ კარგად ცეკვავთ და გამოიყურებით, სინამდვილეში კი პირიქით იყოს (ცეკვის დროს ხშირად მგონებია, რომ სხეულში დიონისე ჩამისახლდა და მიწაზე ფეხს არ ვადგამ, მეორე დღეს კი მეგობრის ტელეფონით გადაღებული ცეკვა ჩვეულებრივი „ფაზერს დენსი“ აღმოჩენილა, რომლის ყურებაც ნაბახუსევზე, მერწმუნეთ, განსაკუთრებით მძიმე გამოცდილებაა).

კარგი ფასეულობები ყოველთვის შინაგან დონეზე, გარეშე მოვლენების დაუხმარებლად რეალიზდება. შეგიძლიათ, მათით ხელმძღვანელობა ამ წუთიდანვე დაიწყოთ. საკმარისია, თავი განაწყოთ საამისოდ. ისინი რეალობასთან კავშირს გვინარჩუნებენ და ჩვენს გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულნი, განსხვავებით ცუდი ფასეულობებისგან, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა კერძო თვითმფრინავის ყოლა და ადამიანებისგან გამუდმებით იმის მოსმენა, რა ლამაზი და ჭკვიანი ხართ. სადღაც ახლომახლო ჯაკუზის ქონაც იქნება აუცილებელი მასში პერმანენტულად სამი შიშველი ქალის ყოლით. აქ უცებ შემეშინდა, არავის ეგონოს, თითქოს მე ეს არ მინდა – ძალიან მინდა, მაგრამ საქმე უფრო პრიორიტეტშია და კანონზომიერებაში, რომლის თანახმად, მატერიალურ სიკეთეებზე გადაჭარბებული კონცენტრაცია უფრო მეტად გვაღარიბებს როგორც მატერიალური, ისე მორალური თვალსაზრისითაც. ამასთანავე, კარგი ფასეულობა ყოველთვის ჩვენზეა დამოკიდებული, ცუდი კი უამრავ ისეთ ფაქტორს გულისხმობს, რომლებზეც არავითარი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდი ფასეულობები განაპირობებს კონკრეტულ მდგომარეობასა და სტატუსზე არაჯანსაღ მიჯაჭვულობას. ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ნებისმიერ გადახვევას მოაქვს ნეგატიური სტრესი (დისტრესი), რომელიც ტვინის ენერგიის უზარმაზარ რესურსს ნერვიულობაში ანუ არაფერში ხარჯავს, მაშინ როდესაც, ფსიქოლოგიაში მომხდარი ბოლოდროინდელი აღმოჩენების თანახმად, სტრესის მართვა – სასოწარკვეთილების საპირისპიროდ – რაციონალურად ანაწილებს ტვინის შეზღუდულ ენერგიას, აძლიერებს კოგნიტიურ ფუნქციებს და აღძრავს კრეატიულობას. ჯანსაღი ფასეულობების მქონე ადამიანის ტვინში სტრესი წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს და ახალ იდეებს, აზრებს და შეხედულებებს აჩენს.

ცუდი ფასეულობების ყველაზე უარყოფითი შედეგი მაინც ხელის მოცარვის შიშია. თუმცა აქ გარემოც ასრულებს თავის როლს – სკოლა და, საზოგადოდ, განათლების სისტემა, მშობლები და, რა თქმა უნდა, მასმედია. შედეგად სიკვდილივით გვეშინია წარუმატებლობის, გავურბივართ მას, ვირჩევთ მხოლოდ ნაცად მეთოდებს და გათელილ გზას, რაც, ცხადია, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას ივან ილიჩის მოსაწყენ და ტრივიალურ ყოველდღიურობად აქცევს.

ნამდვილ წარმატებას მხოლოდ იქ ვაღწევთ, სადაც წარუმატებლობის არ გვეშინია. თუ წარუმატებლობისთვის მზად არ ვართ, ესე იგი მაინცდამაინც არც წარმატება გვჭირდება.

გასული კვირა პიკასოს გარდაცვალების წლისთავია, რომელმაც 91 წლამდე იცოცხლა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ხატავდა. მას მიზნად რომ დაესახა, გამხდარიყო „ცნობილი“ ან „სხვა მხატვრებზე მდიდარი“, ან თუნდაც „დაეხატა ათასი ნახატი“, მის ცხოვრებაში აუცილებლად დადგებოდა სტაგნაცია. მხატვარი ეჭვებსა და შფოთვაში ჩაეფლობოდა, ვეღარ განვითარდებოდა და ათეულობით წლის განმავლობაში ვეღარ გამოძებნიდა შემოქმედების რეალიზაციის ახალ გზებს. მან წარმატებას იმავე მიზეზით მიაღწია, რა მიზეზითაც სიამოვნებით ხატავდა კაფეებში, ხელსახოცებზე. მისი მთავარი ფასეულობა უბრალო და მოკრძალებული იყო და არ ითვალისწინებდა სრულყოფილებას ანუ დასასრულს. მიუხედავად ამისა, პიკასო იმ იშვიათ მხატვართაგანია, რომლებიც სიცოცხლეშივე მდიდრები და აღიარებულები გახდნენ. ჯაკუზიც ჰქონდა და არც მასში ჭყუმპალაობის მსურველთა სიმცირეს უჩიოდა.

სტატიები, რომლებიც სამსახურის დაკარგვას ეხება, როგორც წესი, იმ მოქმედებათა ჩამონათვალით სრულდება, რომლებიც სასოწარკვეთილებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება. ჩემი აზრით კი, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ფასეულობების გადახედვა და გაჯანსაღებაა, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად გვიკარნახებს ბრძოლის სტრატეგიას და ყურებს არ ჩამოგვაყრევიებს, მაგრამ ტრადიცია ბოლომდე რომ არ დავარღვიო, წერილს მეც ჩამონათვალით დავასრულებ, ოღონდ იმის ჩამონათვალით, რა შედეგს გამოიღებს – აუცილებლად და უგამონაკლისოდ – სწორი ფასეულობების ქონა:

* არასდროს გაგათავისუფლებენ სამსახურიდან, ყოველთვის თავად გადაწყვეტთ წამოსვლას.

* არასდროს დარჩებით უსაქმოდ/უსაზრისოდ, განურჩევლად იმისა, გაქვთ სამსახური თუ არა.

* ყოველი ახალი სამსახური წინაზე უკეთესი იქნება.

* ყოველი წლის ბოლოს ისე იქნებით შეცვლილი უკეთესობისკენ, საკუთარ თავს ვერ იცნობთ.

 

განხილვა